in

როდესაც დამფუძნებელი ახალ ხელმძღვანელს მუშაობის საშუალებას არ აძლევს

საშუალო ზომის კომპანიებში ხშირია შემთხვევა, როდესაც გარიგების დახურვიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ახალი აღმასრულებელი დირექტორი მოულოდნელი გამოწვევის წინაშე დგება. მმართველი გუნდი რეალურად სხვას უსმენს. დამფუძნებელი, რომელიც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ რჩება, ხშირად არაჯანსაღ გავლენას ინარჩუნებს, აფერხებს პროცესებს, ფანტავს ყურადღებას და ეწინააღმდეგება იმ ცვლილებებს, რომელთა განსახორციელებლადაც ინვესტორებმა ახალი მმართველი მიიწვიეს.

კერძო საინვესტიციო ფონდების პრაქტიკაში, სადაც სტარტაპის დამფუძნებელი კომპანიას წლების განმავლობაში მართავდა, ბიზნესის გაყიდვის შემდეგ მას საბჭოს თავმჯდომარედ ან პარტნიორად ტოვებენ. პარალელურად კი იწვევენ პროფესიონალ მმართველს, რომელმაც ღირებულების გაზრდის გეგმა უნდა შეასრულოს. ამ გადაწყვეტილებას სამი მიზეზი განაპირობებს – დამფუძნებლებს პროცესებში დარჩენა სურთ, ინვესტორებს დამფუძნებლების მიმართ კეთილგანწყობილი იმიჯის შენარჩუნება უნდათ, გარშემომყოფებს კი სჯერათ, რომ შემქმნელის სიახლოვე უწყვეტობას უზრუნველყოფს და წარუმატებლობისგან დაზღვევაა. თუმცა კვლევები საპირისპირო რეალობაზე მიუთითებს.

ორასამდე მსგავსი შემთხვევის შესწავლამ აჩვენა, რომ როდესაც წასული ლიდერი საბჭოს თავმჯდომარედ რჩება, ახალი აღმასრულებელი დირექტორი გაცილებით ნაკლებ სტრატეგიულ ცვლილებას აღწევს. დამფუძნებლის დარჩენა გარკვეულ სტაბილურობას ქმნის, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ამას ელიან. ეს მოდელი გაცილებით მეტად აფერხებს მასშტაბურ ზრდას, ვიდრე ვარდნას აზღვევს. შესაბამისად, რისკებისგან თავის დასაცავად შექმნილი კონსტრუქცია რეალურად წარმატების პოტენციალს ანადგურებს.

სხვა კვლევის თანახმად, დამფუძნებლის ჩანაცვლება კომპანიის მოგებიანად გაყიდვის შანსებს ზრდის, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია მაშინ, როდესაც ძველი ლიდერი ბიზნესს სრულად ემშვიდობება. შედეგები გაცილებით უკეთესია, როდესაც დამფუძნებელი მიდის, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს.

რატომ იძაბება ურთიერთობები

ხშირად პრობლემას პიროვნულ შეუთავსებლობას, ორ ამბიციურ ლიდერსა და კომუნიკაციის ნაკლებობას აბრალებენ. თუმცა დაძაბულობის რეალური მიზეზები სტრუქტურულია და ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებზეც კი ახდენს გავლენას.

პირველი ფაქტორი ფსიქოლოგიური საკუთრების შეგრძნებაა. დამფუძნებლისთვის კომპანია საკუთარი თავის გაგრძელება ხდება, ამიტომ უფლებამოსილების დელეგირება მისთვის უსიამოვნო და შემაშინებელ პროცესად აღიქმება. ფინანსური გარიგება იურიდიულ მესაკუთრეს ცვლის, თუმცა ამ შინაგან მიჯაჭვულობას ვერაფერს უხერხებს.

მეორე ბარიერი ავტორიტეტია. როდესაც გუნდს გავლენის ორი სანდო წყარო ჰყავს, ის უპირატესობას იმას ანიჭებს, ვინც უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. დამფუძნებელი კი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე უმეტესად უფრო სწრაფია.

