in

ტელეფონი, რომელიც ბავშვებს ეკრანს აშორებს

სემ ტერისმა ბავშვობა მასაჩუსეტსში, უოლდენის ტბის გარშემო ტყეებში სეირნობაში გაატარა. ის და მისი მეგობრები საათობით იყვნენ გარეთ, ხშირად მშობლების გარეშე, და საკუთარ თამაშებს თვითონ იგონებდნენ. ახლა, როცა თავად გახდა მამა, ტერისი ცდილობს გაარკვიოს, როგორ შეიძლება მის შვილსაც ჰქონდეს მსგავსი ბავშვობა იმ გარემოში, სადაც დამოუკიდებლად გარეთ გასვლაც იშვიათია და ინტერნეტზე წვდომაც თითქმის მუდმივი.

ამ ფიქრიდან გაჩნდა Freckle, 7-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი ტელეფონი, რომელიც 199 დოლარი ღირს და თვეში 25-დოლარიანი მობილური გეგმა აქვს. მას არ აქვს ბრაუზერი, აპების მაღაზია, სოციალური ქსელები ან YouTube. ბავშვებს დარეკვა და შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ იმ ადამიანებთან შეუძლიათ, რომლებსაც მშობლები წინასწარ დაამატებენ.

მოწყობილობას ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქციაც აქვს. მშობლებს შეუძლიათ ბავშვის მოძრაობა რუკაზე ნახონ ან შექმნან უსაფრთხო ზონები, რომელთა დატოვების შემთხვევაშიც შეტყობინებას მიიღებენ. ტერისის იდეა ისაა, რომ ტექნოლოგია მშობელს ბავშვის მუდმივი კონტროლისკენ კი არ უბიძგებდეს, არამედ იმდენ უსაფრთხოებას ქმნიდეს, რომ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს.

Freckle გარეგნულადაც ნაკლებად ჰგავს ჩვეულებრივ სმარტფონს. მოწყობილობა ფერადია, რბილი ფორმები აქვს, ბევრი ფიზიკური ღილაკი და პატარა კვადრატული სენსორული ეკრანი. მისი დიზაინი ბავშვისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, თუმცა არა იმდენად, რომ თავად მოწყობილობა გახდეს მთავარი გასართობი.

ამის ერთ-ერთი მაგალითია Discovery Camera. კამერას შეუძლია ამოიცნოს მწერები, ფრინველები და მცენარეები, შემდეგ კი ნაპოვნი ობიექტები ციფრულ სტიკერების წიგნში დაამატოს. ტერისი ამ ფუნქციას „Pokémon Go-ს რეალურ ცხოვრებაში“ ადარებს: ეკრანი აქ საბოლოო დანიშნულება კი არა, გარემოსთან ურთიერთობის საშუალებაა.

მშობლებს ბავშვისთვის მცირე დავალებების გაგზავნაც შეუძლიათ. მაგალითად, პარკში ხუთი სხვადასხვა სახეობის მწერის მოძებნა ან მუზეუმში სამი იმპრესიონისტული ნახატის გადაღება. თუ ორი ბავშვი საკუთარ Freckle-ს ერთმანეთს მიადებს, მოწყობილობები walkie-talkie რეჟიმში გადადის. ტელეფონს გადახდის ფუნქციაც აქვს, სადაც მშობელს ბავშვის ჯიბის ფულის ჩარიცხვა შეუძლია.

თავად სახელიც ამავე იდეას უკავშირდება. Freckle ინგლისურად ჭორფლს ნიშნავს და ტერისისთვის გარეთ, მზეზე გატარებულ დროს უკავშირდება, რომელსაც ბავშვის კანზეც კი შეიძლება დაეტყოს კვალი.

მისთვის მთავარი კითხვა იყო, როგორ უნდა შექმნა ტექნოლოგია, რომლის გამოყენებაც ბავშვს მოეწონება, მაგრამ რომელიც იმდენად მიმზიდველი არ იქნება, რომ მისგან მოწყვეტა გაუჭირდეს.

