in ,

კომპანია FACEBOOK-ს ახალი ლოგო აქვს

Facebook-მა მოღვაწეობა ერთი ვებგვერდით დაიწყო. თუმცა, დღეს, 15 წლის შემდეგ, მისი მომხმარებლები ყველაზე კარგად მაშინ ვხვდებით, რამდენად დიდი კომპანია გახდა ფეისბუკი, როცა მის სისტემაში ხარვეზი იპარება. ამ დროს ითიშება არამხოლოდ Facebook-ის აპლიკაცია/საიტი, არამედ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელებიც – Instagram და WhatsApp. ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტებისა, რომელსაც ფეისბუკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, საკუთარი ფრთის ქვეშ ავითარებს. ამის მიუხედავად, ხშირად ხდება კომპანიის მხოლოდ ერთ სოციალურ ქსელთან ასოცირება.

სწორედ ამიტომ, კომპანია Facebook-მა რებრენდინგი განახორციელა, იმისათვის, რომ Facebook-ის სახელმა უფრო მკვეთრად გამოხატოს ის ბრენდები, რომლებიც მისი ფრთის ქვეშ ერთიანდებიან. შესაბამისად, კომპანიას ახალი ლოგო აქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ სოციალურ ქსელ ფეისბუკსა და მის აპლიკაციას ეცვლება ლოგო. რებრენდინგი ფეისბუკს, როგორც კომპანიას ეხება და არა როგორც ცალკეულ სოციალურ ქსელს.

ახალი ბრენდინგი შექმნილია ტიპოგრაფიისა და კაპიტალიზაციის დახმარებით, იმისათვის, რომ აპლიკაცია/სოციალურ ქსელსა და მთლიან კომპანიას შორის განსხვავება თვალსაჩინო იყოს. საყურადღებოა ლოგოს ცვალებადი ფერიც, რითაც კომპანია მისი პროდუქტების მრავალფეროვნებას გამოხატავს. სავარაუდოა, რომ FACEBOOK-ის ახალი ლოგო, კონკრეტული პროდუქტის კონტექსტში შესაბამისი ფერით იქნება წარმოდგენილი.

როგორც Facebook-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ რომელი კომპანია ქმნის პროდუქტს, რომელსაც ისინი მოიხმარენ. ამ ეტაპზე, კომპანიის ნაწილია Facebook app, Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace, Portal და Calibra. ამ პროდუქტების უკან ერთი გუნდი დგას.

ჯერ კიდევ ივნისში, კომპანიამ თავისი პროდუქტებისთვის ნიშნის – “from Facebook” მინიჭება დაიწყო. უახლოეს კვირებში კი ეს წარწერა ახალი ბრენდინგით შეიცვლება. მაგალითად, ინსტაგრამის შემთხვევაში ეს ასე მოხდება:

უახლოეს კვირებში Facebook-ის, როგორც კომპანიის ახალ ვებგვერდსაც უნდა ველოდოთ.

წინანდლის მამულში “შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” იმპროვიზაციული ტური გაიმართა

„პულსარმა“ Silicon Valley-ზე $1.2 მილიონიანი ინვესტიცია აიღო