მესამე საკითხი არაფორმალური ანგარიშგება და კომუნიკაციის ხაზებია. ოფიციალური იერარქია შესაძლოა ახალ დირექტორზე გადავიდეს, თუმცა არაფორმალური კავშირები უცვლელი რჩება. თანამშრომლები, რომლებიც თავის დროზე დამფუძნებლის გამო მივიდნენ კომპანიაში, ინფორმაციას კვლავ მას უზიარებენ. შედეგად, ძველმა ლიდერმა შესაძლოა იცოდეს ის, რაც ახალ ხელმძღვანელამდე საერთოდ არ აღწევს.

დაბრკოლებას ქმნის ისიც, რომ ახალი მმართველი მთელ რესურსს დამფუძნებლის გავლენების მართვას ახმარს, რაც მას მთავარი სტრატეგიული ამოცანებისგან აცდენს.

როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა ხელმძღვანელმა

ახალი აღმასრულებელი დირექტორი ამ მოცემულობას საკუთარი სურვილით არ ირჩევს და უმეტეს შემთხვევაში მისი შეცვლაც არ შეუძლია.

სტანდარტული მიდგომა დამფუძნებლის კეთილგანწყობის მოპოვებასა და ნელ ტემპს გულისხმობს, თუმცა ამას თავისი საზღვრები აქვს. ზედმეტი მცდელობა, რომ დამფუძნებელი მუდმივად კმაყოფილი იყოს, ანელებს ცვლილებებს და ხელმძღვანელის ავტორიტეტს ძირს უთხრის. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა გამოყენებაც ვითარების დასალაგებლად არის შესაძლებელი.

კომპანიებში, რომლებიც არაფორმალურ გადაწყვეტილებებს იყვნენ მიჩვეულნი, აუცილებელია მკაფიო მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, სადაც ანგარიშვალდებულება უშუალოდ ახალ დირექტორზე მოდის. ეს გამორიცხავს პროცესს, როდესაც საკითხები ახალი მმართველის გვერდის ავლით წყდება.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არაფორმალური ინფორმაცია კვლავ დამფუძნებელთან მიედინება, ამიტომ ახალმა ხელმძღვანელმა საკუთარი საკომუნიკაციო არხები უნდა შექმნას, შეხვდეს თანამშრომლებს სხვადასხვა დონეზე და გააანალიზოს, რა თემები აღწევს ინვესტორებამდე დამფუძნებლის მეშვეობით. ვითარების სრულფასოვანი ცოდნის გარეშე მოქმედება შეუძლებელია.

დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული პასუხისმგებლობის არეალი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას თავად გამოიგონებს. უმჯობესია მას კონკრეტული პროექტის მართვა ან კონკრეტული მიმართულების მხარდაჭერა დაევალოს მკაფიოდ გაწერილ საზღვრებში.

სასურველია, დავალებები დამფუძნებლის მიმართ დახმარების თხოვნის ფორმით ჩამოყალიბდეს. ამ ფორმით ის საკუთარ მნიშვნელობას უფრო მეტად იგრძნობს და თანამშრომლობაზეც მარტივად წამოვა.

ამასთან, აუცილებელია გულწრფელი საუბარი იმაზე, თუ რას გრძნობს დამფუძნებელი უკანა პლანზე გადასვლისას. როდესაც ის ხედავს, რომ მისი ემოციები ესმით, ახალ ხელმძღვანელს ეძლევა შესაძლებლობა, მასთან ურთიერთობის ტაქტიკა უკეთესად განსაზღვროს და კომპანია რეალურ შედეგებამდე მიიყვანოს.

წყარო: Fastcompany

Apple და LG ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე ერთად მუშაობენ

Apple და LG ჭკვიანი სახლის მოწყობილობების ახალ ხაზზე მუშაობენ