in

უდიდესი სტარტაპ-აქსელერატორის, Founder Institute-ის პროგრამა საქართველოში იწყება!

Founder Institute (FI) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორია ადრეულ ეტაპზე მყოფი (pre-seed) სტარტაპებისთვის. ის იდეებს დაფინანსებულ სტარტაპებად, სტარტაპებს კი გლობალურ ბიზნესებად აქცევს. დღემდე FI 6000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა, 6 კონტინენტის 200-ზე მეტ ქალაქში. თავად მისი ისტორია კი 2009 წელს დაიწყო, როდესაც სერიულმა მეწარმემ ადეო რესიმ და ჯონათან გრიჩანმა დააარსეს. მათ ცხადად დაინახეს, რომ მეწარმეთა უმეტესობას იდეისა და დაწყების ეტაპებზე არ ჰქონდა სტრუქტურა, უკუკავშირი და მხარდაჭერის ქსელი, რომელიც საჭიროა წარმატებისთვის. 

მიმდინარე წელს კი Founder Institute-მა პირველად დაიწყო თავისი პროგრამა საქართველოში, რასაც მუდმივი  სახე მიეცემა და წელიწადში ორ გამოშვებას უმასპინძლებს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ჰაიკ ასრიანცს, FI Georgia-ს თანადირექტორს დავუკავშირდით.

M: ჰაიკ, კომპანიის ისტორია და მისი შექმნის მიზანი ნათელია, უბრალოდ, რომ გვითხრათ, რა გამოარჩევს მას სხვა აქსელერატორებისგან?

ის, რაც Founder Institute-ს უნიკალურს ხდის, არის ჩვენი მიდგომა და სასწავლო გეგმა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას დამწყები და გამოუცდელი მეწარმეები წარმოადგენენ. მათ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ ბოლომდე ჩამოყალიბებული იდეა ან კომპანია და, საერთოდაც, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ სხვისი დაქვემდებარების ქვეშ. ჩვენი კარი, ასევე, ღიაა იმ მეწარმეებისთვის, ვისაც სტარტაპი უკვე აქვთ და პირველ ნაბიჯებს დგამენ ინდუსტრიაში. როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების აქსელერატორი, ყურადღებას ვაქცევთ ისეთ სტარტაპებსაც, რომლებმაც წინასწარი აქსელერაციის პროგრამები გაიარეს. შესაბამისად, ორი პარალელური მიმართულება გვაქვს — გაშვების მიმართულება (Launch track)  იდეის ეტაპზე მყოფი დამფუძნებლებისთვის, სადაც ფოკუსი  ვალიდაციაზე, გუნდის შექმნასა და ბაზარზე გასვლაზეა; და ზრდის მიმართულება (Growth track), რომელიც განკუთვნილია უკვე არსებული სტარტაპების დამფუძნებლებისა და გუნდებისთვის, სადაც ფოკუსი განვითარებასა და დაფინანსებისთვის მზადებაზეა… 

ოთხთვიანი პროგრამის განმავლობაში, ჩვენი მონაწილეები იდეებზე მუშაობენ, სახელს ურჩევენ საკუთარ სტარტაპს და პროდუქტს, ეძებენ თანადამფუძნებლებს და მუშაობენ ბიზნეს მოდელზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ ადგილობრივი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მენტორები ასწავლიან — გამოცდილი სტარტაპის დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები, ინვესტორები, ტექნოლოგიების, მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსებისა და სამართლის ექსპერტები. სასწავლო პროგრამა ძალიან პრაქტიკულია და პროგრამის მონაწილეებს რეალურად მოუწევთ მენტორებთან მუშაობა, რათა შეძლონ  მომხმარებლების ვალიდაცია (Customer validation), გაუშვან მარკეტინგული კამპანიები, მოიძიონ მრჩევლები, გაუძღვნენ მოლაპარაკებებს, მოამზადონ საინვესტიციო საბუთები და ა. შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც Founder Institute-ს სხვა პროგრამებისგან გამოარჩევს, არის ის, რომ პროგრამის მენტორები ავტომატურად ხდებიან მონაწილე სტარტაპების წილის მფლობელები. ასე რომ, მათ ძლიერი მოტივაცია აქვთ, რომ ყველა სტარტაპმა წარმატებას მიაღწიოს.

M: თქვენი შეფასებით, რა დადებითი გავლენა ექნება Founder Institute-ის პროგრამას საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაზე?

Founder Institute-ის საქართველოში ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ დამფუძნებლებს, დააჩქარონ თავიანთი სტარტაპების ზრდა, მოემზადონ ინვესტიციებისთვის და ისეთი კომპანიებისგან მიიღონ დაფინანსება, როგორებიცაა Y Combinator, Techstars და 500 Global.

M: ქართულ სტარტაპებზე დადებითი გავლენა გასაგებია, მაგრამ თავად რა პოტენციალი ნახეთ აქ?

