დიდი მიზნების მიღწევისას წარმატებული ადამიანები თითქმის ყოველთვის ერთ მთავარ რჩევას გასცემენ – აუცილებელია მოქმედება, თანაც თანმიმდევრული და უწყვეტი. თეორიულად ეს მარტივად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში ამ რჩევის გაყოლას არაერთი ფსიქოლოგიური ბარიერი ართულებს.
ერთ-ერთი ასეთი მთავარი დაბრკოლება გადამეტებული ფიქრი და ანალიზის მახეა, რაც მიზანდასახულ პროფესიონალებში უჩვეულოდ ხშირია. ადამიანმა ზუსტად იცის, რა აქვს გასაკეთებელი, თუმცა მუდმივად ეჭვობს, სწორ ნაბიჯს დგამს თუ არა. წარმატების მიღწევის გადამეტებული სურვილი პირველი ნაბიჯის გადადგმის შიშს ბადებს, რადგან ჩნდება განცდა, რომ შედეგი იდეალური არ იქნება. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელიც მოქმედების უნარს პარალიზებას უკეთებს, თუმცა არსებობს რამდენიმე პრაქტიკული გზა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
გადამეტებული განსჯის მიზეზების გააზრება
პირველი ნაბიჯი იმის გაგებაა, თუ რა იწვევს გადამეტებულ ფიქრს. ორგანიზაციული ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს მდგომარეობა ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა.
არიან ადამიანები, ვისი აზროვნების ბუნებრივი ტემპიც გადაწყვეტილებების მისაღებად მეტ დროსა და ინფორმაციის სიღრმისეულ დამუშავებას მოითხოვს. ასეთ დროს საკუთარი თავისებურებების გაცნობიერებაც კი საკმარისია, რათა ადამიანმა დროულად დაიჭიროს საკუთარი ქცევა და პროცესი არ გააჭიანუროს.
სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესს პერფექციონიზმსა და საქმის გადადებაში ურევს. ეს ხშირად განვითარების ეტაპს უკავშირდება. მაგალითად, ტექნიკური სპეციალისტი, რომელიც საქმეს უნაკლოდ ასრულებდა, საკუთარი კომპანიის შექმნისას შესაძლოა სწორედ პერფექციონიზმმა შეაფერხოს. ასეთ მომენტში მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რა უდევს საფუძვლად ყოყმანს – საკუთარ კომპეტენციაში ეჭვი, იმიჯის შენარჩუნების სურვილი თუ მარცხის შიში. სამუსიკო აკადემიის გამოცდილება მოწმობს, რომ როდესაც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში გამოსვლის შანსი გაჩნდა, რწმენამ, თითქოს გუნდი ჯერ საკმარისად მზად არ იყო, უნიკალური შესაძლებლობის დაკარგვა გამოიწვია.
საკუთარი შესაძლებლობების რწმენა
მსგავსი გამოცდილების შემდეგ აუცილებელია აზროვნების შეცვლა. ბევრ მაღალი მიღწევების მქონე ადამიანს შეცდომის დაშვების იმიტომ ეშინია, რომ მარცხს უშედეგობასთან აიგივებს. სინამდვილეში მარცხი წარმატების საპირისპირო მხარე კი არა, გზის განუყოფელი ნაწილია.
ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება შესაძლო საფრთხეებზე გამახვილდეს, გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია საკუთარი ძლიერი მხარეების გახსენება. ფიქრი იმის შესახებ, რომ გუნდი ჯერ არ არის სრულყოფილი, უნდა ჩანაცვლდეს რწმენით, რომ საქმე კეთდება კარგად და სწორედ ამიტომ გაჩნდა ახალი შეთავაზება. როდესაც საგანმანათლებლო პროექტში ჩართვის ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა, ყოყმანის ნაცვლად დაისვა კითხვა, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო დაუყოვნებლივ. სხვების ჩართვამ, საქმის დელეგირებამ და შესაძლებლობებზე ფოკუსირებამ გუნდი რეალურ მოქმედებამდე მიიყვანა.
გადადების რეალური ფასი
ყოველი გადადებული ნაბიჯი დაკარგულ პროგრესსა და ხელიდან გაშვებულ შანსებს ნიშნავს. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლები მუდმივ ყოყმანსა და პროცესის გაწელვას ხშირად იდეალურობისკენ სწრაფვად ნიღბავენ. მათ შესაძლოა წარმატებას მაინც მიაღწიონ, თუმცა ვერ ამჩნევენ, რა ფასი უჯდება ეს მათ გარემოცვას.
გადაუწყვეტელობა და საქმის გაჭიანურება აფერხებს კოლეგებს და ართულებს საერთო წინსვლას. ამ დროს სასარგებლო პრაქტიკაა ჩანაწერების გაკეთება ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ანალიზის მორევში ეშვება. საჭიროა იმის შეფასება, რა შედეგი მოაქვს ამ მდგომარეობას, ან რა რეაქცია აქვთ გარშემომყოფებს, როდესაც საქმე სხვების ჩართულობას მოითხოვს.
პროგრესის დაფასება
პერფექციონიზმის დაძლევის მთავარი გზა პროგრესზე კონცენტრირებაა. წარმატებულ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მოქმედების დაწყებამდე ყველაფერი ბოლომდე გათვლილი უნდა ჰქონდეთ. თუმცა პროფესიონალიზმი იდეალურ მდგომარეობას არ გულისხმობს, რადგან სრულყოფილება ცხოვრებაში იშვიათად მიიღწევა.
პროგრესი ყოველდღიურად საკუთარი მაქსიმუმის გაკეთებითა და გზადაგზა დახვეწით მოდის. ამისთვის საჭიროა ფოკუსირება მხოლოდ იმ საკვანძო ნაბიჯებზე, რომლებიც რეალურ ცვლილებას ქმნის, და არა დაუსრულებელი სიის ერთდროულად შესრულების მცდელობაზე. კონკრეტული ამოცანების კალენდარში ჩანიშვნა და ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნა, იქნება ეს მკაფიო ვადები თუ სანდო კოლეგის ჩართულობა, საქმეს წინ ძრავს. მთავარია დროის გარკვეული მონაკვეთის ბოლოს არსებობდეს განცდა, რომ ნაბიჯები მიზანმიმართულად გადაიდგა უმთავრსი მიზნებისკენ.
ჯანსაღი ჩვევების აზროვნებაში
გადამეტებულ ფიქრთან ბრძოლაში გონებასთან ერთად სხეულიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ხანგრძლივი სამუშაო საათები, ძილის დეფიციტი და ქრონიკული გადაღლა პირდაპირ კვებავს ნეგატიური ფიქრების წრეს და ემოციურ დამშვიდებას ართულებს.
მოტივაციის ნაკლებობა ხშირად არა სიზარმაცის, ემოციური გადაწვისა და გამოფიტვის შედეგია. თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ ჯანსაღი ზღვრის გავლება და ყველაფერზე უპირობო თანხმობის თქმისგან თავის შეკავბა. თანმიმდევრული მოქმედება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ენერგიის აღდგენა დროულად ხდება. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი წარმატება მიზანმიმართულ და სრულფასოვან დასვენებას მოითხოვს.
წყარო: Fastcompany












