in

ფრილანსერად მუშაობის სტილი და უპირატესობები

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ – „ფრილანსზე ვარ”, „ფრილანსერად ვმუშაობ”…ფრილანსერი არა კონკრეტული პოზიცია, არამედ სამუშაო ფორმატია და ნიშნავს ადამიანს, რომელიც მუშაობს მოქნილი გრაფიკით, არ დადის სამსახურში, მისი დილა არ იწყება 9:00-10:00 საათზე და არ მთავრდება 18:00-19:00 საათებში. ფრილანსერი შეიძლება იყოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომლის საქმიანობაც იძლევა საშუალებას, თავად განსაზღვროს, რამდენ პროექტზე იმუშაოს და როგორი განრიგით. მეტიც, ფრილანსერს, თავისი უნარების მიხედვით, არაერთი პროფესიის შეთავსება შეუძლია. მაგალითად, თუ კარგად გეხერხებათ წერა და სოციალური ქსელების მართვა, შეგიძლიათ ერთ კომპანიასთან ქოფირაითინგის მიმართულებით იმუშაოს, მეორესთან კი სოცმედია მენეჯერად ან ორივე ერთად შეითავსოთ. არჩევანი მრავალგვარია, დამოკიდებული თქვენს მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე.

ფრილანსერის ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს. ჩვენი რესპონდენტები ეცდებიან, რომ ამ უპირატესობებზე კიდევ უფრო დამაჯერებლად, თავისი პირადი გამოცდილებით გვესაუბრონ.

ქოფირაითერი, კონტენტ მენეჯერი, კომუნიკაციის მენეჯერი და სოცმედია, გვანცა (ჯუდი) კორძახია:

2007 წელს, როდესაც მუშაობა დავიწყე, ჯერ იყო სტაჟირება, შემდეგ კი ნახევარგანაკვეთური სამუშაოები ჟურნალისტიკაში, ფოტოგრაფიასა და შემდგომ უკვე – მომიჯნავე სფეროებში. კარიერის განმავლობაში, ახალი გამოწვევების კვალდაკვალ, რამდენიმე საჯარო სამსახურში მიმუშავია, სადაც აბსოლუტური რუტინა და უცვლელი, ერთფეროვანი დღეები იყო. მქონდა შემთხვევაც, როდესაც სფეროში განვითარების მიზნით, ოფისში დილის 11 საათიდან საღამოს 11, 12-დეც კი დავრჩენილვარ, თუმცა ამას არავინ მაიძულებდა, ვფიქრობ, რომ თვითგანვითარებისათვის მზაობა გააზრებული უნდა გქონდეს და მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, იმ პერიოდში, ჩემთვის იქ მუშაობა ანაზღაურებად პრაქტიკებს, უსაზღვრო შესაძლებლობებსა და რაც მთავარია – უფასო განათლებას ნიშნავდა. თუმცა, ამის შემდეგ სრულ განაკვეთზე და მით უმეტეს, ოფისიდან, აღარ მიმუშავია.

ჩემთვის ხანდახან გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სამუშაოს ტიპს, არამედ ლოკაციას აქვს. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, ყოველ დილას ადგომა, საცობში დგომა, ოფისში მისვლა, შემდეგ იქაური რუტინის იძულებითი გაზიარება/შესრულება და საღამოს ისევ უსაშველო ლოდინი, გზა და სახლში სულგამოცლილი დაბრუნება – ეს ჩემგან ჯოჯოხეთის ტოლფასადაა შეფასებული და უდიდესი პატივისცემა გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე ცხოვრობს და შეუძლიათ, რომ ყოველ დღე ერთსა და იმავე გარემოში, ერთი და იგივე საქმე აკეთონ და გაიარონ ერთი და იგივე გზა. ჩემი კომფორტის ზონა ჩემს ხასიათსა და შრომისუნარიანობას პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს”.

გარდა იმისა, რომ თავად მუშაობს დამკვეთებთან, მოქნილმა და თავისზე მორგებულმა გრაფიკმა გვანცას საშუალება მისცა, საკუთარი ორგანიზაციაც დაეარსებინა „ნაამბობი”, რომლის თანამშრომლებიც თავისუფალი გრაფიკით მუშაობენ. სამუშაოს ეს ფორმატი, როგორც გვანცა გვიზიარებს, დროის მენეჯმენტის ფუფუნებას იძლევა და ადამიანს საშუალებას აძლევს, თავიდან ბოლომდე კომფორტულად იგრძნოს თავი იმ საქმის კეთებისას, რომელიც მან აირჩია.

არსებობს პროექტები, „გზაში დაწეულ ამბები”, რომელთა შესრულებაც ყველას „გუშინ“ უნდა. დროის მენეჯმენტი ყოველთვის კარგი მქონდა, არ მახსენდება ფაქტები, როდესაც დროში გავიჭედე, რამე ვერ მოვასწარი ან დედლაინს გადავაჭარბე. არასდროს მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო, თუ რა დრო დამჭირდება ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად, შესაბამისად, აბსოლუტურ სიმშვიდეს განვიცდი მაშინაც კი, როცა რაიმეს წერის ნაცვლად სერიალის მორიგ ეპიზოდს ვუყურებ. ფრილანსერობა ხანდახან ფარადაც მადგება ხოლმე, რადგან არასასურველ შეხვედრებსა თუ კომუნიკაციას თავს სხვისთვის ნაკლებად მტკივნეულად ვარიდებ. ჩემი სამუშაო მოიცავს დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთს, ანუ მაშინ, როცა მე მაქვს ამის მენტალური მზაობა. სწორედ ეს მიყვარს ფრილანსერობაში”. 

თათუნა გვერდწითელი უკვე ბევრი წელია გრაფიკოს დიზაინერია, თუმცა ბოლო პერიოდში UI/UX დიზაინზეც დაიწყო მუშაობა. სრულგანაკვეთიან სამსახურში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას ის დიდ გამოცდილებად თვლის, თუმცა პანდემიის პერიოდმა მისცა საშუალება, სახლიდან მუშაობის გემო გაეგო და ეს იმდენად კომფორტულ ფორმად იქცა, გადაწყვიტა, ფრილანსერობა დაეწყო და თავას გადაენაწილებინა თავისი დრო.

ჩემთვის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ფრილანსერად ყოფნისას მუშაობ მაშინ, როცა საქმე გაქვს და დანარჩენ დროს იყენებ ისე, როგორც გინდა. გაქვს დედლაინები, თუმცა არა საათობრივად გაწერილი გრაფიკი. ბევრად დამოუკიდებელი ხარ და გაქვს შეგრძნება, რომ თავად მართავ საკუთარ ცხოვრებას. მყავს რამდენიმე მუდმივი დამკვეთი და პლუს დამატებით ცვალებადი პროექტები. ეს საშუალებას მაძლევს, რომ მქონდეს გარკვეული სტაბილურობაც და დანარჩენ პროექტებზე არჩევანის თავისუფლებაც.

ჯერ-ჯერობით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მივხვდი, რომ ჩემს პიროვნებას და ხასიათს ძალიან მოერგო ცხოვრების და მუშაობის ასეთი სტილი და ასე უფრო მოტივირებული და ბედნიერი ვარ“.

სამსახურისა და ცხოვრებისეული ბალანსის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. ფრილანსერად მუშაობის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ამ ბალანსის შექმნა და შემდგომ შენარჩუნება ბევრად უფრო მარტივი ხდება. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის აპრილის სტატისტიკა

როგორ ვმართოთ ცვლილებები საშუალო ბიზნესში?