in

როგორ მივყავართ საყვარელი საქმის კეთებას გადაწვამდე?

ვფიქრობთ, გსმენიათ ფრაზა “აკეთე ის, რაც გიყვარს და ცხოვრებაში ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა”. მშვენიერი გამონათქვამია, თუმცა, სამწუხაროდ – მითი. როდესაც საყვარელ საქმეს მუშაობად არ აღვიქვამთ, ეს აღრმავებს რწმუნებულებას, რომ თუკი რაღაც ძალიან გვიყვარს, უფრო მეტი უნდა გავიღოთ მისთვის – ზოგჯერ, მთელი ჩვენი დროც კი. ვის რაში სჭირდება დასვენების დღეები, თუკი თქვენ “სინამდვილეში”, არც მუშაობთ? ამ იდეის გავრცელებაზე მთელი ინდუსტრია მუშაობს. თუმცა, სინამდვილეში, ამან გადაწვამდე შეიძლება მიგიყვანოთ, ისე, რომ ვერც შეამჩნიოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა ირონიაა! საკუთარი საქმე თუ გიყვარს, ამან როგორ შეიძლება გადაგწვას? საყვარელი საქმის კეთება უფრო სასიყვარულო ისტორიას ჰგავს – ერთ წუთში ის შთამაგონებელია, აღმაფრთოვანებელი, ლტოლვით სავსე. შემდეგ, ზოგჯერ ეს ნელდება და რაღაცნაირი სიმძიმე ახლავს.

დიდი ხნის განმავლობაში, ტერმინი “გადაწვა” პრიორიტეტებს მიღმა იყო და საერთოდ არ განიხილებოდა კრიზისად. ის, უმეტესობად, მილენიალებისა და “ზეტ” თაობის გამოგონილ მიზეზად ითვლებოდა, რაკი მათ უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაზე.

მათი მხრიდან სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ღირებულ სამუშაოზე, თუნდაც, უფრო ნაკლები ანაზღაურების ფასად, მაგრამ გადაწვა, თუნდაც ის მიზანს ემსახურებოდეს, კვლავაც რჩევა მზარდ პრობლემად. Gallup-ის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა 7500-მა სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელმა მიიღო, 23%-მა განაცხადა, რომ გადაწვის პრობლემა ან რეგულარულად აწუხებს, ან მუდმივად, ხოლო 63%-მა თქვა, რომ ეს პერიოდულად უქმნის პრობლემას.

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაწვა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია IDC-11-ში შეიტანა და განმარტა, რომ ის “მიეკუთვნება სამსახურეობრივ ფენომენს… სინდრომი დაკავშირებულია ქრონიკულ სამსახურეობრივ სტრესთან, რომელსაც სათანადოდ ვერ მართავენ”. WHO-მ აღნიშნა, რომ ეს სინდრომი სამი განზომილებით ხასიათდება: 1. გადაღლისა და ენერგიის უკმარისობის შეგრძნება 2. გაზრდილი მენტალური დისტანცია, უარყოფითი ან ცინიკური გრძნობები სამსახურთან დაკავშირებით 3. პროფესიონალური ეფექტიანობის დაქვეითება.

ICD-11 შეიმუშავეს ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, იმ მიზნით, რომ განესაზღვრათ, სახელდობრ, რა ჩაითვალოს გადაწვად. დღეს, ის მიჩნეულია სინდრომად და არა დაავადებად. ხოლო, WHO-ს მიერ ამ სინდრომის განსაზღვრამ უნდა გამოიწვიოს იმ მედიკოსთა რიცხვის ზრდა, რომლებიც ამ პრობლემას გამოავლენს და სიმპტომებს უმკურნალებს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სექტორები და როლები, სადაც გადაწვის რისკი მზარდია და “საყვარელი საქმის კეთება” მათ შორისაა. Journal of Personality-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ ტიპის შრომამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ობსესიურ მდგომარეობამდე, რაც შინაგან კონფლიქტს ზრდის და საბოლოოს, გადაწვის წინაპირობაა.

Mayo Clinic-ის გადაწვის რისკებს თუ გადავხედავთ, 6-დან 2 დაკავშირებულია ამ ტიპის განწყობასთან: “თქვენ საკუთარ თავს ისე ძლიერად აიდენტიფიცირებთ სამუშაოსთან, რომ დაკარგული გაქვთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი” და/ან “თქვენ მუშაობთ ისეთ სფეროში, რომელიც დახმარებასთანაა დაკავშირებული”. კანადურმა კვლევამ შეისწავლა 3715 თანამშრომელი, 12 ორგანიზაციიდან და აღმოაჩინა, რომ მიზანდასახული თანამშრომლები უფრო მეტად განიცდიან სტრესს, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ნაკლები სიმტკიცე და თვითეფექტიანობა, ვიდრე ნაკლებად მიზანდასახულ ადამიანებს.

მისიაზე ორიენტირებული ხელმძღვანელები, არაკომერციული თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები/დირექტორები, მედდები და ექიმები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისის მატრებელი ჯგუფია, გადაწვის თვალსაზრისით. გარდა შფოთვის, დეპრესიის, უძილობის, ემოციური და ფიზიკური გადაწვისა, აშშ-ში, ყოველწლიურად, დაახლოებით 300-400 ექიმის სუიციდი ფიქსირდება. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე მთლიანად, მოსახლეობაში – 40%-ით მეტია მამაკაცებში, 130%-ით მეტია – კალებში. ჰოლანდიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქლი ექიმები უფრო მეტად ემპათიურები არიან პაციენტის მიმართ და შედეგად, უფრო ადვილად მიდიან გადაწვის ზღვრამდე.

გადაწვა ფიქსირდება იმ სფეროებშიც, სადაც ადამიანები ხანგრძლივი საათების განმავლობაში მუშაობენ, როდესაც პერსონალი უნდა გამოცხადდეს სამსახურში მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად. სამწუხაროდ, ხშირად ორგანიზაციული ურთიერთობებიც უწყობს ხელს გადაწვას და ზრდის მარტოობის განცდას დასაქმებულებში.

გადაწვისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიების სწორ გამოყენებასა და რიგი ამოცანების ავტომატიზაციაშია. აქ ხაზს ვუსვამთ სიტყვას “სწორი”, რადგან საღამოს 11 საათზე ისევ ელექტრონულ წერილებზე პასუხი კვლავაც სამუშაო პროცესში გტოვებთ და დასვენების საშუალებას არ გაძლევთ.

რისი გაკეთება შეუძლიათ ხელმძღვანელებს თანამშრომლების გადაწვისგან გასაზღვევად? კარგი იქნება, თუ შეარბილებთ “მუდმივად სამუშაოში ჩართულობის” პოლიტიკას. თუკი იმდენად შთაგონებული ხართ რაღაცის გასაკეთებლად, შესაძლოა ვერ მოზომოთ, სად გადის ზღვარი შრომასა და დასვენებას შორის. როდესაც უხილავ საზღვრებს აწესებთ, რომლის გადმოლახვასა და თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას არავის აძლევთ, ეს სულაც არაა ეგოისტური. პირიქით. ესაა წინაპირობა, რომ უფრო ეფექტიანად აკეთოთ საყვარელი საქმე, დასვენებულ გონებაზე.

 

წყარო: HBR



სუპერგმირები ნიღბებს მიჩვეულები არიან! – Dumb Ways to Die-ს ახალი ვიდეოთამაში SUPERHEROES

Young Lions Live Award – შანსი 2021 წლის კანის კრეატიული ფესტივალის საგზურის მოსაგებად!