მას შემდეგ, რაც Google-მა და Apple-მა VR და AR სათვალეები გაგვაცნო, Brillant Labs-ის სტარტაპმა AI სათვალეები განავითარა. Frame-ს უწოდებენ და გვპირდებიან, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ძალას ადამიანების თვალებში მოაქცევენ. მეტიც, როგორც აცხადებენ, ეს ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში პარადიგმის ცვლილებას შემოგვთავაზებს და პირველი სათვალეა, რომელშიც მულტიმოდალური AI ასისტენტია ინტეგრირებული.
ძირითადი აქცენტი სწორედ AI შესაძლებლობებზე კეთდება, თუმცა Frame-ს პატარა 640 x 400p მიკრო-OLED ეკრანიც აქვს, შუაში კი კამერა დაგხვდებათ. რაც შეეხება ბატარეას, უკან არის დამაგრებული. მხოლოდ 40 გრამს იწონის, მის AI ასისტენტს კი Noa-ს სახელით გვაცნობენ — GPT-2-ს, Whisper AI-სა და Stability AI-ის იყენებს, რათა დააგენერიროს ტექსტები და გრაფიკები სურათებიდან, რომლებიც კამერით გადაიღეთ, ბუნებრივია, მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ.
მულტიმოდალური გენერაციული AI ასისტენტი რეალური სამყაროს ვიზუალურ დამუშავებაზეა პასუხისმგებელი, რეალურ დროში მეტყველებასა და თარგმნაზე, რათა მომხმარებლებს გარშემო მყოფებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალება მისცეს. ამგვარად, სრულიად ახალ გამოცდილებას გვთავაზობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამუშაო სივრცეებსა თუ საკლასო ოთახებში. სათვალეა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ რაიმეს უპასუხოს, რასაც თქვენი ხმით ან ტექსტის დახმარებით შეეკითხებით ან რასაც Frame-ის საშუალებით დაინახავთ.
Brilliant Labs-მა ღია კოდის პროექტად შემოგვთავაზა იმ ტექნოლოგიური თუ პროგრამული ფაილებით, რომლებიც GitHub-ზეა ხელმისაწვდომი. თუ მხედველობის საკითხი გადარდებთ, ლინზებსაც გთავაზობთ, უბრალოდ ამისთვის დამატებით 99 დოლარის გადახდა მოგიწევთ. Frame-ის ფასი 349 დოლარია, თანაც წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია…