იმუშაო კვირაში მხოლოდ ოთხი დღე, იმავე ანაზღაურებაზე? მეტისმეტად კარგად ჟღერს, სიმართლის პირობაზე. ამ საკითხს ევროპული ეკონომიკა აქტიურად განიხილავს. არა მხოლოდ იმიტომ, რომც მეტი კომფორტი მოაქვს თანამშრომლებისთვის, არამედ სარგებლიანია ბიზნესისთვისაც. ბევრი ევროპული ორგანიზაცია ამცირებს სამუშაო კვირას და ოთხდღიან გრაფიკზე გადადის. ამგვარად, ისინი ამცირებენ თანამშრომელთა გადაღლას, მათი ბედნიერების დონეს ზრდიან, რაც აისახება პროდუქტიულობაზეც და სამუშაოში ჩართულობაზეც.
ოთხდღიანი სამუშაო კვირა ახალი იდეა სულაც არ არის: საფრანგეთმა, მოსახლეობის ცხოვრების ბალანსისთვის, სამუშაო საათები ჯერ კიდევ 20 წლის წინ შეამცირა. საკითხი დღემდე აქტიური განხილვის საგანია. მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ ამგვარად, გაჩნდა დამატებითი სამუშაო ადვილები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამსახურეობრივი და ოჯახური ცხოვრების ბალანსი. კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს მოდელი ფრანგული კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.
ამ თანამედროვე ტენდენციას თამამად პასუხობს ნიდერლანდები, სადაც სამუშაო კვირა, საშუალოდ, 29 საათს შეადგენს. ეს კი ყველაზე მცირე მაჩვენებელია, განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის. ჰოლანდიური კანონი, რომელიც 2000 წელს სამუშაო ძალის ცხოვრებისეული ბალანსის წასახალისებლად მიიღეს, ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას, ორსულობისა და დეკრეტის პერიოდს.
ოთხდღიანი სამუშაო კვირის გარშემო ბევრი ბრიტანული კომპანია ალაპარაკდა. ჰენლის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობით, კვლევაც ჩატარდა, რომელშიც 505 ბიზნესმენი და 2000-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. კვლევის მიზეზი იყო, უკეთ გაეგოთ რა გავლენას მოახდენს ოთხდღიანი სამუშაო გრაფიკი ბრიტანის თანამედროვე შრომის ბაზარზე.
გამოკითხულ ბიზნესმენთა ნახევარმა განაცხადა, რომ მათ დაუშვეს ოთხდღიანი სამუშაო კვირა (ზოგმა ყველა თანამშრომლისთვის, ზოგმა – ნაწილისთვის). ისინი მიიჩნევდნენ, რომ თანამშრომელთა კმაყოფილება ბევრად გაიზარდა და შემცირდა მათი ავადმყოფობა, რამაც კომპანიებს 92 მლრდ ფუნტი სტერლინგის დაზოგვის საშუალება მისცა.
რაც შეეხება გამოკითხულ თანამშრომლებს, მათმა 77%-მა ოთხდღიანი გრაფიკი პირდაპირ დაუკავშირა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პრაქტიკას განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნევს გამოკითხულ X და Z თაობათა 75%. ისინი დარჩენილ დროს იყენებენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მოხალისეობრივ საქმეებში და დამატებითი ხმაურის შესაქმელად. ზეტ რესპონდენტთა ორმა მესამედმა (67%) თქვა, რომ ოთხდღიანი კვირა ზემოქმედებს მათ გადაწყვეტილებაზე, თუ სად იმუშაონ.
იმ ორგანიზაციებში, სადაც მოკლე კვირა უკვე დაინერგა, ხელმძღვანელთა 64% აცხადებს, რომ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა.
მაინც, როგორ დანერგეს კომპანიებმა მოკლე კვირა? რესპონდენტები საუბრობენ, რომ ეს პრაქტიკა თანამშრომელთა როტაციული გრაფიკით დაყოფას ითვალისწინებს. მაგალითად, ნახევარი ისვენებს ორშაბათს, ნახევარი – პარასკევს. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, კლიენტების მოთხოვნას უპასუხოს, მთელი კვირის განმავლობაში.
დიახ, კვლევამ მართლაც გაზარდა კომპანიების კონკურენტუნარიანობა. თუმცა, გამოკითხულ ბიზნესმენთა 73%-მა გამოწვევად დაასახელა შრომითი ხელშეკრულებები და საქმესთან დაკავშირებული ბიუროკრატია, ასევე, თანამშრომელთა აყვანა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოკლე კვირის დანერგვა, სავარაუდოდ, დროში გაიწელება.
ზოგიერთმა ორგანიზაციამ უარი თქვა ოთხდღიან კვირაზე. 2019 წელს, კვლევითმა ორგანიზაციამ Wellcome Trust გამოკითხა თავისი 800 თანამშრომელი და დაასკვნა, რომ ოპერაციულად, ოთხდღიანი კვირის დანერგვა ზედმეტად რთული ამოცანა იყო მათთვის. ამერიკულმა HR კომპანიამ Treehouse ოთხდღიანი კვირა ჯერ კიდევ 2016 წელს შემოიღო, თუმცა, კომპანიის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კლების გამო, კვლავ ხუთდღიან მოდელზე გადაინაცვლეს.
ბიზნეს ჯგუფები თვლიან, რომ კვირის შემოკლება ინდუსტრიის შესუსტებას გამოიწვევს. მაგალითად ავიღოთ შვედური ჯანდაცვა: 2015 წელს, ქალაქ გოტენბერგს სჭირდებოდა მეტი ექთნის დაქირავება, რომ 4 დღიანი კვირის გამო დაკარგული საათების ანაზღაურება შეძლებოდა. ეს ქალაქს $1.3 მლნ დოლარი დაუჯდა. კრიტიკოსებმა ქალაქის მერიას მოუწოდეს გაეუქმებინათ გეგმა, რომელიც გადასახადების გადამხდელებს აზარალებდა. გეგმა მართლაც გააუქმეს 2017 წელს.
მიზეზებს კვლევაში მონაწილე თანამშრომლებიც ასახელებდნენ. გამოკითხულთა 45% ღელავდა, რომ სამუშაოს საათების შემცირების გამო, თავიანთ კოლეგებს ზარმაცი ეგონებოდა. პარადოქსია – თანამშრომლებს ამ გეგმის ამუშავება სურთ, თუმცა ეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმა.
ბრიტანეთში კი ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დაიწყო. ეს მართლაც სარგებლიანია თანამშრომლებისთვის, თუმცა გარკვეულ სექტორებში გაართულებს ორგანიზაციის კონკურენტულ ოპერირებას. ამას გარდა, არსებობს ნეგატიური წინასწარგანწყობა თანამშრომლებისგან, თუ როგორ აღიქვამენ სხვა კოლეგები და ხელმძღვანელები ამ მოდელს.
ასეა თუ ისე, იდეა საჭიროებს გულდასმით განხილვას, პოტენციური სარგებელი სავსებით რეალურია. მხოლოდ პრაქტიკის საფუძველზე მიიღება შედეგი – რა პირობებშია შესაძლებელი მოგებაზე გასვლა და როდის იქნება მოკლე კვირა ზარალიანი. ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ დაამკვიდრონ ოთხდღიანი კვირის მოდელი, გაზარდონ მოგება სამუშაო ძალის მცირე ზრდით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ.
წყარო: HBR