in

ფრენკ ლოიდ რაიტის არქიტექტურულ მემკვიდრეობას ახალი ვიზუალური იდენტობა მიუძღვნეს

ფრენკ ლოიდ რაიტის არქიტექტურით, მის სიცოცხლეში 500-მდე შენობა აშენდა, თუმცა დღეს მათი თითქმის 15% ან განადგურებულია, ან უყურადღებობისა და მოუვლელობის გამო სამუდამოდ დაიკარგა. სწორედ ამ უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად იბრძვის ორგანიზაცია Frank Lloyd Wright Building Conservancy, რომელმაც ახლახან ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა. დიზაინ-სტუდია Order-ის მიერ შექმნილი ლოგო არ არის უბრალო გრაფიკული გამოსახულება – ის მკაფიო შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის დაცვა.

BOG
BOG

ახალი სიმბოლო კვადრატების ბადეს წარმოადგენს, სადაც ერთი უჯრა გამოტოვებულია. ეს სიცარიელე, ანუ „ნეგატიური სივრცე“, მეტაფორულად იმ შენობებს აღნიშნავს, რომლებიც აღარ არსებობს და იმ დანაკლისს გამოხატავს, რაც მათი განადგურებით მივიღეთ.

საინტერესოა, რომ კონსერვაციის ორგანიზაციის წინა ლოგო კონკრეტულ ნაგებობას – Lark Administration Building-ს გამოსახავდა, რომელიც ნიუ-იორკში, ბუფალოში იდგა და 1950 წელს დაანგრიეს. თუმცა, დიზაინერებს სურდათ გასცდენოდნენ ერთი შენობის ისტორიას და შეექმნათ სისტემა, რომელიც განვითარების საშუალებას იძლევა. როგორც სტუდიის დიზაინ-დირექტორი გარეტ კორკორანი განმარტავს, მათი მიზანი იყო იდენტობის გაფართოება, რათა მასში მთელი საზოგადოება და არქიტექტორის სრული მემკვიდრეობა მოაზრებულიყო.

ახალი ლოგო 4×4-ზე ბადეა, რომელიც რაიტის ცნობილ ვიზუალურ ხელწერას – წითელ კვადრატს ეხმიანება. ლეგენდარული არქიტექტორი ამ გეომეტრიულ ფორმას თავის დიზაინებზე, წერილებსა და შენობებზე ერთგვარ „ხარისხის ნიშნად“ იყენებდა. მართალია, ეს სიმბოლო უკვე აქტიურად გამოიყენება მასთან ასოცირებული სხვა ჯგუფების მიერ და თავდაპირველად Order-მა სცადა კიდეც განსხვავებული გზის მოძებნა, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ კვადრატი რაიტის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. კორკორანის თქმით, მათ ეს ფორმა გამოიყენეს არა როგორც „ყავარჯენი“, არამედ როგორც ფუნდამენტი, რომელსაც ახალი დატვირთვა და ინტერპრეტაცია შესძინეს.

შედეგად, ერთი კვადრატის ნაცვლად მივიღეთ 15 ფიგურა და ერთი გამოტოვებული ადგილი. ეს აბსტრაქტული ფორმა ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე კონკრეტული შენობის ილუსტრაცია. ეს არის მარტივი ფორმა, რომელიც კარგად მუშაობს მცირე ზომებშიც და თან ისტორიას ჰყვება. ორგანიზაციის დირექტორი აღნიშნავს, რომ როცა თუნდაც ერთი შენობა საფრთხის ქვეშ დგება, მათი მისიის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი ხდება. ახალი იდენტობაც სწორედ ამ ვნებასა და გადაუდებლობას გამოხატავს – დავიცვათ იდეები, რომლებიც მომავალზე ახდენს გავლენას.

ვიზუალური მხარე მხოლოდ ლოგოთი არ შემოიფარგლება. გამოყენებული შრიფტი Reply გეომეტრიული სან-სერიფია, რომელიც შთაგონებულია რაიტის საყვარელი ფონტით (Intertype Vogue). ფერთა პალიტრა კი მრავალფეროვანი ტონალობებით სიღრმისა და სინათლის ეფექტს ქმნის.

ეს სისტემა დინამიკურია. ლოგოში არსებული სიცარიელე ხშირად გამოიყენება როგორც „ფანჯარა“, რომელშიც არქიტექტურული ნიმუშების ფოტოები ჩანს. ხოლო ორგანიზაციის ჟურნალისთვის (SaveWright), რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის, ლოგოს ალტერნატიული ვერსია შეიქმნა – აქ ცარიელი ადგილი ფერადი კვადრატით ივსება. ეს სიმბოლური ჟესტია, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ძალას – გადავარჩინოთ ის, რაც შეიძლება დაიკარგოს. საბოლოო ჯამში, ახალმა ლოგომ შეძლო, რომ ლეგენდარული არქიტექტორის კარგად ნაცნობი სიმბოლო სრულიად ახლებურად და თანამედროვედ წარმოეჩინა.

წყარო: Fastcompany

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

6 ტიპის ჰობი უკეთესი მენტალური ჯანმრთელობისთვის