in

რა უპირატესობა აქვთ ფრილანსერ გრაფიკულ დიზაინერებს?!

მსოფლიოს მასშტაბით, ფრილანსერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. კვლევების მიხედვით, განსაკუთრებით, გრაფიკული დიზაინერები ამბობენ უარს სტაბილურ სამსახურზე და დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას. 2015 წლის მონაცემებით, 12 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრილანსერთა სიის სათავეში, სწორედ, ამ პროფესიის ადამიანები არიან.

BOG
BOG

ამ შემთხევაში, გამონაკლისი არც საქართველოა. გრაფიკულ დიზაინერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრილანსერობა საკუთარ თავზე მუშაობისა და მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. წლების განმავლობაში, მათი უმეტესობა, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამოუკიდებლად მუშაობა არჩიეს და, როგორც ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლება მოიპოვეს; ფრილანსერობა კი საშუალებას იძლევა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ სამუშაო დრო, ადგილი, სივრცე. (ზოგიერთმა, მოგვიანებით, საკუთარი, როგორც თავად უწოდებენ „ერთი მსახიობის კომპანია“ შექმნა და დამკვეთებთან ისევ ინდივიდუალურად, მაგრამ კომპანიის სახელით თანამშრომლობს). მათი თქმით, ფრილანსერობის საშუალებით, უფრო პროდუქტიულები არიან, თანაც ისე, რომ პროფესიული ზრდისთვის მეტი დრო და რესურსი რჩებათ.

თაკო აბრამია (გრაფიკული დიზაინერი /არტ დირექტორი): უკვე 1 წელია რაც ფრილანსერი ვარ. ამ ხნის მანძილზე, უსაქმურობის პერიოდი არ მქონია. პირიქით, ბევრად მეტს ვმუშაობ და ბევრად ხარისხიანად. გარდა ამისა, მრჩება დრო სხვა მიმართულებით განვვითარდე, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩემს განწყობაზე, ისე შემოქმედებაზე. საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მაქვს. მიმუშავია პატარა ვებსტუდიაში, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოში, ბანკში. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმები გამომიცდია. ყველა მათგანს აერთიანებს საერთო მახასიათებელი – ჩარჩო, რომელსაც უნდა მოერგო, სხვანაირად უფროსების კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებ. ჩემთვის რთულია იმის გაცნობიერება, რომ დროს ვერ ვიყენებ ისე, როგორც ვისურვებდი, რეალობის საუკეთესო ვარიანტში. არ მიყვარს ოფისში ჯდომა, მთრგუნავს ერთი და იმავე გარემოს ყურება. მირჩევნია, სხვადასხვა სივრცეები ავითვისო. ვაღიარებ, აბსოლუტურად ყველა სამსახურიდან ვიპარებოდი ხოლმე სასეირნოდ, ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. ფრილანსერობა საშუალებას მაძლევს, ვიმოძრაო, ვიყო ზღვაზე, მთაში, ბალახზე, ხეზე, ვიგრძნო თავისუფლება, ვიფიქრო უსაზღვროდ, ვიყო უფრო თამამი, ვიყო ის, რაც მინდა და არა ის, რაც უფროსს მოეწონებოდა. ბევრ კომპანიაში რატომღაც თვლიან, რომ ვინც გვიან მიდის სამსახურიდან, უფრო კარგი ტიპია და თანამშრომლებიც, თავს იკლავენ ოფისში 9-10 საათამდე ჯდომით. სინამდვილეში, ამ დროის გატარება თავის შვილებთან, მეგობრებთან ან თუნდაც, მარტო, სიმშვიდეში სურთ. დრო ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს. ამიტომ, მირჩევნია, არასტაბილური შემოსავალი მქონდეს და ჩემი თავი მე მეკუთნოდეს. თუმცა, არასტაბილური შემოსავალი, აპრიორი, არ ნიშნავს ცოტა შემოსავალს. გარდა კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფრილანსერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „პლუსი“ ისაა, რომ მოდუნების საშუალება არ მაქვს. როგორც კი მოვდუნდები, შეკვეთები აღარ მექნება. ამ განწყობით მუშაობისას ყველა პროექტს მთელი გულით ვაკეთებ და საქმეს არასდროს „ვაფუჩეჩებ“. მიყვარს რასაც ვაკეთებ, რადგან მე ვწყვეტ, რა გავაკეთო. შედეგად, ჩემი პორთფოლიო უფრო სწრაფად ივსება კარგი პროექტებით, ვიდრე კომპანიებში მუშაობისას.

