პენსიაზე გასვლახშირად კორპორაციული სივრცის პრიზმიდან განიხილება. თუ ოდესმე დაგინახავთ კორპორაციული თანამშრომელი, რომელიც სიამოვნებით ათვალიერებს თავის საპენსიო ანგარიშს და კმაყოფილებით აკვირდება ციფრების ზრდას, უკვე იცით, რაზეა საუბარი. ეს შედარებით კომფორტული სამყაროა მათთვის, ვინც კორპორაციულ კიბეზე ადის.
მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია აშშ-ში მცხოვრები 16.8 მილიონი თვითდასაქმებულისთვის. ბოლო ორი წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს რიცხვი კიდევ 1.4 მილიონით გაიზარდა. ეკონომიკური ცვლილებები, შემცირებები თუ პირადი გადაწყვეტილებები – მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა შედეგი ერთი: სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს დამოუკიდებელ საქმიანობას, მაგრამ მწირია რესურსები, რომლებიც მათ საპენსიო დაგეგმვაში დაეხმარებოდათ.
როდესაც ტრადიციული მოდელი ვერ მუშაობს
თვითდასაქმებულთა სამყაროში ბევრი გამოწვევა არსებობს, რომლებიც საპენსიო დაგეგმვას ართულებს. წარმოიდგინეთ არასტაბილური შემოსავალი, დამსაქმებლის მიერ გაკეთებული დამატებითი შენატანების არარსებობა და შენატანების განხორციელების პროცესი, რომელიც ბევრად უფრო რთული და მოუხერხებელია.
საპენსიო ცხოვრების ახალი ხედვა
ალბათ თქვენც გინახავთ ადამიანები, რომლებიც დღეებს ითვლიან პენსიამდე. ისინი ვერ იტანენ საკუთარ სამსახურს და ოცნებობენ დღეზე, როცა მუშაობას შეწყვეტენ. თვითდასაქმებულთა სამყაროში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. განსაკუთრებით კრეატიული პროფესიების წარმომადგენლებისთვის – მათთვის საქმიანობა იდენტობის ნაწილია.
ამიტომაც, თვითდასაქმებულთათვის პენსია არა სრულად გაჩერება, არამედ უფრო შენელებულ რეჟიმზე გადასვლაა. ეს შეიძლება იყოს საყვარელ პროექტებზე მუშაობა, კონსულტაციების გაწევა ან მენტორობა – არა მთლიანად სამუშაოს მიტოვება, არამედ ტემპისა და დატვირთვის შეცვლა.
ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინანსური გათვლებიც იცვლება. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ ნულოვან შემოსავალზე პენსიის პერიოდში, ვფიქრობთ შემცირებულ შემოსავალზე და გზებზე, როგორ შევავსოთ ეს დანაკარგი.
როცა მომდევნო ეტაპი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის
თვითდასაქმებულებს არ ელით საპენსიო წვეულება ოფისში. არავინ გაჩუქებთ გრავირებულ საათს, რომელიც კომპანიაში ნამსახურებ წლებს აღნიშნავს (თუმცა, არავინ გიშლით, რომ ასეთი საჩუქარი საკუთარ თავს თავად უყიდოთ!).
თვითდასაქმებულთა პენსია მეტ თვითორგანიზებას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, თავისუფლებას გაძლევთ, თავად განსაზღვროთ საკუთარი გზა. თქვენ უკვე გაბედეთ ეს ერთხელ, როდესაც საკუთარი საქმე დაიწყეთ. იმავე თავდაჯერებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პირადი საპენსიო სტრატეგიაც, რომელიც ზუსტად თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს მოერგება.
წყარო: Fastcompany