არსებობს სურათები, რომელთა გადასაღებადაც ფოტოგრაფები წლები მუშაობენ, ისინი შესაბამის მომენტს თვეების განმავლობაში ელოდებიან. არწივების სურათი კი სწორედ მსგავსი პროცესის შედეგია. ფრინველების ფოტოგრაფიით გატაცებული რაჯივ მონგია ჰაერში ორი არწივის გამოჩენას მოთმინებით ელოდა. დიახ, სურათი თავდაყირაა, როგორც ჩანს, ფრინველი ციდან ჩამოვარდებოდა, მეორეს დროულად რომ არ დაეჭირა…
საინტერესოა ისიც, რომ მონგიამ ველური ბუნების გადაღება პატაგონიაში მოგზაურობის შემდეგ, 2017 წელს დაიწყო.
„ჩემთვის გასაოცარი აღმოჩნდა იმ განსაკუთრებული მომენტის დაჭერის მცდელობა, რომელსაც ადამიანები პროფესიონალთა ფოტოებში ხედავენ. ამაზე მუშაობა დავიწყე და მალევე მივხვდი თუ რამდენ მოთმინებას, მომზადებას, ტექნიკური უნარების ცოდნასა და შესაფერისი კადრისთვის საჭირო იღბალსაც მოითხოვდა“, — ამბობს მონგია.
პანდემიის დროს კი ფოტოგრაფია მონგიას სახლიდან თავის დაღწევასა და კარგი გამოცდილებების მიღებაშიც ეხმარებოდა. მსგავსად, იმ კადრებზე ფიქრიც დაიწყო, რომლის გადაღებასაც ისურვებდა.
„გასაოცარი იყო წყნარ ოკეანეში იმის დანახვა, თუ როგორ გაერთიანდნენ არწივები ცაში. მე მათი უამრავი ლამაზი სურათი აღვბეჭდე, როგორ იჭერენ ისინი თევზს, როგორ იტაცებენ იხვებს, თუმცა მათი ურთიერთობის ამსახველი კადრების დაფიქსირება ვერ მოვახერხე“, — აცხადებს მონგია.
მართალია, მას სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებში მსგავსი გამოსახულებები უკვე ნანახი ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, თავად როდის და სად შეძლებდა მსგავსი კადრის გადაღებას. ამიტომ, ფოტოგრაფ მარკ სმიტს მიმართა, რომელსაც არწივების არაერთი შესანიშნავი კადრი აქვს გადაღებული და მისგან საინტერესო რჩევებიც მიიღო. ტექნიკური საკითხების განხილვის შემდეგ კი სურათების გადაღებაზე დაახლოებით 4 საათი დახარჯა.
„სცენა გიჟური იყო, იმ ადგილზე 20-30-მდე არწივი, 10-20-მდე დიდი ლურჯი ყანჩა, თოლიები და ყვავები იყო. ყველა მათგანს თევზის დაჭერა სურდა. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ვერ ვიაზრებდი, რას ვიღებდი და არ მყოფნიდა დრო სურათების გადასახედად, რადგან ყოველ ჯერზე, როცა სადმე გავიხედავდი, სხვა არწივი მოფრინავდა“, — განმარტავს ფოტოგრაფი.
ამ დღეს მან 5000-მდე სურათი გადაიღო, დათვალიერებისას კი მიხვდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კადრი გამოტოვა… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან „ჯადოსნური მომენტის“ დაფიქსირება მაინც მოახერხა — ეს შესანიშნავი მოქმედება იყო, ერთი არწივი მეორეს იჭერდა… დიახ, ეს იყო კადრი, რომლის გადასაღებადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა.