მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს, “From Scratch”-ის პროდიუსერი, დევიდ რაფაელ მოსქოუ წინანდლის მამულში იმყოფებოდა, სადაც სილქ ჰოსფითალითის ბრენდშეფ ირაკლი ასათიანთან ერთად ქართული კერძი ჩაქაფული მოამზადა მომდევნო სეზონის ერთ-ერთი გადაცემისთვის, რომელიც საქართველოს დაეთმობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდის პროდიუსერი და მსახიობი თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ქართულ გასტრონომიას გაეცნო. ამასთან ერთად, წინანდლის მამულში კულტურასა და ისტორიას ეზიარა. გადაღების პროცესში ასევე ჩართული იყო ქართული სააგენტო „1991 Productions“.
From Scratch ამერიკული გადაცემაა, რომელიც უკვე 4 სეზონია, Amazon Prime-ის, Apple TV-ისა და Tastemade-ის მაყურებლებს საინტერესო სერიებს უმზადებს. წამყვან დევიდ მოსქოუს მოვლილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო კუთხე, როგორებიცაა: შრი-ლანკა, ტაილანდი, კენია, მექსიკა, საფრანგეთი და ბევრი სხვა. მაყურებლებს კი ამ ქვეყნებიდან საინტერესო ადგილობრივ კერძებს და იქაურ კულტურას აცნობს. მეხუთე სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი სწორედ საქართველოს დაეთმობა.
„დევიდ რაფაელ მოსქოუმ მოინახულა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და მთელ მსოფლიოს მოუყვება ქართული უნიკალური ტრადიციების, კულტურისა და ღვინის მომზადების რვაათასწლიანი ტრადიციის შესახებ. გადაცემა “From Scratch” აშშ-სთან ერთად 18 ევროპულ ქვეყანას ფარავს. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიის, ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
წინანდლის მამულში სილქ ჰოსფითალითის ბრენდშეფმა, ირაკლი ასათიანმა დევიდ მოსქოუ ქართულ კულინარიასა და კულტურას აზიარა. მისი მასტერკლასი დაეთმო ჩაქაფულის მომზადებას. შემდგომ თვითონ დევიდმა პროდუქტები მოიძია ადგილობრივი მეწარმეებისგან და იმოგზაურა თუშეთში. საბოლოოდ, ისევ წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში დაბრუნდა და შეფის ზედამხედველობით ჩაქაფული დაამზადა.
„წინანდლის მამული დღესდღეისობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, იმოგზაურონ დროში და, ამავდროულად, შეიგრძნონ თანამედროვე ელემენტებთან ჰარმონიული შერწყმა. მამული დღემდე აგრძელებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრადიციას: ერთი მხრივ, მიჰყვება კლასიკურ ევროპულ მეღვინეობას და მეორე მხრივ, უცვლელად იცავს ქართული, 8000-წლოვანი ქვევრის მეღვინეობის ტრადიციას, რაც ძალიან საინტერესოა უცხოელი სტუმრებისთვის. აქ ყოფნისას დევიდმა, ასევე, მოინახულა ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული ენოთეკა, რომელიც დღესაც დაცულია თავადის ძვირფასი ღვინის კოლექციით – 16,500 ბოთლი ღვინო. მათ შორისაა საქართველოში უძველესი, 1841 წელს ბოთლში ჩამოსხმული ღვინო – 1839 წლის წინანდლის მამულის საფერავი“, – ამბობს ირაკლი ასათიანი.
[პარტნიორის კონტენტი]