in

მონატრებული აფხაზეთი სტარტაპ “ლავლაინის” ფოტოსესიაში

სოხუმი

წარმოიდგინე დილა, როდესაც ჯდები ტრანსპორტში და მიდიხარ იქ, სადაც 26-ე წელია არ ყოფილხარ – აფხაზეთში. ძნელია, გული ყელში არ მოგებჯინოს და ცრემლების შეკავება შეძლო ამის გაფიქრებაზე… არ წარმოიდგინო ადგილები, სადაც გქონდა სახლი, სადაც, ქუჩაში გასულს, არავინ მოგიშვერდა იარაღს. სადაც ბედნიერი იყავი… მათ, კი ვინც არასოდეს ვყოფილვართ აფხაზეთში, რადგან, უბრალოდ, ომის დროს ან მის შემდეგ დავიბადეთ, ბავშვობიდან გვესმის ცრემლნარევი ხმით ნაამბობი მოგონებები სოხუმზე, გაგრაზე, ლიძავაზე, რიწის ტბაზე, ულამაზეს მთებზე, ყველაზე კამკამა ზღვაზე… დროდადრო, “შეპარვით” გადაღებულ ფოტოებს თუ ვიდეოებს ვუმზერთ ინტერნეტში და გვჯერა (უბრალოდ, შეუძლებელია, არ გვჯეროდეს), რომ ერთ დღესაც მართლაც ჩავსხდებით მატარებელში და გავივლით გზას, რომელიც ზღვის სანაპიროს მიუყვება…

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში ფოტოსესია ტანსაცმლის სტარტაპმა “ლავლაინმა” მოაწყო. ფოტოების გადაღება შეძლეს სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, რიწის ტბაზე… შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ სარისკო გზა იყო ბრენდის კომუნიკაციისთვის:

“აფხაზეთი დღესდღეობით ქართველებისთვის მიუწვდომელია, თაობები ისე იზრდებიან , რომ არ აქვთ ნანახი იქაური სილამაზე. ჩვენ კი ვეცადეთ მისი სილამაზის მცირე ნაწილი მაინც გაგვეზიარებინა. ჩვენი ბრენდის ინსპირაცია არის სიყვარული, თუ როგორ უყურებს შეყვარებული გოგონა სამყაროს, ხალისით და სავსე ფერებით. ბრენდის მთავარი კონცეფციიდან გამომდინარე, ამ გადაღებით გვინდოდა გვეთქვა, რომ სიყვარულს არ აქვს საზღვრები და გვჯერა, რომ სწორედ სიყვარული დაანგრევს ქართველებსა და აფხაზებს შორის გაჩენილ ბარიერს. საბოლოო ჯამში, დაგვრჩა დაუვიწყარი მოგონებები, არაჩვეულებრივი ფოტოები და გაასმაგებული მოტივაცია, რომ მეტად გავავრცელოთ სიყვარული. გვჯერა, რომ სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა არის სწორედ ის გამოსავალი, რაც გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს.”

ნახეთ ფოტოები ნაცნობი და მშობლიური ადგილებიდან…

რესტორანი “ამრა”. ადგილი, სადაც სოხუმში ჩასული ყველა სტუმარი მიდიოდა. რესტორანი, ზღვის საუკეთესო ხედით. აივნებზე, რომელსაც გემების გაბმული სირენა წვდებოდა.

რიწა – მწვანე მთებში ჩაძირული საოცნებო ტბა, რომელიც ბევრს მხოლოდ ფოტოებიდან და სიზმრად გვინახავს. რიწის დაუვიწყარ ფერებს “ლავლაინმა” მკვეთრი ბორდოსფერი კაბა შეუხამა გვირილებით.

ეს ფოტო გაგრაშია გადაღებული. ადგილი აფხაზეთისთვის დამახასიათებელი მოზაიკური გაფორმებით.

ახალი ათონი – ადგილი, სადაც ყველა იღებდა ფოტოს, თუკი გამოსაშვები საღამო ან წვეულება ჰქონდა. სურათიც ამ ნოსტალგიას ეხმიანება.

ახლანდელი პარლამენტი სოხუმში…

ცისფერი ტბა – ულამაზესი იდუმალი ადგილი რიწის ტბამდე…

გაგრა – სასტუმრო “გაგრიფში”.

ბიჭვინთა – გასეირნება პალმებში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

FedEx-ის ფინანსური მარცხი- კომპანია Amazon-თან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს

მეტი “ცუგური სელფი”! – Pedigree-ის კამპანია