სად მიდიან თავისუფალი გრაფიკით მომუშავე ადამიანები (ე.წ. Freelancer-ები), როცა სახლში მუშაობა ბეზრდებათ და ახლო-მახლო კაფეშიც არ სურთ მისვლა? თბილისში მსგავსი პირებისთვის არც თუ ისე ბევრი სივრცეა. მით უმეტეს, თითქმის არ არის უფასო საერთო სამუშაო სივრცე, სადაც ისინი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებენ მუშაობასა და შეხვედრების დაგეგმვას.
დეკემბერში ჯანაშიას ქუჩაზე Free Space გაიხსნა. ეს არის ადგილი, Freelancer-ებისთვის, მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვაჟა მარიმ, ირაკლი აბრამიშვილმა, გაჩა ბაქრაძემ, TeTe Noise-მ, კოზმანამ და ირაკლი შონიამ. მათი ლაივები ვიზუალით გააფორმეს ანა და თამარ ჩადუნელებმა. ღონისძიების ბოლოს ელექტრონულ მუსიკაზე იცეკვა ნათია ბუნტურმა, საღამო კი, ამიკომ და გიორგი ზურაბიშვილმა MCing-ით დაასრულეს. ეს იყო ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ხელოვანები გაერთიანდნენ. Free Space-ის იდეაც ეს არის. სივრცე, სადაც იპოვი თანამოაზრეებს, გაუზიარებ შენს გამოცდილებას და საფუძველს ჩაუყრი ახალ თანამშრომლობას.
საერთო სამუშაო სივრცეს მინიმალისტური და ორიგინალური დიზაინი აქვს, სივრცე კი იმხელაა, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად შეძლებს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას. ამიტომ, თუკი შეხვედრის დაგეგმვა გსურთ, ან კურსელებთან ერთად ერთობლივი სამუშაო გაქვთ, Free Space ნამდვილად იდეალური ადგილია. კომპიუტერის, სკანერის, პრინტერისა და თერმული პრინტერის გამოყენებაც შეგიძლიათ და თან, ყველაფერი უფასოდ. მეტი კომფორტისთვის, ყავა და ჩაი უფასოა. შესვენებისას კი, შეგიძლიათ ითამაშოთ დართსი, მაგიდის ფეხბურთი, ისწავლოთ როგორ კეთდება სტენსილი და დაისვენოთ ჰამაკში.
მოკლედ, თუკი სახლში მუშაობა მოგწყინდათ, Free Space იდეალური ადგილია!
გარდა ამისა, კვირის განმავლობაში Free Space-ში იმართება ვორქშოფები, საინტერესო საუბრები და კინოჩვენებები. უკვე ჩატარდა გრაფიკული დიზაინის ვორქშოფი , ABC of DJing, რომლის მენტორებიც ლეონ ლოლიშვილი და რომან აბრამოვი იყვნენ და საუბარი ჰიპჰოპის შესახებ, რომელმაც ძალიან სახალისოდ და აქტიურად ჩაიარა. ნიკა კოჩაროვმა Free Space-ში მისულ სტუმრებს მუსიკის შექმნის ალტერნატიული გზები ასწავლა, ბენ იულერმა კი, ეთნომუსიკოლოგიაზე ისაუბრა.
თუკი ეძებთ განსხვავებულ და კომფორტულ სამუშაო სივრცეს, Free Space ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
[R]