in

რატომ არის სერიალი “Friends” მარკეტინგის კარგი მასწავლებელი?

10 ადამიანი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რომელია მისი საყვარელი სითკომი, მათგან მინიმუმ რვა მაინც გიპასუხებთ, რომ “Friends” უყვარს. 90-იან წლებში გამოსული ეს მხიარული სერიალი დღესაც, 2023 წელს ძალიან პოპულარულია. მან შექმნა პერსონაჟები, ისტორიები და ფრაზები, რომლებზეც დღესაც გვეცინება და მოგვწონს. 

ის კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს შეაყვარო შენ მიერ შექმნილი პროდუქტი. რადგანაც მარკეტერები იდეებსა და შთაგონებას ყველგან ეძებენ – ეს შეიძლება იყოს სახელმძღვანელო, პირდაპირი ვიდეოგაკვეთილი YouTube-ზე ან ისეთი ცნობილი ტელეშოუ, როგორიც „ფრენდსია”. კარგად თუ დავაკვირდებით, მასში მარკეტინგის რამდენიმე კარგი გაკვეთილი იმალება, საიდანაც შეიძლება ინსპირაცია სხვებმაც ავიღოთ.

გაიცანი შენი მომხმარებელი

ბიზნესისა და მარკეტინგის წარმატების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია საკუთარი მომხმარებლების კარგად გაცნობა და მათი სურვილების გაგება. 

არა პირდაპირი, მაგრამ რეჟისორული ხედვით თუ სწორი სტრატეგიით, „ფრენდსმა” მიაღწია იმას, რომ მომხმარებელს მის გმირებში საკუთარი თავი ამოეცნო. მისი სატელევიზიო შოუს გმირები არ არიან იდეალური ადამიანები, ისინი უშვებენ იმავე შეცდომებს, რასაც რეალური ადამიანები; ისინი ხედავენ თავიანთ მინუსებს და ცდილობენ, უკეთესობისკენ შეიცვალონ – ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

მაგალითად, რეიჩელი საკუთარი იდენტობის შექმნას ცდილობს, ჯოის ოცნება მსახიობობაა და ამისკენ მიისწრაფვის, მონიკა სისუფთავეზე ზედმეტადაა გადარეული, ფიბი კი არც ისე გადასარევი მომღერალია, როგორც ჰგონია. 

ეს გმირები შეგვიყვარდა იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივები არიან და მათთან საკუთარ თავს ვაიგივებთ. ეს გაკვეთილი მარკეტერებს ნებისმიერი ბიზნესის იმიჯის შექმნისას გამოადგებათ.

არ შეუშინდეთ სტრატეგიის შეცვლას, როცა ამის საჭიროებაა

როდესაც თქვენი აუდიტორიის კარგად გესმით და მათთვის კონტენტს ქმნით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ შინაარსის წარმატების გაზომვა. როცა ის კარგად მუშაობს, ეს იმის მანიშნებელია, რომ გააგრძელოთ ამ რეჟიმში, ხოლო თუ აუდიტორიას რამე არ მოსწონს, უნდა შეცვალოთ ტაქტიკა. 

ისევ „ფრენდსის” მაგალითზე თუ განვიხილავთ, ყველას უყვარს მონიკასა და ჩენდლერის წყვილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად მათი გამოჩენა მოკლე ვადით იყო დაგეგმილი. შოუს შემქმნელები აკვირდებოდნენ მაყურებლის გამოხმაურებას და რადგან მაყურებლებს ძალიან მოეწონათ ეს წყვილი, შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ისინი საკულტო პერსონაჟებად ექციათ.

„ფრენდსმა” გვასწავლა, რომ ინფლუენსერობა სასარგებლო ინსტრუმენტია

ახლა 2023 წელია და ინფლუენსერობის ძალა მარკეტინგმა არც ისე დიდი ხანია, რაც თავის ერთ-ერთ იარაღად აქცია. FRIENDS ის სერიალია, რომელმაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გვასწავლა, რომ ეს სასარგებლო ინსტრუმენტია რეიტინგის გასაზრდელად და იმიჯის შესაქმნელად. 

