შემდეგ ჯერზე, როცა ხანგრძლივი ფრენა გექნებათ, კარგად დაფიქრდით დალევასა და ჩაძინებაზე — ახალი კვლევის თანახმად, ეს კომბინაცია თქვენს გულს მაღალი რისკის წინაშე აყენებს. ჩვენ ვიცით, რომ სიმაღლეზე ასვლისას სისხლში ჟანგბადს დონე (SpO2) ვარდნას იწყებს, ტექნიკურად კი ეს ცნობილია, როგორც ჰიპობარიული ჰიპოქსია. ახალი კვლევის თანახმად, ალკოჰოლთან და ჩაძინებასთან ერთად, ეს პოტენციურად საშიში ნაზავია.
თუმცა სანამ ამას გვეტყოდნენ, მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთთან ნორმალური იყო წნევა, მეორესთან კი ხელოვნურად შექმნილი ისე, რომ იმ მაჩვენებლისთვის მიეღწიათ, რომელსაც 2438 მეტრზე ჩვენი ორგანიზმი გვთავაზობს.
„ეს კვლევა პირველია მათ შორის, რომელიც ჰიპობარიული ჰიპოქსიისა და ალკოჰოლის მოხმარების შემდგომ ძილის კომბინირებულ გავლენას შეისწავლის. ვაჩვენეთ, რომ თვითმფრინავში ალკოჰოლის მოხმარება ჯანმრთელობის რისკია, რომელიც მარტივად შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან“, — აცხადებენ მეცნიერები.
ჯამში კვლევა ოთხი ჯგუფისგან შედგებოდა, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ნორმალური წნევა აღენიშნებოდათ სასმლით ან მის გარეშე და იმათგან, ვინც ხელოვნური წნევის ქვეშ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ფხიზელი. მიღებული სასმელი თითქმის 2 ქილა ლუდის ან 2 ჭიქა ღვინის ოდენობის იყო. ექსპერიმენტების დროს მონაწილეები შეზღუდული იყვნენ ღამით ძილის ხანგრძლივობაშიც, დაახლოებით 4 საათამდე, რათა ფრენის დროს ძილის შეზღუდული შესაძლებლობისთვის მიებაძათ.
შედეგები კი ასეთია — ჩვეულებრივი წნევის დროს ადამიანს, რომელიც მოიხმარდა ალკოჰოლს, სისხლში ჟანგბადის დონე 94.97% ჰქონდა, გულის ცემა კი წამში 76.97-ს აღწევდა. ხოლო მათთვის, რომლებიც არ იღებდნენ ალკოჰოლს ჩვეულებრივი წნევის პირობებში, პირველი მაჩვენებელი 95.88%-ს უდრიდა, ხოლო მეორე 63.74-ს. შემცირებული წნევისას მსმელებში სისხლში ჟანგბადის დონე 85.32% იყო, გულის ცემა კი 87.73 წუთში, რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც არ მოიხმარდნენ ალკოჰოლს, პირველი 88.07%-ს, ხოლო მეორე 72.90%-ს უდრიდა.
გამოდის, რომ თვითმფრინავის მსგავს პირობებში სისხლში ჟანგბადის დონე იმაზე დაბალია, გულისცემა კი იმაზე მაღალი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. ეს ზემოქმედება კი კიდევ უფრო დიდი იყო მათ შორის, ვინც ალკოჰოლს მოიხმარდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ სისხლში ჟანგბადის დონის კლინიკურად მიღებული ჯანსაღი მაჩვენებელი 90%-ია. ზემოთ მოცემულმა ფაქტორებმა კი ღრმა და REM ძილში გატარებული დროის ხანგრძლივობაც შეამცირა — ეს ორი უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი გამოძინებისთვის.
მკვლევრების თქმით, სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე და მაღალი პულსი გულსისხლძარღვთა სისტემას ძალიან ტვირთავს, შესაბამისად, არაჯანსაღი ჩვევები ფრენის დროს გულის პრობლემების გაზრდილ რისკს უკავშირდება — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. მკვლევრების ვარაუდით კი, ასაკოვან და უფრო მოწყვლად პირებში სტატისტიკური ცვლილება მეტად გამოხატული იქნება, რასაც უკვე მომავალ კვლევებს მიუძღვნიან. თუმცა მანამდე გვეუბნებიან, რომ „ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერება საჯარო კამპანიებითა თუ სხვა მეთოდებით უნდა გაიზარდოს“.