in

10 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ფოტოების SEO ოპტიმიზაციისთვის

ფოტოები არა მხოლოდ თქვენს კონტენტს ამდიდრებს და მომხმარებლისთვის მიმზიდველს ხდის, არამედ ისინი მნიშვნელოვანია SEO-სთვის. გამოსახულების ოპტიმიზაციის საფუძვლების გააზრება თქვენს კონტენტს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს წარმატების მისაღწევად SEO-ში.

რა არის ფოტოს ოპტიმიზაცია?

გამოსახულების ოპტიმიზაცია გულისხმობს მაღალი ხარისხის სურათების შექმნას და მიწოდებას იდეალურ ფორმატში, ზომასა და გარჩევადობაში, მომხმარებლის ჩართულობის გაზრდის მიზნით. ის ასევე გულისხმობს სურათების მეტამონაცემებით ზუსტად მარკირებას, რათა საძიებო სისტემამ შეძლოს მათი წაკითხვა და გვერდის კონტექსტის გაგება.

HTTP არქივის მიხედვით, 2018 წელს, სურათები შეადგენდა საშუალო ვებგვერდის მთლიანი წონის 21%-ს და ეს წილი სავარაუდოდ გაიზარდა, რადგან სურათების გამოყენებაც გაიზარდა ბოლო წლებში – ისინი მოიხმარენ უფრო მეტ ბაიტს, ვიდრე ვებსაიტის ნებისმიერი სხვა ნაწილი. ამრიგად, სურათის ზომა და სირთულე ძლიერ გავლენას ახდენს საიტის მუშაობაზე.

როდესაც თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ სურათების ზომა ხარისხის კომპრომისის გარეშე, გვერდის ჩატვირთვის დრო და მომხმარებლის საერთო გამოცდილება გაუმჯობესდება. ამან შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს საძიებო სისტემების რეიტინგზე, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს მომხმარებელთა ჩართულობას, კონვერტაციასა და მათ შენარჩუნებას.

რა ნაბიჯებია საჭირო ფოტოებით SEO-ს ოპტიმიზაციისთვის:

1. შეამცირეთ ფოტოების ზომა

ფოტოსა და ფაილის ზომა ერთი და იგივე არ არის. სურათის ზომა პიქსელებით იზომება, ფაილის ბაიტებით (მაგ.350 კილობაიტი). უფრო მაღალი გარჩევადობისა და უფრო დიდი ზომების მქონე სურათები მნიშვნელოვნად ანელებს თქვენი გვერდის ჩატვირთვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგად მუშაობს ბეჭდურ მასალებზე, ფოტოები ვებისთვის უნდა იყოს შემცირებული იმ ზომაზე, რასაც თქვენი ვებგვერდი მოითხოვს.

ასევე ყურადღება ფორმატსაც უნდა მიაქციოთ. PNG და JPEG ყველაზე გავრცელებულია. უნდა იცოდეთ, რომ ფერებით დატვირთული ფოტოებისთვის JPEG გირჩევნიათ, ხოლო PNG გამოდგება მარტივი სურათებისთვის. შეგიძლიათ გიფების გამოყენებაც.

2. სურათის ფაილების სახელების ოპტიმიზაცია

დაასახელეთ ფაილი შესაბამისი, აღწერითი საკვანძო სიტყვებით, რათა მიიღოთ SEO-ს მაქსიმალური ძალა. ჩართეთ სამიზნე საკვანძო სიტყვები დასაწყისში და გამოყავით ისინი დეფისებით. 

ფაილის სახელებს მნიშვნელობა აქვს როგორც საძიებო სისტემებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც მას ინტერნეტში იპოვიან. მაგალითად, თუ თმის სალონში ქალის გამოსახულების ორიგინალური სახელია salon234.jpg, გადაარქვით მას მკაფიო და უფრო აღწერითი სათაურით, როგორიცაა woman-having-a-haircut-in-a-salon.jpg.

3. გამოიყენეთ alt ტეგები

მომხმარებელმა შეიძლება შეხედვითვე აღიქვას და გაიგოს ფოტოს შინაარსი, მაგრამ საძიებო სისტემებს მინიშნებები სჭირდება. ალტერნატიული ტექსტის გარეშე, საძიებო სისტემებს არ შეუძლიათ თქვენი სურათის შინაარსის ზუსტად ინდექსირება.

