in

მილქშეიქები და ბაბლ ვაფლები თბილისში, ტკბილეულის სტარტაპ Fruit Factory-სგან

Startauperi
Startauperi

დესერტების მაღაზია Fruit Factory 2 თვეა, რაც ქართულ ტკბილეულობის ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს ბაბლ ვაფლებსა და მილქშეიქებს სთავაზობს. სტარტაპის შემქმნელი თამარ დეკანაძე, მეგობრებთან ერთად, ცდილობს მომხმარებლის ინფორმირებას ამ ნაწარმთან დაკავშირებით და მიუხედავად ახალბედა ბიზნესის ფუნქციონირების მცირე პერიოდისა, მაღაზიამ ბოლო თვეში 2 ახალი პროდუქტი დაამატა. ტკბილეულის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიონ ვაფლის ტიპი და სასურველი შიგთავსი. ამჟამად, Fruit Factory-ს პროდუქციის შეძენა საბურთალოს ქუჩაზე, „აქსის პალასის” სავაჭრო ცენტრში, 3-დან 9 ლარამდეა შესაძლებელი. როგორია ახალბედა ბიზნესის განვითარების დინამიკა და რა სიახლეებს შესთავაზებს ის მომხმარებელს – ამ თემებზე მარკეტერი Fruit Factory-ს შემქმნელს – თამარ დეკანაძეს ესაუბრა:

M: როგორ, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით Fruit Factory და რა საჭიროება არსებობდა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე?
მე და ჩემი მეგობარი სულ აღვნიშნავდით, რომ გვინდოდა თბილისში ყოფილიყო ადგილი, სადაც ნამდვილად ჯანსაღ, ხილით დამზადებულ მილქშეიქს ან დესერტს მივირთმევდით. ანალოგიური სურვილი ბევრ ჩვენს მეგობარსაც აღმოაჩნდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ თავად გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც მომხმარებლებლებს შეეძლებოდათ ნამდვილად ცოცხალი ხილით, ნატურალური სიროფებით მომზადებული სასმელის და დესერტის მირთმევა. შესაბამისად, დაიბადა „ფრუტ ფექტორის“ იდეა, რომელიც მაშინვე ავიტაცეთ და დავიწყეთ ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქციის ფორმირება.

M: როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები, რა სირთულეები გადალახეთ?
მთავარი დეტალი, იდეის განხორციელების დროს, იყო ნატურალური ინგრედიენტებისგან, ჯანსაღი და რაც მთავარია, გემრიელი პროდუქტის ფორმირება, რაც გემრიელთან და ჯანსაღთან ერთად, ვიზუალურადაც ეფექტური იქნებოდა. გავიარეთ რამდენიმე კონდიტერთან კონსულტაცია, ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ ინფორმაცია, დავამატეთ ჩვენი ხედვები და საბოლოოდ, შეიქმნა პროდუქტი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ლოკაციის შერჩევა, თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა, რომ მდებარეობა უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრალური უბანი, მომხმარებლისთვის მარტივად მოსასვლელი რომ ყოფილიყო. ამისთვის, ავირჩიეთ საბურთალოზე ახლად გახსნილი სავაჭრო ცენტრი. საქმიანობის დასაწყისში უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ახალი და უცხო პროდუქტი საკმაოდ რთულად მისაღები აღმოჩნდა ბაზრისთვის, თუმცა, გვახარებს ფაქტი, რომ ინტერესი და ნდობა, ჩვენი მაღაზიის მიმართ, დღითიდღე იზრდება.

