7
Oct
2019

თავისუფლების ქარხანა, როგორც იდეებისა და პროექტების სამჭედლო

7 Oct 2019

3 ოქტომბერს, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხანაში ახალი პლატფორმის – თავისუფლების ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. თავისუფლების ქარხანა არის ერთგვარი იდეა, რომელიც საშუალებას იძლევა, მიიღოს ახალი პროექტები, დააფინანსოს ისინი, მოაწყოს აქტივობები ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე და მის გარეთ, ჩაატაროს ღონისძიებები და ა.შ ერთგვარად ეს არის პლატფორმა, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი ეკოსისტემის განვითარებას. თავისუფლების ქარხნის შესახებ ამავე პლატფორმის თანადამფუძნებელს, სანდრო კაკულიას გავესაუბრეთ:

 

M: როგორია “თავისუფლების ქარხნის” კონცეფცია?

თავისუფლების ქარხანა არის სივრცე, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი იპოვის საკუთარ წილ თავისუფლებას სხვადასხვა საქმიანობაში და ქარხნიდან ორმაგად უფრო თავისუფალი გავა. ერთგვარად ეს იქნება თავისუფალი ადამიანების სამჭედლო. ქარხანა ტყუილად არ ჰქვია – აქ მოხდება ისეთი პროექტების წარმოება, რომლებიც საზოგადოებისა და ზოგადად თავისუფლების განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს.

M: რას სთავაზობს თავისუფლების ქარხანა აქ მოსულ ადამიანს?

თავისუფლების ქარხანა არ არის ერთი კონკრეტული ობიექტი. ეს არის პლატფორმა თავისუფალი ადამიანებისთვის, რომელიც ფიზიკურად გადაითარგმნება ბევრ სხვადასხვა სივრცეში. მაგალითად: საგამოფენო დარბაზებში, სალექციო სივრცეებში, საერთო სამუშაო სივრცეებში და სხვა. თავისუფლების ქარხანა მოდებული იქნება მთელ ღვინის ქარხნის ტერიტორიას – ხან “აუთდორ” გამოფენა გაიმართება, ხან პერფორმანსი, კინოჩვენება, ვორქშოპი და ა.შ

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამჟამად იქმნება თავისუფლების ფონდი, რომელიც თავისუფლების ქარხნის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ ფონდიდან დაფინანსდება პროექტები, რომლებსაც ჩვენსავე ვებ პორტალზე განაცხადის სახით შემოიტანენ მსურველები.

M: ვინ გადაწყვეტს, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს?

გვინდა, მოვიწვიოთ სფეროს ექსპერტები და მათ განსაზღვრონ კონკრეტულ სფეროში, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს, ამიტომ, ყველა მიმართულებას ეყოლება საკუთარი ბორდი. ბორდში იქნება 5-დან 10-მდე ადამიანი. შემოსული განაცხადები თემატურად გაიფილტრება და დაჯგუფდება, შემდეგ კი შესაბამის ბორდებს გადაეცემა. პირველ რიგში, გვსურს, თავდაპირველი პროექტები ადგილზევე დავაფინანსოთ და განვახორციელოთ – ვგულისხმობ ღვინის ქარხნის ტერიტორიას, თუმცა, შესაძლებელია, კონკრეტული პროექტები ამ ტერიტორიის გარეთაც განხორციელდეს, მაგალითად ქალაქგარეთ, რეგიონში.. აქვე აღვნიშნავ, რომ შეიქმნება კულტურის ბორდი, ივენთ ბორდი, გარემოს დაცვის, ღვინის, ურბანისტიკისა და არქიტექურის ბორდი და ასევე საგანმანათლებლო ბორდი.

M: ვისთვისაა თავისუფლების ქარხანა? რა სეგმენტზეა გათვლილი?

რადგან პლატფორმას თავისუფლების ქარხანა ჰქვია, ამ ეტაპზე არ გვსურს, რომ სეგმენტი დავავიწროვოთ. გვინდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს, შემოიტანოს განაცხადი. თუმცა, პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად ახალგაზრდა თაობისთვის იქნება საინტერესო ეს პლატფორმა, რადგანაც მათ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვთ ხოლმე, როგორც წესი.. ყველაფერ ამას კი ხელს უწყობს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული თავშეყრის ადგილები. ჩვენ კი გვინდა, აქ გასართობად მოსული ადამიანები სამუშაოდაც მოვიდნენ ხოლმე.

