in ,

Formula 118 – ახალი ავტოსამრეცხაო თბილისში, რომლის ბრენდინგზეც Windfor’s-მა იმუშავა

Startauperi
Startauperi

Formula 118 ახალი ავტოსამრეცხაოა თბილისში, რომელიც სამი თვეა, ფუნქციონირებს, წერეთლის 118 ნომერში. მარკეტერი ესაუბრა Formula 118-ის ერთ-ერთ პარტნიორს – რესან ქიქავას ბრენდის სახელზე, კონცეფციასა და მომსახურებაზე, ხოლო Windfor’s-ის კლიენტთა მომსახურების დირექტორ თამარ ცინცაძეს – Formula 118-ის ბრენდინგზე მუშაობის პროცესში, მათს მარკეტინგულ ამოცანაზე, ლოგოტიპით ბრენდის კონცეფციის გამოხატვასა და ფერების სიმბოლურ მნიშვნელობაზე.

M: Formula 118-ს რა კონცეფცია აქვს და რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
რესან ქიქავა: ფორმულა 1-ზე ავტორბოლის დროს მრბოლელებისთვის მოწყობილია ე.წ. pit stop-ები, სადაც მანქანებს სხვადასხვა სერვისს უწევენ. ბევრს უნახავს რამდენიმე წამში, მანქანის ოთხივე საბურავის გამოცვლის შთამბეჭდავი სანახაობა. ეს შესაძლებელი გახდა პროცესის მაქსიმალური დეტალიზაციის, ოპტიმიზაციისა და კონტროლის საშუალებით. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის ამ კომპონენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ გვინდოდა, ფორმულა 1-ზე სწორება. 118-ს რაც შეეხება, ეს არის ჩვენი პირველი pit stop-ის მისამართის ნომერი – წერეთლის გამზირი N118.

M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა და რა გადაწყვეტა მოუძებნეთ?
თამარ ცინცაძე: „ფორმულა 118“-ის მარკეტინგული ამოცანა, დასამახსოვრებელი და თანამედროვე ვიზუალური იდენტობის შექმნა იყო, რომელიც ადეკვატური იქნებოდა იმ მაღალი სერვისისა და გუნდურობის, რასაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებლებს. ბრენდინგზე დიზაინის შექმნისას, უნდა გაგვეთვალისწინებინა სივრცე, რომელიც სპონსორებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და ასევე, უნდა მოგვეფიქრებინა ნიშნულები, რაც სამრეცხაოს ქუჩის მხრიდან ადვილად შესამჩნევს გახდიდა.M: რა არის ბრენდის კონცეფცია?
რესან ქიქავა: ჩვენი მიზანია ავტოსამრეცხაოების პირველი ქსელის შექმნა ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ ფრანჩაიზინგის საშუალებით, ქვეყნის გარეთ ოპერირება. ამ მიზნით, ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ტექნიკასა და სარეცხ-საშუალებებს, ვაკონტროლებთ მათი გამოყენების წესებს, ვახდენთ პროცესების სტანდარტიზებას, ვქმნით ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ჩვენი მომხმარებელი ერთნაირად ხარისხიან მომსახურებას მიიღებს ნებისმიერ pit stop-ზე.
გარდა ამისა, ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კომფორტს მანქანის რეცხვის პროცესში. ობიექტებს ვარჩევთ პარკებთან, სავაჭრო ცენტრებთან, საკვებ ობიექტებთან ახლოს, რომ მომხმარებელმა რეცხვისთვის განკუთვნილი დრო ხარისხიანად გაატაროს. ყველა ობიექტს ჰყავს მენეჯერი, რომელიც იბარებს მანქანის გასაღებს და პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე გარეცხვის ხარისხზეც. როგორც მოგახსენეთ, პირველი ობიექტი არის გამოფენის პარკის ტერიტორიაზე, იქვეა კაფე, 2 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა რესტორანი „ტერასა“. მეორე ობიექტი იქნება კუს ტბაზე, კვების ობიექტები იქაც ახლოს არის. M: ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ ბრენდის კონცეფცია?
თამარ ცინცაძე: ბრენდის სახელმა, პირდაპირ მოგვცა მიმართულება, რომ ეს ავტოსამრეცხაო უნდა ყოფილიყო ფორმულა 1-ის სტილისა და სულისკვეთების, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა დავმსგავსებოდით ლოგოტიპით. კონცეფციაზე მუშაობისას, დიზაინერებმა გააერთიანეს ის სამი ძირითადი ცნება, რაც ორგანულად უკავშირდება ავტომობილებსა და ავტოსამრეცხაოს: რბოლა, სისწრაფე და წყალი/სისუფთავე. რბოლა აისახა ლოგოში, დროშების გამოყენებით, ხოლო სისწრაფე და წყალი გაერთიანდა საფირმო სტილის მთავარ გრაფიკულ ელემენტში, რომელიც მოქნილი სიმბოლოა და გამოიყენება სხვადასხვა მასალაზე.