მეათე სეზონში მოწვეულნი იყვნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი და სხვები. თანაც ისინი იმდენად ორგანულად იყვნენ ჩასმულნი არსებულ სიუჟეტში, რომ არავითარი ხელოვნურობა არ იგრძნობოდა. მნიშვნელოვანია, მარკეტერებმა გაითვალისწინონ ეს და მაგალითად გამოიყენონ, როცა თავიანთ კონტენტს დაგეგმავენ.

დატოვეთ ინტრიგა

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ცხადია, რომ ხალხს უყვარს საიდუმლოებები. FRIENDS-ის შოუს შემქმნელები ამას თავიდანვე ითვალისწინებდნენ და ისეთ პასაჟებს გვთავაზობდნენ, სადაც მაყურებელს ბოლომდე არ ჰქონდა გადაშლილი ყველა დეტალი. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ როსისა და რეიჩელის ურთიერთობა. 

ეს მეთოდი ბიზნესკამპანიების დროსაც შეიძლება გამოგადგეთ. მოიფიქრეთ რამე ისეთი, რითაც მიიზიდავთ მომხმარებელს და დაუტოვეთ მას საშუალება, სხვადასხვა აზრი ჰქონდეს ამ თემაზე იქამდე, სანამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდის დრო არ მოვა. ამ დროისთვის კი თქვენი პროდუქტი უკვე საკმაოდ პოპულარული იქნება.

ვირუსული კამპანიები ერთ ღამეში არ კეთდება

თუ თქვენ გიმუშავიათ ან ახლა მუშაობთ სააგენტოში, მოსმენილი გექნებათ ფრაზა „ვირუსული კამპანია”. იმისთვის, რომ კამპანია მართლაც ვირუსულად გავრცელდეს, საკმაოდ დიდი ხნის დაგეგმარება და უზადო შესრულებაა საჭირო. წარმატება ერთ ღამეში არ მოდის და მოთმინებაა საჭირო.

თუ ფრენდსის გამოცდილებას მოვიშველიებთ, ის თავიდან არ იყო ისეთი გავრცელებული და პოპულარული, როგორიც ახლა. ამის მიუხედავად, შოუს შემქმნელები გამუდმებით აგრძელებდნენ შინაარსის ადაპტირებას, კვლევას, აუდიტორიის გემოვნების გარკვევას და საბოლოოდ, მოახერხეს, რომ დაეხვეწათ სტრატეგია. 

მარკეტინგში ყოველთვის ასეა. იმისთვის, რომ შენი პროდუქტი ფართო საზოგადოებაზე გაიტანო, უნდა ჩაატარო გამოკითხვები, მოუსმინო მომხმარებელს, გაიგო, რა სჭირდება მას და იმის მიხედვით იმოქმედო. 

სცენარისტთა კარგი გუნდი

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ფრენდსი არ კარგავს აქტუალობას, ისაა, რომ მას სცენარიტების კარგი გუნდი ჰყავს, ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხარისხიან ნარატივს დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ამბის თხრობა, ე.წ. სთორითელინგი მარკეტინგისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორი თხრობა აქვთ იმ საკულტო ფილმებს და სერიალებს, რომლებიც ხალხს უყვარს და შეგვიძლია ისინი ინსპირაციად გამოვიყენოთ. 

პოპკულტურის გამოხატვა

ფრენდსი მრავალი სეზონის განმავლობაში იყო პოპკულტურის ნაწილი და მასში ხშირად ჩნდებოდა ისეთი დეტალები, რომლებიც იმდროინდელ პოპკულტურას გამოხატავდა. თემები, რომლებიც აქტუალური და საინტერესოა მოცემულ მომენტში, კარგი იარაღია ჩვენი კონტენტის შესაქმნელად. ეს გაკვეთილიც შეგვიძლია ამ ტელეშოუდან ვისწავლოთ და ჩვენს პროდუქტში დავნერგოთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Smart Brabus – გაერთიანებული ამბიციებით შექმნილი ელექტრომობილი, რომელსაც მალე Autogallery შემოგვთავაზებს

რელოკაცია პარიზში – გვანცა გარმელია Qonto-ს სტრატეგიული მარკეტინგის პროექტებს წარმართავს