ია დარახველძე (არტ დირექტორი/გრაფიკოსი. კომპანია BRID დიზაინ სტუდიის მფლობელი): ეს პროფესია ინდივიდუალური პროექტის დამსახურებით ავირჩიე. კონკურსში ვმონაწილეობდი, სადაც პირველი ადგილი ავიღე. მივხვდი, თუ რას ნიშნავს ინდივიდუალურად პროექტების კეთება და რამხელა სიამოვნება მოაქვს შენი ნამუშევრის დაფასებას. ასე დავიწყე წინსვლა. პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიაში, მაგრამ ფრილანსერობა არ შემიწყვეტია და რატომ?! ფრილანსერობის უპირატესობა არა მარტო ინდივიდუალური იდეის განხორციელება და მისი შესრულებაა, არამედ უდიდესი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობაში. პროდუქტი რომ გაყიდო, აუცილებელია, იცნობდე დამკვეთს. ზუსტად უნდა გრძნობდე, რა უნდა მას და შენი მხრიდან დახვეწილი, გამორჩეული, მასზე და ხალხზე მორგებული პროდუქტი შესთავაზო. ფრილანსერობის დროს შენ ყალიბდები ინდივიდად, გაქვს შენი წესები, შენი ხედვა, შენი მიზანი და როცა ამ მიზანს ბოლომდე ახორციელებ, ისე რომ დამკვეთი ბედნიერია და Veni, vidi, vici – (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე)-ის ემოციით აგრძელებ მუშაობას. თუ გაქვს ამბიცია, რომ გახდე კარგი დიზაინერი, აუცილებლად უნდა იყო ფრილანსერი. ეს ჩემი რჩევაა.

გიორგი წოწკოლაური (Wer Michèlle-ის დამფუძნებელი): კომპანია არსებობს 2010 წლიდან, ამ სახელით Wer Michèlle-მდე ვაკეთებდი გრაფიკულ დიზაინს, უბრალოდ სხვა სახელი მქონდა, კარგი ბრენდინგი არ იყო და ვერც ვახდენდი კარგად პოზიციონირებას. შემდეგ შეიქმნა Wer Michèlle. ბევრჯერ გამოვიცვალე სამსახური, ძიებაში ვიყავი. სულ ვფიქრობდი, რომ არ იყო სწორი მუშაობის ასეთი ფორმატი – დილიდან საღამომდე ერთ სივრცეში ყოფნა. თუმცა, იმის ფუფუნება არ მქონდა, რომ ეს რეალობა შემეცვალა. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ფრილანსერობით ჩემს თავს თავისუფლებას მივცემდი. ემოციური თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, არ შემიძლია კონკრეტულ ადგილზე დიდი დროის გატარება. ფრილანსერობა კი იდეალური სტატუსია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლებას, მოქნილობას და საკუთრ თავთან მეტი დროის გატარებას ამჯობინებს. ფრილანსერ დიზაინერთა უპირატესობა, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყანაში, ვფიქრობ, საკომუნიკაციო საშუალებების სიმრავლეშია. რეალურად, ფრილანსერობით უფრო მეტი თანხის გამომუშავება შეგიძლია, ვიდრე კომპანიაში „მოჭრილი ხელფასია“.

Audi-ს მაღალტექნოლოგიური სისტემა და ქვეითების უსაფრთხოებისთვის!

ხაშმის საფერავის ექსპორტიორი მეღვინეობა Artizani, რომელიც Vivino.com-ზე საუკეთესო ღვინოებს შორის გვხვდება