in

Founder Institute-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა

პირველად ისტორიაში, Founder Institute საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის და ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სილიკონ ველის ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთონ.

სააპლიკაციო ფორმა უკვე ღიაა და ხელმისაწვდომია ყველა იმ მეწარმისთვის, რომელთაც სურთ, ტექნოლოგიური სტარტაპი დააარსონ და გლობალურ ბიზნესად აქციონ.

Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამები 2009 წლიდან არსებობს და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სტარტაპებს. თუმცა ქართველ მეწარმეებს ამ პროგრამებში მონაწილეობის საშუალება ამ დრომდე არ ჰქონიათ.

მონაწილეობისთვის საკმარისია მხოლოდ ბიზნესიდეა ან საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპი. პროგრამაში ჩართვის შემდეგ, მონაწილე 16-კვირიან სტრუქტურირებულ პროცესს გაივლის და საშუალება ექნება, რჩევები მიიღოს წამყვანი ექსპერტებისგან.

პროგრამა საშუალებას იძლევა, მეწარმემ იდეა სტარტაპად აქციოს, სტარტაპი კი წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნას. მონაწილეებს წვდომა ეძლევათ Founder Institute-ის გლობალურ ქსელთანაც, სადაც სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიებაა შესაძლებელი.

Founder Institute-ის აქსელერატორში საქართველოს ჩართვის აღსანიშნავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა 24 მაისს, 18:00 სთ-ზე.

შეხვედრის სპიკერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აქსელის, ტერმინალისა და სტარტაპ ბიუროს წარმომადგენლები. ისინი მონაწილეებს გააცნობენ, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის რა ხელმისაწვდომი რესურსები არსებობს და როგორ შეიძლება სტარტაპის დაწყება საქართველოში. ღონისძიება ონლაინ გაიმართება და დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

Founder Institute-ის სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებმა დღემდე ჯამში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიზიდეს და წარმატებულ ბიზნესებს უძღვებიან 90-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში. ამ შესაძლებლობებში ქართველი მეწარმეების ჩართვა ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

იტალიური ყავის არომატი თბილისში – არტიზანული ყავა „ბატონებისგან”

UG Limes-ის საზაფხულო ტექნოლოგიურ ბანაკში დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ!