Formula E-მ ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა, რომელმაც ჩემპიონატის მომდევნო ეტაპს უნდა გაუსვას ხაზი. რებრენდინგზე ლონდონურმა კრეატიულმა სტუდია MOX-მა იმუშავა, ხოლო მთავარი იდეა Formula E-ს ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ენერგიის მართვასა და სიჩქარეს დაეფუძნა.
ახალი იდენტობა სტატიკური სისტემის ნაცვლად მოძრაობაზეა აგებული. დიზაინი შეიძლება შეიცვალოს, დაიძრას და რიტმი რბოლის სიჩქარეს მოარგოს. სწორედ ეს მიდგომა უნდა დაეხმაროს Formula E-ს, რომ ეკრანზე, ტრანსლაციაში, ციფრულ პლატფორმებსა და ცოცხალ ღონისძიებებზე უფრო ერთიანი და ამავდროულად მოქნილი ხასიათი შეინარჩუნოს.
რებრენდინგი იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ჩემპიონატი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იცვლება. ახალი თაობის GEN4 მანქანა, ყველაზე მასშტაბური გლობალური კალენდარი, Disney+-თან ახალი პარტნიორობა და ახალი ფორმატი E-Prix Unleashed Formula E-სთვის მომდევნო ეტაპის დასაწყისად განიხილება.
MOX-მა იდენტობის თითქმის ყველა ელემენტი თავიდან გადაამუშავა: ლოგო, წარწერა, აიკონი, ტიპოგრაფია, ფერთა სისტემა და სატელევიზიო გრაფიკა. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ახალი სიმბოლოა. მისი ფორმა 30-გრადუსიან კუთხეზეა აგებული, რაც მას წინ მიმართულ მოძრაობასა და დაძაბულობას მატებს. პირველივე შეხედვით ასო „E“ იკითხება, ხოლო „F“ მის შიგნით მეორე დაკვირვებისას ჩნდება.
ტიპოგრაფიისთვისაც ცალკე სისტემა შეიქმნა. Formula E-სთვის სპეციალური ფონტების ოჯახი All Purpose Studio-სთან თანამშრომლობით დამზადდა და სხვადასხვა გამოყენებას სხვადასხვა ხასიათი აქვს. Turbo Mode უფრო შეკუმშული და დახრილია და მაქსიმალური სიჩქარის შეგრძნებას ქმნის. Micro Mono ტექნიკური მონაცემებისთვის, დროის აღნიშვნებისა და კოდებისთვის გამოიყენება, ხოლო Inter უფრო გრძელი ტექსტებისთვის რჩება.
ახალი იდენტობის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, Formula E უბრალოდ „უფრო თანამედროვე“ არ გამხდარიყო. MOX-ის კრეატიული დირექტორის, მეტ ბოლტონის თქმით, მიზანი ისეთი ვიზუალური ენის შექმნა იყო, რომელიც ცოცხალი, არაპროგნოზირებადი და მუდმივად მოძრავი იქნებოდა. ამიტომ, მთლიან სისტემაში ერთმანეთს უპირისპირდება კონტროლი და ქაოსი, სიზუსტე და ინსტინქტი. ეს წინააღმდეგობა რბოლის ბუნებასაც იმეორებს, სადაც ტექნიკური კონტროლი და სპონტანური გადაწყვეტილებები ერთმანეთის პარალელურად მუშაობს.
Formula E-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი იდენტობა მხოლოდ რბოლის მაყურებელს არ ელაპარაკებოდეს. სისტემა თავიდანვე გათვლილია სტრიმინგზე, თამაშებზე, მერჩზე, ციფრულ პლატფორმებზე, ღონისძიებებსა და პარტნიორულ კომუნიკაციაზე.
ამასთან, მდგრადობა აქ ცალკე მორალურ გზავნილად კი არ არის წარმოდგენილი, არამედ უშუალოდ შესრულების ნაწილად. იდეა ასეთია: ელექტრიფიკაცია და ტექნოლოგიური ინოვაცია არ უნდა გამოიყურებოდეს როგორც სიჩქარესთან დაკავშირებული კომპრომისი. პირიქით, ისინი თავად უნდა გახდნენ პროგრესისა და უკეთესი შედეგის წყარო.
ახალი იდენტობა ერთდროულად ძველი გულშემატკივრების შენარჩუნებასაც ცდილობს. ამიტომ, Formula E-ს ძირითადი ღირებულებები, ინოვაცია, პროგრესი და კონკურენცია, უცვლელი რჩება, თუმცა მათი ვიზუალური გამოხატვა უფრო თამამი და მოქნილი ხდება.
Formula E-ს მარკეტინგის ხელმძღვანელის, ელი ნორმანის თქმით, წინა იდენტობა ჩემპიონატის განვითარების უფრო ადრეულ ეტაპს შეესაბამებოდა, ახალი სისტემა კი უკვე იმ მასშტაბს და ამბიციას უნდა ასახავდეს, რომელზეც Formula E დღეს გადადის.
რებრენდინგი სრულად 2026/27 წლების სეზონამდე გავრცელდება.
Formula E-ს ახალი იდენტობის მთავარი იდეა საბოლოოდ საკმაოდ პირდაპირია: თუ თავად სპორტი სიჩქარეს, ტექნოლოგიასა და მუდმივ ცვლილებას ეფუძნება, ბრენდიც იმავე რიტმით უნდა მოძრაობდეს.