M: ბრენდინგის ფოტოებზე Coca-cola, mobil, western union, რატომ არის დატანილი?
რესან ქიქავა:
ფორმულა 118-ის პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაბრენდონ ავტოსამრეცხაოს ცალკეული ბოქსები, ასევე, თავიათი ბრენდი მოათავსონ თანამშრომლების უნიფორმებზე და ჩვენს მომხარებლებს გაუკეთონ სპეციალური შეთავაზებები. დასახელებული კომპანიები ჩვენი პარტნიორები არ არიან (ფოტოებზე მათი განთავსება ვიზუალის სადემონსტრაციოდ დასჭირდა სააგენტოს). ამ ეტაპზე, ვთანამშრომლობთ ბილაინთან, მოგოსთან, M კვადრატთან, ანაგთან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლიბერთი ბანკთან. M: ფერები რა პრინციპით შეარჩიეთ, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?
თამარ ცინცაძე:
ბრენდინგისას გამოვიყენეთ ლურჯი, შავი, ნაცრისფერი და ყვითელი. ფერების არჩევისასაც ავტორბოლა, სისუფთავე და წყალი იყო ინსპირაცია.

M: Formula 118-ს რა უპირატესობა აქვს ბაზარზე?
რესან ქიქავა: ყველა ჩვენს ობიექტში მანქანის რეცხვა ხორციელდება მხოლოდ მაღალი ხარისხის, არატოქსიკური სარეცხი საშუალებების გამოყენებით და შედეგი მოწმდება მენეჯერების მიერ. ქიმწმენდას და ორთქლის აპარატით დამუშავებაც ხორციელდება მხოლოდ გერმანული ტექნიკისა და ქიმიის გამოყენებით, რაც არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ დეზინფექციას უტარებს მანქანის სალონს და კლავს ალერგიისა და სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
რესან ქიქავა: ფასებს ვარგებთ იმ გარემოს, სადაც იხსნება ჩვენი ობიექტი, კონკურენციის გათვალისწინებით. ხარისხის ხარჯზე ფასებს დაბლა არ დავწევთ და არც სწრაფი მოგების მიზნით დავადებთ მაღალ ფასს. ჩვენი მიზნები არის გრძელვადიანი და ამის მისაღწევად, გვინდა მოხმარებლების ნდობისა და ლოიალურობის მოპოვება, რასაც ვერც დაბალი ხარისხით და ვერც მაღალი ფასით მოვახერხებთ. 

 

Credits

Creative Director: Bibi Asatiani
Account Executive: Tamar Tsintsadze
Graphic Design: Ruslan Beridze, Zakharia Mesropov
Art Director: Matassi Sulakauri

კიდევ ერთი ბავშვის საწოლი, მოძრავი ავტომობილის ეფექტით – ამჯერად უკვე Renault-ისგან

მე ვარ ქართული წითელი! ღვინის ახალი ბრენდი, რომელზეც დიზაინ სტუდია Kollektiv-მა იმუშავა