გვსურს, ყველა ადამიანი ვინც აქ მოვა, ეთანხმებოდეს რამდენიმე მარტივ პრინციპს. ამ პრინციპებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, საწყის დონეზე სამს გამოვყოფ: 1. ყველა ადამიანი, რომელსაც მოუნდება, რომ თავისი პროექტი შემოიტანოს და განახორციელოს, უნდა ეთანხმებოდეს ცნებას, რომ ადამიანის თავისუფალი პიროვნული განვითარება არის მისი უპირატესი უფლება, 2. კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი და 3. სხვისი აზრის პატივისცემა ასევე არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელსაც ჩვენ, როგორც თავისუფლების ქარხნის წევრები ყოველთვის დავიცავთ. ამ სამ პრინციპს ვინც დაეთანხმება, შეეძლება, გახდეს თავისუფლების ქარხნის ნაწილი.

M: საიდან გაჩნდა თავისუფლების ქარხნის შექმნის იდეა?

დღემდე ვერ მოხერხდა ამ ტერიტორიის სრულყოფილი რევიტალიზაცია – ბოლომდე გაცოცხლება. პოსტ-ინდუსტრიული დაკეტილი შენობების გაცოცხლების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით პოპულარულია. თბილისში, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი დაკეტილი შენობაა. ჩვენ გვინდა, ფეხი ავუწყოთ ამ ტენდენციას და გავაცოცხლოთ ეს შენობა, ახალი ცხოვრება მივცეთ. ამ პროექტის იდეა მფლობელებს დიდი ხნის წინაც გაუჩნდათ, თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდებოდა მობილიზება, დრო და ფიქრი.. და მე ჩემს გუნდთან ერთად შევუდექი ამ იდეის განხორციელებას.

M: როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ღვინის ქარხანა და თავისუფლება?

ეს შენობა ააშენა დავით სარაჯიშვილმა. დავით სარაჯიშვილი იყო სამაგალითო მეცენატი, რომელიც თავისი ქველმოქმედებითა და საქმიანობით ყოველთვის უწყობდა ხელს თბილისში და ზოგადად საქართველოში საგანმანათლებლო კერების გაჩენას, აფინანსებდა უამრავ ახალგაზრდას, სტუდენტებს უშვებდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, რითიც დებდა ინვესტიციას ახალ თაობაში. როგორც წესი, ისტორიულად ახალგაზრდა თაობა ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით სარაჯიშვილს ამ შენობაში სწორედ ეს იდეა ჰქონდა ჩაფიქრებული – რომ აქ აღეზარდა ახალი თაობა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ერთგვარი ფუნდამენტი იქნებოდა. ვთვლით, რომ დღეს ამ პროექტით ჩვენ ამ დიდი ქართველი მოღვაწის მიერ დაწყებულ საქმიანობას გავაგრძელებთ.

M: საბოლოო ჯამში, რა არის თქვენი მიზანი?

ამ პლატფორმით ჩვენ ხელს შევუწყობთ სრულიად ახალი კრეატიული ეკოსისტემის განვითარებას – როცა აქ ერთდროულად ბევრი სხვადასხვა სფეროს პროექტი დაიწყებს ფუნქციონირებას, გვინდა რომ აქაურობა გახდეს კრეატიული იდეების, ინოვაციების ჰაბი/უბანი.

M: თავისუფლების ქარხნის სამომავლო გეგმები როგორია?

გვინდა, შევქმნათ ვიზუალური ბრენდინგი, კონცეფცია, სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამ ყველაფერში კი მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გვინდა, არა მხოლოდ ჩვენმა გუნდმა იზრუნოს ამ ქარხნის განვითარებაზე, არამედ ყველამ, ვისაც სურვილი ექნება. ასევე, ვიტყვი იმასაც, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში კიდევ ერთი პრეზენტაცია გვექნება, სადაც უკვე წარმოვადგენთ კონკრეტულ იდეებს და განვითარების სტრატეგიას.

[R]

განხილვა