კარგი alt ტეგი უზრუნველყოფს კონტექსტს და ეხმარება მხედველობით დაქვეითებულ მომხმარებლებსაც. ასევე სასარგებლოა, გვერდის რეიტინგის ინფორმირებისთვის. დაწერეთ alt ტეგი უფრო დეტალურად, ვიდრე ფაილის სახელი. ეს შეიძლება იყოს 10-დან 15-მდე სიტყვა, რომელიც გადმოსცემს მთავარ სათქმელს ფოტოს შესახებ.

4. მოარგეთ ფოტოები მობილურს

Google-ის ალგორითმი იყენებს მობილურ ინდექსირებას, ამიტომ სისტემა ძირითადად უყურებს საიტის მობილურ ვერსიას. ამრიგად, თქვენი სურათები ასევე უნდა იყოს მობილურისთვის მოსახერხებელი. ზოგიერთი ვებსაიტის შაბლონი ავტომატურად ცვლის სურათებს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სურათის ზომა მოწყობილობის სიგანეზე დაყრდნობით. ამისათვის დაამატეთ ცოტა მორგებული CSS კოდი თქვენს ვებსაიტზე.

5. სურათის სათაურის ოპტიმიზაცია

თუ მუშაობთ WordPress-ზე, ის ჩვეულებრივ იღებს სურათის სათაურს მისი ფაილის სახელიდან. თუმცა, თუ არ იყენებთ WordPress-ს ან სათაური არ ხსნის სურათს, განაახლეთ იგი შესაბამისი საკვანძო სიტყვებით ისევე, როგორც ამას აკეთებთ ფაილის სახელების შემთხვევაში.

გამოსახულების სათაურები ნაკლებად მნიშვნელოვანია SEO-სთვის, მაგრამ მათ შეუძლიათ დამატებითი კონტექსტი უზრუნველყონ ალტერნატიული ტექსტისთვის. გამოსახულების სათაურები უფრო სასარგებლოა მომხმარებლის ჩართულობის თვალსაზრისით, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოკლე მოწოდებას დაამატებთ, როგორიცაა „იყიდე ახლა“ ან „ჩამოტვირთე დღეს“.

6. ჩართეთ წარწერები

პირდაპირ ფოტოს ქვეშ გაკეთებულმა წარწერამ შეიძლება SEO-ზე არ მოახდინოს დიდი ზეგავლენა, მაგრამ ის ერთგვარი სუბტიტრის ფუნქციას ითავსებს, რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება და ჩართულობის მეტრიკა.

7. გამოიყენეთ უნიკალური ფოტოები

ე.წ. სტოკის ფოტოების გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ვერ გაძლევთ გარანტიას, რომ დაეხმარება თქვენს ძიების რეიტინგს. იმავე სურათებს ხომ სავარაუდოდ სხვა ვებსაიტებიც იყენებენ. როგორც უნიკალური წერილობითი შინაარსია კარგი SEO-სთვის, ისეა უნიკალური სურათების ატვირთვაც კარგი იდეა.

8. დარწმუნდით, რომ ტექსტი ავსებს სურათებს

საიტის ქოფი ეხმარება საძიებო სისტემებს დაადგინონ თქვენი სურათების შესაბამისობა. თუ ტექსტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სურათის ასახსნელად, გააფართოვეთ აღწერა.

9. დაამატეთ ფოტოს სტრუქტურირებული მონაცემები

თქვენს გვერდებზე სტრუქტურირებული მონაცემების ჩართვა საძიებო სისტემებს ეხმარება მდიდარი შედეგების მოტანაში. Google Images მხარს უჭერს სტრუქტურირებულ მონაცემებს პროდუქტის სურათებისთვის, ვიდეოებისთვის და რეცეპტებისთვის. 

10. გამოიყენეთ საიტის რუკები

Google განმარტავს საიტის რუკას, როგორც „ფაილს, სადაც შეგიძლიათ ჩამოთვალოთ თქვენი საიტის გვერდები, რათა აცნობოთ Google-სა და სხვა საძიებო სისტემებს თქვენი საიტის კონტენტის შესახებ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ფაილი, რომელიც შეიცავს თქვენი საიტის შინაარსის რუკას.

საიტის რუკები SEO-ს მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ისინი საძიებო სისტემებს ეუბნება თქვენი გვერდებისა და ვებგვერდის სტრუქტურის შესახებ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ საძიებო სისტემებმა შეამჩნიონ ყველა სურათი – ინფოგრაფიკა, მიმი, ფოტო, ვიდეო და ა.შ. – ჩართეთ ისინი თქვენი საიტის რუკაში.

BTU-ს კოდინგის სკოლა ბავშვებისთვის iOS დეველოპმენტის შესასწავლად

ეუბნებით თუ არა თქვენს თანამშრომლებს, რომ მათ შრომას აფასებთ?