M: ამჟამად, რა სახის პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს და რა არის თქვენი ნაწარმის უპირატესობა?
ძირითადი პროდუქტი ბაბლ ვაფლი და მილქშეიქია. ბაბლ ვაფლის ცომსაც თავად ვამზადებთ და არის  ნაყინის ან ნაღების შიგთავსით, რაც მთავარია, ბევრი ცოცხალი  ხილით. ჩვენს ვაფლს განსაკუთრებულ გემოს მატებს ცხობის პროცესში დამატებითი შიგთავსი, რაც შეიძლება იყოს: შოკოლადი, ცოცხალი ხილი, სახლში დამზადებული ჯემები, თხილეული, ჩირი. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ მილქშეიქს სხვადასხვა ხილისგან. მნიშვნელოვანია რომ მილქშეიქს შაქრის გარეშეც ვამზადებთ, ფრუქტოზათი და ნატურალური თაფლით. ბოლო თვეში, დავამატეთ 2 ახალი პროდუქტი: ეს არის ბაბლ სენდვიჩი – ძალიან ჯანსაღი, ნატურალური, მსუყე პროდუქტი. მთავარი უპირატესობა ჩვენი სენდვიჩის არის ის რომ პური (ვაფლი) მომხმარებლის თვალწინ მზადდება, ცხობის პროცესშიც შესაძლებელია სასურველი შიგთავსის დამატება. მეორე, ახალი პროდუქტი გვაქვს  ძალიან სასარგებლო, უამრავი დადებითი თვისებით გამორჩეული – მაჩას ჩაის მილქშეიქი. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, მომხმარებლების თხოვნით, უკვე გვაქვს სხვადასხვა ტიპის ცხელი ყავა და ცხელი შოკოლადი.

M: რა გამოარჩევს თქვენს მაღაზიას სხვა მაღაზიებისგან?
ჩვენი უპირატესობა ნატურალური ხილით მომზადებული უგემრიელესი, ორიგინალური პროდუქტია. ჩვენი ვაფლები გამორჩეული ვიზუალითა და გემოთი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი თავის შერჩეული პროდუქტის მომზადების პროცესს ხედავს. გარდა იმისა, რომ გვაქვს სტანდარტული მენიუ, მომხმარებელს შეუძლია თავისი ვაფლისა თუ მილქშეიქის მიქსის გაკეთება, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა აქვს მილქშეიქისა თუ ვაფლის მომზადება მოითხოვოს სასურველი ინგრედიენტის ჩამატებითა თუ გამოკლებით.

M: როგორი საკომუნიკაციო სტრატეგია გაქვთ? როგორ ცდილობთ მომხმარებელს მიაწვდინოთ ხმა თქვენ შესახებ?
პროდუქტის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს ძირითადად  სოციალური ქსელის მეშვეობით ვაწვდით. ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი საკმაოდ აქტიურია. ყოველდღიურად, მომხმარებელი ხედავს ჩვენს პროდუქტებს, ეცნობა სიახლეებსა და გეგმებს. ასევე, სავაჭრო ცენტრში მოსულ სტუმრებს ვაწვდით ინფორმაციას ფლაერების საშუალებით. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი გახდეს ცნობადი, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალებში, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 1 თვის დაწყებული იყო მუშაობა, 13 აგვისტოს გავედით ზაფხულის ფესტივალზე, რასაც ძალიან კარგი შედეგი მოყვა. უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენ შესახებ, მივიღეთ ბევრი კომპლიმენტი და რჩევა. უკვე დაგეგმილი გვაქვს 8 ოქტომბერს, თბილისობასთან დაკავშირებით, ხილის ფესტივალზე მონაწილეობაც.

M: ამჟამად, განვითარების რა ეტაპზე იმყოფებით და როგორია თქვენი ხედვა სამომავლოდ? რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს?
ახლახან დასრულდა ჩვენი გადაადგილებადი სტენდის მომზადება, შესაბამისად, უკვე მზად ვართ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერი კორპორატიული ივენთის ფარგლებში. რაც ბაზარზე გამოვჩნდით, დიდი ინტერესი, ნდობა და ერთგულება მოვიპოვეთ. რაც უდიდესი სტიმულია ჩვენთვის, იმისათვის  რომ აქტიურად ვიზუნოთ განვითარებაზე. ჩვენი მომხმარებლების მთავარი სურვილი და რჩევა არის, რომ ობიექტმა მიიღოს კაფეს სახე, ამიტომ, ახლო მომავალში ვგეგმავთ მცირე კაფეტერიის გახსნას, სადაც ძირითად მენიუს რამდენიმე ახალი პროდუქტი დაემატება, რომელიც ასევე, გამორჩეული იქნება ნატურალური ინგრედიენტებით, გემოთი და ვიზუალით.

ახალი ფუნქციები, რომლებმაც Toyota-ს მფლობელებს ავტომობილის მართვა საგრძნობლად გაუადვილა

რა ხდება, როცა ავტომობილებს მოუხერხებელი ჯამბაზები მართავენ? – Audi-ს ვიდეორგოლი