ზურა ქართველიშვილის ფოტოგრაფია ქართულ ინტერნეტსივრცეში ბევრისთვის არის ნაცნობი. მისი ნამუშევრები ძირითადად ბუნების პეიზაჟებს, ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობას ასახავს, რომლებშიც ბუნებრივი ფერები, გაშლილი სივრცეები, ლამაზი ხედები და წამიერად დაჭერილი კადრებია გამოსახული. თავად ავტორიც არ მალავს, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული მიმართულება სწორედ ბუნების გადაღებაა და ხშირად ინსპირაციასაც სწორედ გარემოსგან იღებს. მოსწონს სხვადასხვა ადგილის თავისებური ხედვით წარმოჩენა და ამას წარმატებულადაც აკეთებს.
ზურას ურთიერთობა ფოტოკამერასთან წლების წინ, მობილური ტელეფონის კამერით დაიწყო. ფოტოხელოვანი ღიმილით იხსენებს ამ პერიოდს, რადგან მაშინ თვითონ კამერიანი ტელეფონებიც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, არათუ მათი მეშვეობით პროფესიონალური ფოტოების გადაღება.
„თავიდან ვიღებდი ჩემთვის, ასე ვთქვათ, სამოყვარულოდ, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა, მეგობარმა, მათ შორის ჩემზე ბევრად უფროსმაც, მითხრა, რომ საინტერესო ფოტოებს ვიღებდი და მაჩუქეს პირველი ფირიანი აპარატი, რომელმაც შემდეგ ბევრად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ფოტოგრაფიისადმი.
მასთან მუშაობით მივხვდი, რომ უფრო მეტი ფიქრია საჭირო, რადგან მხოლოდ 36 კადრი გაქვს და სანამ ღილაკს დააჭერ, კარგად უნდა დაფიქრდე, არის თუ არა ეს მართლაც ის კადრი, რომელიც უნდა აღიბეჭდოს? შესაბამისად, ფირიანმა აპარატებმა მასწავლა ფიქრი, თუმცა შემდეგ, როგორც უმეტესობა, მეც, რა თქმა უნდა, ციფრულ აპარატზე გადავედი, რადგან ტექნიკურად ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს”, – ზურა ქართველიშვილი, ფოტოხელოვანი.
რაღაც დროის შემდეგ ზურა მიხვდა, რომ ფოტოების გადაღება მისთვის არ არის სამოყვარულო პროცესი და თეატრალურ უნივერსიტეტში, მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით ჩააბარა. თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად, ის ცდილობდა პრაქტიკულადაც მიეღო ახალი გამოცდილებები, ამიტომ სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობას არ ერიდებოდა. იყო როგორც მოდის ინდუსტრიაში, ისე სქელტანიანი ჟურნალის ფოტოგრაფი, ჰქონდა საკუთარი სტუდიაც და მუშაობდა კორპორაციულ შეკვეთებზეც.
„წლების განმავლობაში ვაგროვებდი სხვადასხვა ცოდნას იმისთვის, რომ ბოლოს საკუთარი თავი მეპოვა. ყველაზე მეტად ბუნებასთან სიახლოვე მომეწონა და მივხვდი, რომ თუ გარემოს მიიღებ ისეთს როგორიც არის და მასთან ჰარმონიაში მოხვალ, უკეთ მიხვდები, როგორ დაამყარო ბუნებასთან კომუნიკაცია და როგორ გადაიღო ხარისხიანი ფოტოები”, – ზურა ქართველიშვილი.
როდესაც ზურას ფოტოებს ვათვალიერებთ, მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ ინსპირაცია ამ ხელოვანისთვის ბუნება იქნება, მაგრამ თვითონ ავტორი შთაგონების მიღების წყაროს ცოტა უფრო კომპლექსურად გვიხსნის:
„საწყის ეტაპზე ფოტოაპარატს გადავიკიდებდი და გავდიოდი ქუჩებში, დაუგეგმავად ვიღებდი ყველაფერს. გარკვეული დროის შემდეგ ეს ინტერესი გაქრა და უფრო მეტად ვაკვირდები იმას, თუ შინაგანად რისი გადაღება მინდა. ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ხოლმე ის გარემო, სადაც გადასაღებად მივდივარ, ასევე სიტუაცია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგალითად, თუ მივდივარ აფრიკაში და მარტივად აეწყო ყველაფერი: ვიყიდე ბილეთი, ავარჩიე ლოკაცია, ვნახე, როდისაა საუკეთესო პერიოდი აფრიკაში სამოგზაუროდ – ეს ყველაფერი თუ კარგად დალაგდა ერთმანეთზე, ჩემთვის იმის მანიშნებელია ხოლმე, რომ აქ აუცილებლად უნდა წავიდე და ყველაფერი კარგად აეწყობა, მათ შორის ის ემოციაც, რაც მინდა, რომ მივიღო. რაც შეეხება ინსპირაციას, ის მაინც იმაზეა დამოკიდებული, თვითონ გარემო რამდენად მრავალფეროვანია, როგორ წაგიღებს და სად წაგიღებს”.
თავისი ნამუშევრები ზურას ძალიან უყვარს, მაგრამ თუ საქმე მაინცდამაინც პროექტების გამორჩევაზე მიდგა, პირველი ყოველთვის ის ნამუშევრები ახსენდება, რომლის გადასაღებადაც მეტი ენერგია დახარჯა, მაგალითად, მეტი იწვალა, რაღაც ხელისშემშლელი ბარიერები გადალახა და საბოლოოდ მაინც ის შედეგი მიიღო, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. „დაჟინებულობის ხარჯზე მიღებული შედეგი” – ასე გვიხსნის ფოტოხელოვანი ამ დამოკიდებულებას რჩეული ნამუშევრებისადმი.
„ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც მახსენდება, იყო აჭარა. ჩემთვის ეს კუთხე დიდი აღმოჩენა იყო, რადგან ძალიან საინტერესოდ წარიმართა პროცესი და ჯამში 8 თვეც გაგრძელდა. ერთ ადგილზე რამდენიმე საათი ვჩერდებოდი, რომ სინათლე იმ კონდიციამდე მისულიყო, რაც მე მჭირდებოდა. ზოგადად, მარტო ამ პროექტზე კი არა, ნებისმიერზე ამ მიდგომით ვმუშაობ. არ ვუყურებ ჩემს საქმეს, როგორც ხელობას. მაგალითად, მივედი გადაღებაზე, ავიღე რამდენიმე კადრი და ვთქვი: „კაი, შემდეგი”. უფრო ვცდილობ, რომ კარგად შევისწავლო გარემო და კონკრეტული მომენტები, კონკრეტული კადრები ავარჩიო”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი