1
Aug
2019

როგორ გავფრინდეთ დრონთან ერთად, ანუ DJI-ს ახალი, FPV სისტემა

1 Aug 2019

veon
veon


გასულ საუკუნეებში, ალბათ, ბევრი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი იყო ჩიტების მიერ დანახული სამყარო. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და ადამიანებს ფრენის გამოცდილების მიღება სხვადასხვაგვარად შეუძლიათ, თუმცა, მაინც არა იმ თავისუფლების განცდით, როგორიც ჩიტებს. გუშინ, დრონების მწარმოებელმა კომპანია DJI-მ FPV სათვალე წარადგინა, რომელიც დრონთან კავშირდება და იმის დანახვის შესაძლებლობას მოგცემთ, რასაც დრონი „ხედავს“ და რაც მთავარია, დრონს თქვენ მართავთ. FPV (First Person Viewing) არის ტექნოლოგია, რომელიც დრონზე თქვენი თვალების ფუნქციას ასრულებს და განახებთ სამყაროს რეალურ დროში, ისე, თითქოს დრონთან ერთად დაფრინავთ.

DJI-ს ეკოსისტემა, რომელიც ამ ეფექტის მიღწევას ხდის შესაძლებელს რამდენიმე ნაწილისგან შედგება: FPV სათვალე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გადამცემი, რომელსაც დრონზე ამაგრებთ, კამერა, რომელსაც დრონზე ამაგრებთ და გადამცემს უერთებთ, თვითონ დრონი და FPV კონტროლერი. ეს ნაწილები, ერთობლიობაში, DJI-ს თქმით, ქმნიან „პირველ დაბალი ლატენტურობის, ანუ რეალურ დროსთან ძალიან ახლოს მყოფ HD ვიდეოსიგნალს“. (ლატენტურობა, ამ შემთხვევაში, 28 მილისეკუნდია).

FPV სისტემით დრონით ფრენა 4 კილომეტრის დისტანციაზე შეგეძლებათ. ის იყენებს 8 არხს, 5.8GHz-იან უსადენო სიხშირეს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ერთი სისტემით ერთდროულად 8 დრონთან იყოთ დაკავშირებული. ანუ შეგიძლიათ მყისიერად გადართოთ ერთი გამოსახულებიდან მეორეზე, რომელსაც სხვა დრონი გაძლევთ.

ამჟამად, FPV სისტემის მიმართულებით DJI ორ შეთავაზებას აკეთებს – Fly More Combo-ს, რომელიც 929 დოლარი ღირს და Experience Combo-ს, რომლის ფასიც 819 დოლარია. განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში, შეთავაზებაში კონტროლერიც შედის.

განხილვა