in

კინო, როგორც პროდუქტი! – რას მოუტანს ABK-ს საფრანგეთის ბაზარზე შესვლა ქართულ სააგენტოებს

ABK საფრანგეთის ბაზარზე შედის! ქართული კრეატიული სააგენტო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბადა, 15 წლის იუბილეს ასეთი სიახლით ხვდება. დიახ, შუაგულ პარიზში ABK-ს წარმომადგენლობა დაიდებს ბინას და საკომუნიკაციო სერვისებთან ერთად, სამთო ფროდაქშენსა და კინოპროდუქციაზე იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა კომპანია ABK Cinema, მასშტაბური ხედვით. დამფუძნებლების თქმით, ეს იქნება ქართული კრეატიული ინდუსტრიის ფრანგულ და მთლიანობაში, ევროპულ კინოსთან, სარეკლამო ინდუსტრიასთან და ინვესტორებთან დამაკავშირებელი ხიდი.

„ამ ეტაპზე, ვემზადებით ოფისის გასახსნელად და ექაუნთების გუნდის შემოსაკრებად, თუმცა მთელი წარმოება საქართველოში იქნება. ანუ კრეატივის მიმართულებით, ქართველები იმუშავებენ. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქართული სააგენტოების ჩართულობას, ვინაიდან ამ მასშტაბს მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. საქართველო არამხოლოდ გადასაღები მოედანი იქნება, არამედ ქართული იქნება თავად შემოქმედებითი გუნდი,“ – გვიამბო სააგენტო ABK-ს თანადამფუძნებელმა, ანასტასია ახვლედიანმა.

ABK-ს ფრანგულ წარმომადგენლობასა და ქართული სააგენტოების, კრეატორებისა და ფროდაქშენ კომპანიების ევროპულ ბაზართან დაკავშირებაზე ABK Cinema-ს თანადამფუძნებლები, ანასტასია ახვლედიანი და სალომე კობახიძე გვესაუბრნენ.

M: როგორია ამ დროისათვის, პირველი ნაბიჯები?

ანასტასია: ამ მომენტისთვის, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორი გვყავს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ რეკლამის სფეროში. ისინი აქტიურად მუშაობენ, რათა უკვე ამ თვის ბოლოს გვქონდეს პროექტები. ამ მომენტისათვის, სამი სინოპსისი გვაქვს მზად – დოკუმენტური, სრულმეტრაჟიანი და რეპორტაჟული დოკუმენტური კინოს მიმართულებით, რომლებითაც უკვე დაინტერესებულები არიან ფრანგული კომპანიები და ფრანგ პროდიუსერებსაც ველით საქართველოში.

ერთ-ერთი, რამაც ევროპელები განსაკუთრებით მოხიბლა, არის ABK Mta, რომელიც საქართველოს ველურ ბუნებაში ექსტრემალური გადაღებების მიმართულებით მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში მთები, როგორც წესი, ათვისებულია და გადაღებაც ხანგრძლივ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, საქართველო ამ კუთხითაც საინტერესო აღმოჩნდა, შესაბამისი პროფილის ოპერატორებით, რომელთა აქტიური გადამზადებაც ახლა მიმდინარეობს.

M: როგორ დაინახეთ კინოწარმოება, როგორ პროდუქტი?

ანასტასია: კინოს მიმართულებით განვითარება დიდი ხანია გვინდოდა. გადავიღეთ კიდეც რამდენიმე კინოპროექტი, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია ამისათვის საკმარისი ფინანსებისა და დროის გამონახვა. ასევე, იშვიათია, რომ კომერციული თვალსაზრისით მუშაობდნენ კინოზე, როგორც ეს რეკლამის შემთხვევაში ხდება. ABK Cinema-ს ამბავი კი იმით დაიწყო, რომ ერთხელაც, ჩვენთან მოვიდა ანი ქობალია, რომელიც დღეს, უკვე ABK Cinema-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და გვკითხა – თუ გვქონდა სურვილი, კინოპროდუქციისთვის კომერციული პერსპექტივიდან შეგვეხედა. მას ჰქონდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო და განვითარებულიყო კომპანია. შემდეგ, შემოგვემატა სალომე, რომელსაც იგივე სურვილი ამოძრავებდა. ასევე, კომპანიის თანადამფუძნებელია რეჟისორი ნინო ახვლედიანი. ფაქტობრივად, ამ საქმეში კვლავაც შევიკრიბეთ ოჯახის წევრები.

