in ,

Frankey აქაურობას! სტრიტ არტისტი Young Lions Georgia-ს დაჯილდოებაზე ჩამოდის!

უკვე ცხრა წელია, რაც საქართველოში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი ტარდება. გამარჯვებული გუნდები შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან და საქართველოს სახელით იბრძვიან პირველობის მოსაპოვებლად. წლევანდელი ახალგაზრდა ლომების კონკურსი კატეგორიების სიმრავლით გამოირჩევა – პირველად, ადგილობრივი შეჯიბრი 6 კატეგორიაში ჩატარდება, შესაბამისად, 6 გუნდი გაემგზავრება კანის კრეატიულ ფესტივალზე საასპარეზოდ. წელს, კონკურსზე 250-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დავალებები მიღებულია, გამარჯვებულები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. წელს, დაჯილდოების ცერემონიას TBC Inspirational Stage-ზე საერთაშორისო სპიკერები სტუმრობენ: Frankey, Odile Breffa და Jorg Riommi. ისინი კანის ახალგაზრდულ სცენაზე წარდგებიან ქართველი მონაწილეებისა და გულშემატკივრების წინაშე.

სანამ სპიკერებს დაჯილდოების სცენიდან იხილავთ, მათ ახლოდან გაგაცნობთ.

Frankey იგივე ფრენკ დე რუვე სტრიტ არტისტია. ის ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამში, ხოლო მისი ნამუშევრები გამოფენილია სხვადასხვა ერთობლივ და სოლო გამოფენებზე ნიდერლანდებში, იტალიაში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. ფრენკის ნამუშევრებს ამსტერდამის Wanrooij გალერეა წარმოადგენს.საკუთარი შემოქმედების დახმარებით, ფრენკს უყვარს ადამიანების გაღიმება.  ფრენკის შთაგონების წყარო ბავშვური მოგონებები და ახალგაზრდული გატაცებებია, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილითა და კულტურითაა გაჟღენთილი. მისი შემოქმედება მრავალნაირ ფორმას იღებს ხოლმე და მარტივაც იცნობთ სიხალისითა და სიცელქით. ფრენკი არ ცნობს საზღვრებს სტილს, ტენდენციებსა და პროფესიებს შორის და თავაზიანი ღიმილით არღვევს მათ შორის არსებულ ბარიერებს. ის ერთდროულად გახლავთ დიზაინერიც, გამომგონებელიც, არტისტიც, ტექნომანიც, ფუდ-კრიტიკოსიც. ამ მრავალმხრივი ინტერესებისა და ტალანტების მქონე გონებაგახსნილი შემოქმედი ახერხებს განსხვავებული და გამორჩეული ნამუშევრების შექმნას.

ფრენკს შთააგონებს, რომ 6 და 90 წლის ადამიანი ერთნაირად შეუძლია გააღიმოს საკუთარი ნაშრომით. მისი შემოქმედება ურბანულ ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივიდან გვაჩვენებს. საქმიანობაში ფრენკს თავისი წესები აქვს – საკუთარი ქალაქის, ამსტერდამის სიყვარულით არაფერს აზიანებს. მისი ყოველი ნამუშევარი დამაგრებულია ჰალსტუხებით, მაგნიტებით, ლენტით ან რკინის მავთულით.

რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ მისი ნამუშევრები საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს ეხმიანება? მაგალითად, 2020 წელს, პანდემიისას, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო, ფრენკიმ ცარიელი ამსტერდამის გასახალისებლად, ლეგოს გიგანტური ბლოკები განათავსა ქუჩებში. შემდეგ კი, ქუჩაში განათავსა ლეგოს გიგანტური ფიგურა, რომელიც ძალიან ჰგავდა ცნობილ ნიდერლანდელ მომღერლალს, ანდრე ჰაზის, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რომ მღეროდა ადგილობრივ პაბებში.

საკუთარ შემოქმედებაში ამ ბრინჯაოს ქანდაკებას გამოარჩევს. ეს გახლავთ ამსტერდამის ყოფილი მერი – ებერჰარდ ვან დერ ლაანი, რომელიც Paradiso-ს მუსიკალური სივრცის სახურავზე განათავსა. პარადისო ძველ შენობაში მდებარეობს, ქალაქის ცენტრში და რაკი მას, სავარაუდოდ, დიდი ხნით არ დაუთმობენ მუსიკალურ სივრცეს, არტისტმა ყურადღების მიპყრობა ასე გადაწყვიტა. მან შექმნა პატარა ბრინჯაოს ქანდაკება და პარადისოს სახურავზე დასვა. მერის პერსონაჟი კი იმიტომ აირჩია, რომ ის მუსიკის დიდი გულშემატკივარი იყო და არ დაუშვებდა პარადისოს განადგურებას. ყოველ ჯერზე, როცა ქანდაკებას ჩაუვლის, ფრენკი მაღლა იხედება და ებერჰარდის ქანდაკებას სთხოვს შენობის დაცვას

არტისტმა იცის, რომ ზოგჯერ, ქუჩების გასუფთავებისას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერ ამჩნევენ, რომ საქმე ხელოვნების ნიმუშთან აქვთ და უნებლიედ ხსნიან. ისეთებიც არსებობენ, ვინც ნამუშევრებს იპარავენ, შემდეგ ონლაინ რომ გაყიდონ. ფრენკის გააზრებული აქვს, რომ მისი ნამუშევრები შეიძლება ვიღაცების სახლებში აღმოჩნდეს, პირად საკუთრებაში, თუმცა ის ამას ორმხრივ სარგებელს უწოდებს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ გეხმარება სტეპი Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად

ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა – Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა