in

Fridon House – ფრიდონ გვარიშვილის თანამედროვე, კაპიტალური კოტეჯი სოფელ მილისში

თუკი ერთხელაც ბათუმთან ახლო სოფლების მოვლას გადაწყვეტთ და აჭარის ბუნების სიღრმისეული შესწავლა მოგინდებათ, გირჩევთ სოფელი მილისი მოინახულოთ, რომელიც ბათუმიდან 33 კილომეტრის სავალზე, დაბა ქედიდან კი – 16 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამას მხოლოდ აქ არსებული თვალწარმტაცი ბუნების გამო არ გირჩევთ.. როგორც აქაური ერთ-ერთი მასპინძელი გვიყვება, ეს სოფელი საკმაოდ ხელსაყრელია ფრინველების გადაფრენასა და აქაურ ფლორსა და ფაუნაზე დასაკვირვებლადაც. ჩვენ მიერ ნახსენები მასპინძელი კი, რამინ გვარიშვილია, აქ არსებული სასტუმროს, “Fridon House-ის” ერთ-ერთი შემქმნელი, რომლის ოჯახიც ტურისტებს სოფელ მილისში 2015 წლიდან იღებს.

პირველი ტურისტები

მანამ, სანამ ცალკე საოჯახო სასტუმროს ავაშენებდით, 2015 წლიდან ტურისტებს საკუთარ სახლში ვიღებდით. ამ პერიოდში სოფელ მილისში საკმაოდ მწირი პირობები იყო იმისთვის, რომ უცხოელები აქ მოსულიყვნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო გზა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიგო. ამან ბევრად გააიოლა ტურისტების ჩვენამდე მოსვლა.

თავდაპირველად, უცხოელებზე კომერციული გათვლები არც გვქონია, თავიდან უბრალოდ გზამკვლევები ვიყავით ხოლმე. შემდეგ, როცა ტურისტების რაოდენობამ იმატა, გადავწყვიტეთ, ჩვენი ყოველდღიური, ზოგჯერ რამდენიმესაათიანი, ზოგჯერ კი რამდენიმედღიანი საქმიანობა ბიზნესად გვექცია.

თავდაპირველი ტურისტები აქ ხშირად იმისთვის მოდიოდნენ, რომ ფრინველთა გადაფრენის პროცესს დაკვირვებოდნენ. ჩვენი “გესთჰაუსიდან” დაახლოებით 6 კილომეტრში არის მთავარანგელოზის მთა, საიდანაც ეს პროცესი ძალიან კარგად ჩანს. ასევე, გვყავდნენ ისეთი სტუმრებიც, რომლებიც აქაურ ფლორასა და ფაუნას აღწერდნენ. იყვნენ ტურისტებიც, რომლებიც უბრალოდ სალაშქროდ მოდიოდნენ და GPRS-ით იკვლევდნენ გზას. მათ ჩვენი გიდობა დიდად არ სჭირდებოდათ, ჩვენ მათ უბრალოდ კომფორტულ დასარჩენ ადგილს ვთავაზობდით.

კოტეჯი “ფრიდონჰაუსი”

თუმცა, ხშირად ხდებოდა ხოლმე ისე, რომ ტურისტები ჩვენს სახლში არ რჩებოდნენ და იმ ადგილზე შლიდნენ კარავს, სადაც დღეს კოტეჯი გვაქვს აშენებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ იზოლირებულად, სიმშვიდეში ყოფნის და დასვენების სურვილი ჰქონდათ და არა საოჯახო სასტუმროში, სხვებთან ერთად. ამიტომაც 2015 წლიდან უკვე გაგვიჩნდა იდეა, ჩვენს 1000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ეზოში ჩაგვედგა ორსართულიანი კაპიტალური კოტეჯი, რომელიც ტურისტების მოთხოვნებზე იქნებოდა გათვლილი. შედეგი სწორედ რომ ასეთი მივიღეთ – იზოლირებული ეზოთი ორი იზოლირებული ნომერი ავაშენეთ. დღესდღეობით ჩვენი კოტეჯის პირველ სართულზე მდებარეობს ღია სივრცე, სამზარეულო და სველი წერტილი, ხოლო მეორე სართულზე კი ყველა საჭირო სერვისით აღჭურვილი ორი ნომერი, რომელთა ვიტრაჟებშიც სოფელ მილისის მთები მოჩანს.

სერვისი, რომელსაც გვარიშვილების ოჯახი ვიზიტორებს სთავაზობს

დღესდღეობით ჩვენ ტურისტებს ვთავაზობთ გიდის მომსახურებას. თავდაპირველად გვსურდა, რომ კვებაც ჩვენვე შეგვეთავაზებინა, თუმცა შემდეგ უკვე როცა დავფიქრდით, მივხვდით, რომ ევროპული მოდელით ჯობდა გვემოქმედა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მზარეულებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, თავიანთი კერძები ჩვენი ტურისტებისთვის შეეთავაზებინათ. ამ გზით ვცდილობთ, სოფლის მოსახლეობამაც მიიღოს შემოსავალი. გარდა ამ ყველაფრისა, ჩვენს კოტეჯში სტუმრებს ასევე შეუძლიათ, მოაწყონ ივენთები – დაბადების დღეები, მცირე ქორწილები ან უბრალოდ წვეულებები.

ქედა-ლიდერი

ქედა-ლიდერის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც აღვნიშნე, 2015 წლიდან გვქონდა იდეა, დამოუკიდებელი სასტუმრო აგვეშენებინა და ამ პროექტის გრანტმა, როგორც იტყვიან, სულზე მოგვისწრო. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დაფინანსება და მხარდაჭერა. რასაკვირველია, გვქონდა რესურსი, რითიც ვაპირებდით ჩვენი ბიზნესის გაფართოებას, თუმცა, გრანტის მოპოვებამ პროცესები დააჩქარა, შევძელით ბევრად უფრო ადრე აგვეშენებინა კოტეჯი და დღეს უკვე მეოცე დღეა, რაც ჩვენი სასტუმრო ფუნქციონირებს.

ფრიდონ გვარიშვილის პროექტი გახდა ევროკავშირის მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღნიშნული პროექტის საქმიანობები ხორციელდება ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, LAG-ის წევრები აქტიურად ეხმარებიან ბენეფიციარებს პროექტის მიზნების მიღწევაში.

გვარიშვილების ბიზნესის დადებითი მხარეები

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესით ხელს ვუწყობთ სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვცდილობთ, მუნიციპალიტეტთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს, რათა სოფელი შევავსოთ იმით, რაც მას დღეს აკლია, მაგალითად: განათებების დამონტაჟება, გზის საფარის უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარვეზის გამოსწორება და ა.შ ამ ყველაფერს ემატება ტურისტების სურვილი და მონდომება, ჩვენი სოფელი და აქაური სერვისები, თუნდაც აქაური ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი უფრო ცნობადი გახადონ.

გარდა ამისა, ჩვენივე საქმიანობით, ვცდილობთ მეტი ხალხი დავასაქმოთ – როგორც ჩვენს ბიზნესში, ისე მის გარეთაც. როგორც აღვნიშნე, კვების კუთხით მუდმივად სხვა ადგილობრივებთან ვუშვებთ ჩვენს სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას უკვე უწევს მათ კვებაზე ზრუნვა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს დასაქმებას. რაც შეეხება ჩვენ მიერ დასაქმებას – მაგალითად, ჩვენი კოტეჯის აგებასა და სრულყოფაში მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივები დავიხმარეთ. არც გვგონია, რომ სხვა, სპეციალურად დაქირავებული მუშახელი ამას უკეთ მოახერხებდა. შესაბამისად, ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ჩვენც მივიღოთ სარგებელი, ადგილობრივებმაც და მთლიანად სოფელმა და რეგიონმა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

შოთა ჩინჩალაძეს LEVEL C-მ ბრენდინგის სპეციალისტის კომპეტენტია დაუდასტურა – რას ნიშნავს ეს?

როგორ უნდა აკონტროლონ ლიდერებმა თავიანთი ეგო?