სააგენტო DDB-მ Getty Images-სთვის ახალი, საკმაოდ მძიმე კონტენტის მატარებელი პრინტ კამპანია შექმნა. ფოტოებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სააგენტოს საუკეთესო ფოტოგრაფებმა იმუშავეს და ნამდვილად კარგად წარმოაჩინეს ადამიანის დაუნდობელი ბუნება. მძიმე თემატიკებზე შექმნილი პოსტერების მთავარი ამოცანა, საზოგადოებაში მათ მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. რას იწვევს გაუთავებელი საომარი მოქმედებები და კონფლიქტები? – გაუბედურებულ ბავშვებს, რომლებიც მცირე ასაკიდანვე იძულებით იღებენ იარაღს ხელში. რა შედეგი მოყვება ბუნების მოუფრთხილებლობას? – საშინელი დაბინძურება, რასაც უამრავ პრობლემამდე და რაც ყველაზე უარესია, გლობალურ დათბობამდე მივყავართ. ადამიანის გაუმაძღარი ბუნების კიდევ ერთი სამწუხარო შედეგი უამრავი გადაშენებული ცხოველის უნიკალური ჯიშია. ეს მძიმე ფოტოები იმ აქტუალურ სოციალურ საკითხებს გამოხატავს, რისი გაუმჯობესების საშუალებაც თითოეულ ადამიანს აქვს.



