ქართული სტარტაპ სცენა შედარებით განუვითარებელია, თუმცა ის ძალიან, ძალიან სწრაფად იზრდება. 5-6 წლის წინ სერიოზულად საამაყო არაფერი იყო, მაგრამ ნახეთ, რა გვაქვს დღეს. ქართული სტარტაპები მსოფლიო დონის აქსელერატორებში შედიან — უკვე გვყავს სტარტაპები, ვინც მონაწილეობა მიიღეს ისეთ აქსელერატორებში, როგორებიცაა: Y Combinator (Payze, Theneo), Techstars Berlin (Optio.AI, Shelf.Network), 500 San Francisco (Stack), Berkley SkyDeck (Kvalifika).

ჩვენ, ასევე, გვყავს სტარტაპები, რომლებიც შედარებით მცირე მასშტაბებზე გავიდნენ, მაგრამ მათში ინვესტიცია აშშ-ისა და ევროპის ვენჩურულმა (სარისკო) ფონდებმა (VC Funds) ჩადეს.

ეკოსისტემის სწრაფი ზრდის კიდევ ერთი მაჩვენებელია ისეთი კომპონენტების განვითარება, როგორებიცაა პრე-აქსელერატორები. მაგალითად, Impact Hub Tbilisi, Spark, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და BTU ახორციელებენ მსგავს პროგრამებს. ასევე, შემიძლია დავამატო, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ეკოსისტემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შემოვიდა — Axel – Georgian Business Angel Network, რომელმაც ერთ წელზე ნაკლებ დროში უკვე 6 ქართულ სტარტაპში ჩადო ინვესტიცია.

ფაქტობრივად, FI-ს საქართველოში ამოქმედებით ამ ზრდას ვაძლიერებთ.

M: ვინ არიან საქართველოში თქვენი პარტნიორები?

ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ ქართულ ორგანიზაციასთან, კომპანიასთან და სტარტაპთან — მათ შორის, Payze, B2C, Investo, Grant Thornton Georgia და მრავალი სხვა; ასევე ჩვენი გლობალური პარტნიორები არიან AWS, DocSend, HubSpot, Freshworks და ა. შ., ისინი უზრუნველყოფენ ფასდაკლებებს და უფასო სერვისებს ჩვენი მონაწილეებისთვის.

M: როგორ იზრუნებთ ქართული სტარტაპების განვითარებაზე? და როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება თქვენი წვლილი?

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მეთოდოლოგიამ ხელი შეუწყო როგორც Udemy-ის მსგავსი უნიკორნის შექმნას, ასევე, სწრაფად მზარდი სტარტაპების წარმატებას, როგორიცაა, მაგალითად,  Lily AI… მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი წარმატებული სტარტაპები მხოლოდ სილიკონის ველიდან კი არ არიან, არამედ მთელი მსოფლიოდან — ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ვიეტნამიდან, კოლუმბიიდან. ჩვენი მეთოდოლოგია რეალურად  მუშაობს. რიცხვებში რომ ვთქვათ, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა 1,75 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვეს.

მნიშვნელოვანია, ასევე, გვახსოვდეს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ექსკლუზიურ Founder Lab-ის პროგრამაში მონაწილეობა. ეს არის ვირტუალური პროგრამების სერია, სადაც მონაწილეებს სილიკონ ველის სათავო ოფისიდან რჩევების მიღება შეუძლიათ, რაც მათ განვითარების შემდგომი ეტაპების მიღწევაში დაეხმარება.  ამ პროგრამების მიზანია, ჩვენი პორტფელის კომპანიებთან გავაგრძელოთ სტრუქტურირებული მუშაობა, რჩევების მიცემა და უწყვეტი მხარდაჭერა, ჩვენი ძირითადი პროგრამის დასრულების შემდეგაც.

ასევე, ძალიან ხშირად ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიო დონის აქსელერაციის პროგრამებში აგრძელებენ ზრდას. FI ფართოდ არის ცნობილი სილიკონის ველში და სხვა რეგიონებში, როგორც სტარტაპების მომზადების წყარო, საიდანაც მონაწილეები გზას ისეთ აქსელერატორებში აგრძელებენ, როგორებიცაა Y Combinator, Techstars, 500 Global და ა. შ.

საგულისხმოა, რომ Founder Institute-ის პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა იჩქარონ — განაცხადის დასრულებამდე (30 ოქტომბერი) ცოტა დროა დარჩენილი. შემდეგ კი აპლიკანტებს გადაარჩევენ და 14-კვირიანი პროგრამა 15 ნოემბერს დაიწყება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Cloud აღრიცხვიანობა — თანამედროვე ბიზნესის არჩევანი

ერთი ნახვით მოგწონს, ისტორიის გაცნობით კი გიყვარდება – ამბავი ტაიაკიზე, იაპონურ დესერტზე საქართველოში