in

დამკვეთთან სწორი კომუნიკაციის რეცეპტები ფრილანსერებისთვის

თუ ფრილანსერი ხართ და ამჟამად პროექტები გაკლიათ, თქვენი გვესმის. ეს ყველას გამოგვიცდია. ბუნებრივია, ფიქრობთ, რომ რეაგირების საუკეთესო გზა ახალი კლიენტების ძიებაა, მაგრამ კარგი ფრილანსერობა მარტო ახალი დამკვეთების შოვნას არ ნიშნავს, არამედ უკვე არსებულებთანაც უნდა გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, რომ ისევ თქვენთან მოუნდეთ მობრუნება.

ჩვენ ირგვლივ ხშირად ხდება მოვლენები, რომლებიც ეკონომიკურად გვაზარალებს. ჯერ იყო პანდემია, ომები…ამ ბოლოს კი, ხელოვნური ინტელექტის აღზევებამ ფრილანსერთა ჯავშნები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ დროს სწორედ ერთგული კლიენტები თამაშობენ დიდ როლს იმაში, რომ უმუშევრად არ დავრჩეთ. ისინი იცნობენ თქვენს სამუშაო სტილს, ენდობიან თქვენს გემოვნებასა და შესრულებას, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ მათთან კავშირი პირველივე პროექტის მერე არ გაწყდეს? ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

Just ask for Work

ალბათ გინახავთ მიტანის აპლიკაციის Just Eat-ის რეკლამები. ასევე, იცნობთ Nike-ის ლეგენდად ქცეულ სლოგანს Just Do It. ამ ლექსიკონს დავუმატოთ Just Ask for Work. 

იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე უძილო ღამე გაატაროთ ნერვიულობაში, შეგიძლიათ, ყოფილ კლიენტს უბრალოდ ელფოსტა გაუგზავნოთ და ჰკითხოთ, ხომ არ სჭირდებით რამეში. ხშირია შემთხვევა, როცა მათგან დადებითი პასუხი მოდის. მართალია, ყველას მოგვწონს ისეთი იმიჯის შექმნა, რომ ძალიან დაკავებული ვართ და არ გვჭირდება ახალი სამსახური, მაგრამ არაბუნებრივი არაფერია იმაში, რომ შეიძლება რომელიმე პროექტი დასრულდეს და ახალს ვეძებდეთ.

ფოკუსირება გრძელვადიან პერსპექტივაზე

გრძელვადიან ურთიერთობას დამკვეთთან მისი სურვილების გაგება და სწორი კომუნიკაცია ქმნის. ფრილანსერებმაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც ჩვენ, ისე დამკვეთიც ღელავს იმაზე, რომ კარგი პროდუქტი მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაგეგმოთ დამატებითი შეხვედრა, მისცეთ რჩევები, გაუზიაროთ ძველი გამოცდილება, თუ ხედავთ, რომ დაბნეულია და კონკრეტულად ვერ გისაბუთებთ, რა სურს…ერთი სიტყვით, თქვენზეა ბევრი რამაა დამოკიდებული.

გააკვირვეთ ისინი

ალბათ გსმენიათ ფრაზა: „არასაკმარისი დაპირება, გადაჭარბებული შესრულება“. ამ ფრაზაში თავისი სიმართლე დევს, მაგრამ ფრილანსერობის შემთხვევაში, ხშირად შეცდომაა იმის ფიქრი, რომ „ზედმეტად შესრულება“ ნიშნავს უფრო მეტ საათს მუშაობას ან მეტის გაკეთებას უფასოდ. 

არადა, კლიენტის გაკვირვება ზედმეტი მუშაობის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია ღირებულებების სწორად განაწილება. მაგალითად, შეგიძლიათ, კონსულტაცია გაუწიოთ დამკვეთს არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პროექტზე, რასაც თქვენ უკეთებთ, არამედ თქვენს კომპეტენციაში არსებულ სხვა საკითხებზეც, მისცეთ კეთილი რჩევა, აჩვენოთ რაიმე რეფერენსი, თუ როგორ შეუძლია, გააძლიეროს თავისი ბრენდი სხვის მაგალითზე და ა.შ.

აგრძნობინეთ, რომ უსმენთ

ელფოსტაზე პასუხის დროულად დაბრუნება, ზარებზე პასუხი, შეხვედრების დროს მათ საქმეზე სრულად კონცენტრირება – ის მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც დამკვეთს თქვენს თავს აუცილებლად მოაწონებს. ნებისმიერ ჩვენგანს გვიყვარს, როცა გვისმენენ, თუმცა კლიენტებისთვის ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან მათთვის პროექტი, რომელსაც გვიკვეთავენ, ძალიან ავთენტური და პერსონალურია. როცა ისინი ხედავენ, რომ ჩვენც დაინტერესებული ვართ მათი პროექტით, ჩვენთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზეც დაფიქრდებიან. 

კონტაქტის შენარჩუნება

კონტაქტის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს კლიენტის შეწუხებას, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შეგიძლიათ, ელფოსტა გაუგზავნოთ და მოიკითხოთ. მაგალითად, დაინტერესდეთ, როგორ იმუშავა თქვენმა შესრულებულმა პროექტმა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლისგან და ა.შ. ეს თვისება ნამდვილად დადებითად იმოქმედებს კლიენტზე და მას სურვილი ექნება, სხვა დროსაც ითანამშრომლოს ასეთ ყურადღებიან ფრილანსერთან.

„ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

TikTok მშობლებსა და კრეატორებს ახალ ფუნქციებს სთავაზობს