Framestore-ის ისტორია ფანქრით, 3000 ხელით დახატული კადრით და ერთი მუსიკალური ვიდეოთი დაიწყო. 1986 წელს სტუდიის შექმნას ბიძგი მისცა A-ha-ს საკულტო Take On Me-მ, რომლის სკეჩური ანიმაცია იმ დროისთვის სრულიად გამორჩეული ვიზუალური გამოცდილება იყო. ოთხი ათწლეულის შემდეგ Framestore უკვე შვიდ სტუდიას და დაახლოებით 3000 თანამშრომელს აერთიანებს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრეატიულ კომპანიად ითვლება ვიზუალური ეფექტების, რეკლამისა და იმერსიული გამოცდილებების მიმართულებით.
40 წლის იუბილეს კომპანია საკუთარი არქივის გახსენებით აღნიშნავს. ამ ისტორიაში ხვდება როგორც ბოი ჯორჯისა და ლორინ ჰილის ადრეული მუსიკალური ვიდეოები, ისე ფილმები, ბრენდული კამპანიები და პროექტები, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გზები მნიშვნელოვნად შეცვალა.
Framestore ჯერ კიდევ 1990-იანებში გამოირჩეოდა ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით. 1996 წელს სტუდიამ Gulliver’s Travels-ზე შესრულებული 2D კომპოზიტინგისა და ლურჯი ეკრანის სამუშაოსთვის Emmy მიიღო. ცოტა მოგვიანებით კი Walking with Dinosaurs-ისთვის შექმნილმა ფოტორეალისტურმა არსებებმა ბუნების დოკუმენტური პროგრამების ვიზუალური სტანდარტიც შეცვალა და აჩვენა, რამდენად დამაჯერებლად შეიძლებოდა კომპიუტერული ეფექტების გამოყენება რეალურ სამყაროსთან შერწყმისას.
შემდეგ Framestore უფრო დიდ კინოპროექტებში ჩაერთო და განსაკუთრებით ციფრული არსებებისა და რთული ვიზუალური ეფექტების მიმართულებით გაითქვა სახელი. მის პორტფოლიოშია Guardians of the Galaxy Vol. 3, Paddington, How to Train Your Dragon და Harry Potter-ის ფილმები. თუმცა სტუდიის საქმიანობა მხოლოდ კინოთი არ შემოიფარგლება.
რეკლამაში Framestore-ის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა GEICO-სთანაა, რომლის Gecko-ს პერსონაჟზეც სტუდია ორ ათწლეულზე მეტია მუშაობს. მის ნამუშევრებს შორისაა Guinness-ის Surfer-ის თეთრი ცხენებიც და Galaxy-ის კამპანია, სადაც ოდრი ჰეპბერნის ციფრული ვერსია შექმნეს.
ეს პროექტები კარგად აჩვენებს Framestore-ის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს: ტექნოლოგია ყოველთვის კონკრეტულ ვიზუალურ ამოცანას უნდა ემსახურებოდეს. ზოგ შემთხვევაში ეს სრულიად გამოგონილი არსების დამაჯერებლად შექმნას ნიშნავს, ზოგჯერ კი უკვე კარგად ნაცნობი სახის ან ბრენდის პერსონაჟის გაცოცხლებას.
2014 წელს კომპანიამ VR მიმართულებაც შექმნა და ეტაპობრივად იმერსიულ გამოცდილებებზე მუშაობა დაიწყო. ამ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო Game of Thrones-ის მრავალსენსორული გამოცდილება, ასევე Field Trip to Mars, რომელმაც რამდენიმე Cannes Lion მოიგო. ამ პროექტებმა მოგვიანებით გზა გახსნა უფრო მასშტაბური თანამშრომლობებისთვის Universal-სა და Lionsgate-თან.
Framestore-ის განვითარებაში საინტერესო სწორედ ისაა, რომ კომპანია ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიაზე არასოდეს გაჩერებულა. მისი ისტორია მუდმივად ფორმატის შეცვლას მიჰყვება: ხელით დახატული ანიმაციიდან ციფრულ ვიზუალურ ეფექტებამდე, იქიდან რეკლამამდე, VR-მდე და იმერსიულ სივრცეებამდე.
თავად Framestore ამ გზას „ღრმა ექსპერტიზას, მუდმივ ცნობისმოყვარეობასა და გუნდის ჩუმ აკვიატებას“ უკავშირებს. კომპანიის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ რეჟისორები, ბრენდები და კლიენტები მათ ყველაზე ამბიციურ იდეებს ანდობდნენ.
40 წლის თავზე Framestore-ს უკვე ბევრი ჯილდო და ტექნოლოგიური მიღწევა აქვს დაგროვილი, მათ შორის Oscar, BAFTA და Cannes Lions. თუმცა მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ ისაა, რომ ოთხი ათწლეულის განმავლობაში სტუდია ცდილობდა არა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს აჰყოლოდა, არამედ ისინი ვიზუალური თხრობისთვის რეალურად გამოეყენებინა.
ამ მხრივ Take On Me-ს ხელით დახატულ კადრებსა და თანამედროვე ციფრულ სამყაროებს შორის კავშირი საკმაოდ პირდაპირია. ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ამოცანა იგივე დარჩა: ისეთი გამოსახულების შექმნა, რომელიც შეუძლებელს რეალურად აგრძნობინებს მაყურებელს.