მანამდე კინო კომერციულ პროდუქტად არასოდეს დამინახავს. არადა, მისი ყველანაირი თვალსაზრისით არის პროდუქტი – მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, მხატვრული და ა.შ. ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იყოს მოგებიანი – მხოლოდ იდეაც კი (და არ არის აუცილებელი სცენარის სრულად დაწერა). ჩვენთან მიღებულია ჯერ კინოსცენარის დაწერა, გადაღება, ფესტივალებზე გატანა და კომერციულ მხარეზე მხოლოდ შემდეგ ზრუნვა.

M: რით აღმოჩნდა თქვენთვის მიმზიდველი კომპანიის წარმომადგენლობის სწორედ საფრანგეთში გახსნა?

სალომე: ჩემი პროფესიაა კინოს უკავშირდება. ამ მიმართულებით, საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ABK-ს დაფუძნებამდე აქტიურად ვიყავი ჩართული კინოინდუსტრიაში. შემდეგ, მასპინძლობის სფეროში გადავინაცვლე და საკუთარი რესტორანი „ტარტინი“ გავხსენი. რამდენიმე წლის წინ, კვლავ დავუბრუნდი კინოს. სწორედ მაშინ დავინახე საქართველო, როგორც მიმზიდველი ლანდშაფტი ევროპელი კინოპროდიუსერებისთვის. რაკი საფრანგეთში დავიბადე და იქაური მოქალაქე ვარ, შესაძლებლობა მაქვს ღირებული რესურსები მოვიძიო ABK-ს მასშტაბური განვითარებისთვის.

საფრანგეთში არის ცნობილი მასშტაბური ევროპული კინოცენტრი CNC, რომლის მხარდაჭერაც გვინდა მოვიპოვოთ. ABK Cinema-ს ძალიან მრავალფეროვანი რესურსის შეთავაზება შეუძლია ევროპელებისთვის – ფროდაქშენი / პოსტფროდაქშენი, კინოწარმოება, იდეების, სცენარების, გადასაღები ადგილების მოძიება… ასევე, გამოცდილება – რაც ABK-ს ძალიან უხვად აქვს. ABK-ს უმუშავია საერთაშორისო დამკვეთებთან, მუშაობს პროფესიონალურად და აქვს შესაძლებლობა, იყოს ქართული ტალანტის კომერციალიზაციის კარი ევროპაში.

M: როგორაა შესაძლებელი, რომ კინოს სფეროში მუშაობა საწყისი ეტაპიდანვე ანაზღაურებადი და როგორც ახსენეთ, „დაფასებული“ იყოს?

ანასტასია: ვფიქრობ, თავიდან გაუჭირდებათ დაჯერება, რომ რასაც ვამბობთ, რეალურია.  ევროპის ბაზარზე მუშაობის სპეციფიკა საფუძვლიანად განსხვავდება აქაურისგან. თავიდან, ყიდულობენ კინოპროექტის იდეას – სინოპსისს. ანუ დასაწყისიდანვე, ყველა ეტაპი ანაზღაურებადია. ასევე, შეიძლება კინოს იდეა ერთს ეკუთვნოდეს, სცენარი სხვამ დაწეროს, ფილმი სულ სხვამ გადაიღოს და ა.შ. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ არის გათვლილი წინასწარ – რა ღირებულება ექნება ფილმს, რა შემოსავალს მოიტანს, როგორი იქნება ფილმის შემქმნელების ანაზღაურება… მიზანიც ესაა, რომ ქართველი კრეატორები, იდეის ავტორები, სცენარისტები და სხვები იყვნენ დაფასებულები. ამ დროისათვის, ეს პროცესი პირიქით მიმდინარეობს საქართველოში.