ეს პრობლემა დღეს ბავშვებისთვის ტექნოლოგიის შემქმნელ ბევრ კომპანიას აწუხებს. Tonies-მა, მაგალითად, Hasbro-სთან ერთად Monopoly და Guess Who? აუდიო თამაშებად აქცია, რომლებიც ეკრანის გარეშე მუშაობს. Skylight-ის პატარა მოწყობილობა Buddy კი ბავშვებს ყოველდღიური რუტინის შესრულებაში ეხმარება და შეგნებულად ძალიან მარტივ ვიზუალს იყენებს, რათა ყურადღება მხოლოდ იმდენ ხანს შეინარჩუნოს, რამდენიც კონკრეტული ამოცანის შესრულებას სჭირდება.

Freckle-ის მთავარი პრინციპიც მსგავსია: მოწყობილობამ ყოველთვის უნდა მიმართოს ბავშვის ყურადღება მის ფარგლებს გარეთ. ეს შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, გარემო, მცენარე, საგანი ან კონკრეტული მოქმედება. ტერისის სიტყვებით, ტელეფონი არასოდეს უნდა გადაიქცეს „პორტალად ციფრულ სამყაროში“.

ბავშვებისთვის გამარტივებული ტელეფონები უკვე რამდენიმე წელია ვითარდება. Gabb, Pinwheel და Troomi სმარტფონებს სოციალურ ქსელებს, ბრაუზერსა და აპების მაღაზიას აშორებენ. Bark Phone ბავშვების შეტყობინებებს შესაძლო საფრთხეების აღმოსაჩენად ამოწმებს და ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტ ფუნქციას ხსნის. პატარა ბავშვებისთვის კი არსებობს სახლის ტელეფონის მსგავსი მოწყობილობებიც, რომლებიც მხოლოდ მშობლების მიერ არჩეულ კონტაქტებთან მუშაობს.

ჯერ უცნობია, ამ მოდელებიდან რომელი გახდება ფართოდ გავრცელებული. პრაქტიკაში ბევრი მშობელი საბოლოოდ მაინც iPhone-ს ირჩევს, რადგან ის უკვე ყველას აქვს და ოჯახურ ეკოსისტემაშიც მარტივად ერთვება. Terris-ს კი სწორედ ამ ეტაპამდე სურს ოჯახების მიღწევა. Freckle არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვმა ის მთელი ცხოვრება გამოიყენოს. იდეა უფრო ისაა, რომ პირველი ტელეფონი გახდეს შუალედური ეტაპი სრულფასოვან სმარტფონამდე.

ტერისი ამ მიდგომას ევროპულ ოჯახებში ბავშვებისთვის სადილზე მცირე რაოდენობით ღვინის გასინჯვის პრაქტიკას ადარებს. ტექნოლოგიის სრულად აკრძალვის ნაცვლად, ბავშვი მას მცირე დოზით, კონტროლირებულ გარემოში ეცნობა და თანდათან სწავლობს მის გამოყენებას.

Freckle-ის შემთხვევაში საინტერესო სწორედ ეს განსხვავებაა. ბავშვებისთვის შექმნილი ტექნოლოგიების უმეტესობა ცდილობს გაარკვიოს, როგორ გაატარებინოს მომხმარებელს პროდუქტთან მეტი დრო. აქ კი დიზაინის ამოცანა საპირისპიროა: ტელეფონი საკმარისად სასარგებლო და საინტერესო უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვმა გამოიყენოს, მაგრამ მისი საუკეთესო ფუნქცია საბოლოოდ ის უნდა გახდეს, რომ მოწყობილობა ჯიბეში დააბრუნოს და გარეთ გავიდეს.

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

Google ახალ AI-მოდელს, Gemini 4 Argon-ს უშვებს და მას ყველაზე მძლავრს უწოდებს