სმარტფონი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, შეტყობინებები, მათი წერა და კითხვა – ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როდესაც, “განუყოფელს” ვამბობთ, მას მრავალი კუთხით და ყველა საქმიანობაში ვგულისხმობთ, რაც ყველაზე საგანგაშოა ავტომობილის მართვის დროს. ამ ბოლო პერიოდში სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან ნაწილს. ორგანიზაცია French Road Safety-მ, რომელიც ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, ახალი სარეკლამო პრინტ კამპანია გამოუშვა. პოსტერები, რომლებიც საჭესთან სმარტფონის გამოყენების გამო მოსალოდნელ უბედურ შემთხვევებს გამოხატავენ, სააგენტო La Chose-მა იმ მიზნით მოამზადა, რომ თითოეულმა ადამიანმა მანქანის მართვისას სმარტფონზე ხელის დაჭერის დროს, მეტი წინდახედულობა გამოიჩინოს.