სალომე: საქართველოში კინოს სჭირდება ფული, სხვანაირად ეს საქმე არ გამოდის. ამ დრომდე, ქართულ კინოს საერაშორისო მაყურებელს ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები უზარმაზარი ძალისხმევის ფასად აცნობენ. ეს სფერო ქართველი პროფესიონალებისთვის არ არის შემოსავლიანი. ძალიან მცირეა კინოცენტრის ბიუჯეტი და რთულია დამატებითი რესურსების მოძიება. ამის მიუხედავადაც კი, ხარისხი მაღალია. საფრანგეთი კი ევროპული კინოინდუსტრიის ცენტრია, CNC კი კინოს სფეროს პროფესიონალებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროფესიით მიიღონ შემოსავალი და არ მოუწიოთ დამატებით სამსახურებში მუშაობა, ასე ვთქვათ, თავის სარჩენად. ჩვენი გუნდის მიზანია, რომ მოვიპოვოთ ფინანსური რესურსები, რათა კინოპროდუქციაზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ ამ მიმართულებით მუშაობის მოტივაცია.

M: როგორ შეუძლიათ ქართულ სააგენტოებს ABK Cinema-სთან თანამშრომლობა?

ანასტასია: ABK Cinema არის ფრანგული კომპანია და განვმარტავ ეს რას ნიშნავს. საქართველოო არ შედის ევროკავშირის ქვეყნებში, ამდენად, ქართული რომ დაგვეფუძნებინა, არ გვექნებოდა იმ რესურსებზე წვდომა, რაც ევროპულ კომპანიებს აქვთ. რაკი სალომე საფრანგეთის მოქალაქეა, დაუბრკოლებლად შეგვიძლია ABK Cinema ფრანგულ კომპანიად დავარეგისტრიროთ. ასეთ შემთხვევაში, ნდობა ბევრად დიდია. რამდენჯერ ყოფილა, რომ კინოს იდეა აქვს ადამიანს და არ აქვს წვდომა დამკვეთებზე – ახლა იდეების ავტორები შემოსავლის მიღებას შეძლებენ. დაცული იქნება საავტორო უფლებებიც. ჩვენთან თანამშრომლობისთვის არაა აუცილებელი, რომ სცენარისტი ან რეჟისორი იყოს ადამიანი – შეიძლება ჰქონდეს იდეა, რომლის განვითარებაც არ იცის. პროფესიული განვითარების ძალიან დიდი საჭიროებაა საქართველოში, რასაც გვინდა ხელი შევუწყოთ.

სალომე: ABK საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი ხაზი იქნება ფროდაქშენი. ჩვენ გვინდა ევროპელების ყურადღება მოვაპყროთ საქართველოსკენ და აქაურობა კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ადგილად წარმოვადგინოთ, რაც მსოფლიოს არაერთ წერტილში მომხდარა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ ფროდაქშენ კომპანიებთან თანამშრომლობა. გვინდა, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიმართულებით გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. მოვიწვევთ ფრანგ პროფესიონალებს, ჩავატარებთ მასტერკლასებს და ვფიქრობთ, ეს გაზრდის ხარისხსაც და დაინტერესებასაც. ABK საფრანგეთი ქართული სააგენტოებისთვის იქნება სრულიად ახალი პერსპექტივა ევროპისკენ. უკვე გვყავს პარტნიორები, რომლებიც იცნობენ და ენდობიან ჩვენს პროფესიონალიზმს. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ნდობა გამყარდება.

M: რა სერვისებს შესთავაზებს ABK France დამკვეთებს, რაშიც სხვა ქართულ სააგენტოებსაც შეეძლებათ ჩართვა?

ანასტასია: ორი მიმართულება გვექნება – ბრენდინგი & დიზაინი და ფროდაქშენი & კრეატივი. როგორც ვახსენე, მასშტაბიდან გამომდინარე, ბევრი პროფესიონალის ჩართულობა იქნება საჭირო. შესაბამისად, გვინდა ვუთხრათ სხვა სააგენტოებს, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ ყველაფერზე მუშაობა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ირლანდიური ბრენდი Teeling Whiskey საქართველოში მასშტაბური გეგმებით დაბრუნდა

Google-მა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ფუნქციები შეიმუშავა