in

ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის წინაშეც ზამთრის ექსტრემალური ამინდი გვაყენებს

M2
M2

იმ სიმყუდროვის გარდა, რომელიც ზამთრის სუსხიან ამინდში თბილ ბუხართან ჯდომას ახლავს თან, უნდა ითქვას, რომ მრავალი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დაბალი ტემპერატურა და ექსტრემალური ამინდის პირობები გვაყენებს. ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ზემოქმედებს და თუ გაინტერესებთ, მაინც როგორ, ამას ქვემოთ მოგიყვებით და მოგვარების გზებსაც შემოგთავაზებთ:

სეზონური აფექტური აშლილობა (SAD)

ზამთარში მზის სხივების ნაკლები ზემოქმედება ხელს უწყობს სეზონური აფექტური აშლილობის ჩამოყალიბებას — დეპრესიის ფორმაა, რომელიც ჩვეულებრივ ცივ თვეებში ვლინდება. მზის ნაკლებობამ, შესაძლოა, ჩვენი ცირკადული რიტმი დაარღვიოს და ნეიროტრანსმიტერების წარმოებაზეც იმოქმედოს, იქნება ეს სეროტონინი თუ მელატონინი. აი, ეს კი უკვე ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორებიცაა გადაღლილობა, ხასიათის ცვალებადობა და უიმედობის განცდა. 

სეზონურ აფექტურ აშლილობასთან გასამკლავებლად თქვენს რუტინაში სინათლის თერაპიის შეტანა დაგჭირდებათ. დღის საათებში გარეთ დროის გატარება, თუნდაც ღრუბლიან ამინდში, თქვენი ცირკადული რიტმის დარეგულირებაში დაგეხმარებათ და განწყობასაც გააუმჯობესებს. ამასთან, თუ სინათლის თერაპიის სანათს მიმართავთ, ეს ბუნებრივი მზის ნათების სტიმულირებაში დაგეხმარებათ და ისეთ სიმპტომებსაც შეგიმსუბუქებთ, რომლებიც ჩვეულებრივ SAD-ს უკავშირდება. 

იზოლირება და მარტოობა

ცივ ამინდებში ხშირად არავის უნდა გარე აქტივობებში ჩართვა, რასაც გაზრდილ სოციალურ იზოლაციამდე მივყავართ. მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან შორს ყოფნა მარტოობის შეგრძნებას გვიჩენს და არსებულ მენტალურ პრობლემებს აუარესებს.

გამოსავალი კი, რაღა თქმა უნდა, ისეთი აქტივობების პოვნაა, რომლებშიც სოციალური ინტერაქცია შეგეძლებათ, მაგალითად, ეს კლუბებში გაერთიანებით, ვირტუალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებითა და საყვარელ ადამიანებთან ვიდეოზარებით შეგიძლიათ, გააკეთოთ. არც ჰობის გახსენება ან პროექტებში ჩართვა იქნება ურიგო. 

სტრესი და შფოთვა

გამოწვევები, რომლებიც ექსტრემალურ ტემპერატურებს უკავშირდება, იქნება ეს ტრანსპორტირების შეფერხება, ელექტროენერგიის შეწყვეტა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, შფოთვისა და სტრესის დონეს ზრდის. აღნიშნულს კიდევ უფრო აძლიერებს ცვალებად ამინდის პირობებში ნავიგაციის მუდმივი საჭიროება, რაც სულ ფხიზელ და დაძაბულ მდგომარეობაში გვამყოფებს…

ამიტომ, აქ სტრესის მართვის ტექნიკები გამოგადგებათ — მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები ან იოგა შფოთვას შეგიმსუბუქებთ. ამასთან, წინასწარ დაგეგმვა და ამინდის პროგნოზის ცოდნა კონტროლის შეგრძნებას მოგცემთ და არამდგრადობას შეამცირებს, დაგეხმარებათ სტრესის მართვაში, რომელიც ცივ ამინდებს უკავშირდება. კარგი იქნება, თუ Australian Psychological Society-ის (APS) ფსიქოლოგიური მზაობის 3 ნაბიჯსაც გაეცნობით.

ფიზიკური კეთილდღეობის საფრთხე

ექსტრემალური ამინდის პირობების გავლენა მხოლოდ მენტალურ ჯანმრთელობას არ ეხება, აქ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობაც. ცივი ტემპერატურა მოყინვისა და ჰიპოთერმიის რისკებს ზრდის, აუარესებს სუნთქვის პრობლემებს, რამაც, თავის მხრივ, სტრესისა და შფოთვის დონე შეიძლება, გაზარდოს. ფიზიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა კი ამინდის შესაბამისად ჩაცმით, სიმშრალის შენარჩუნებითა და რეგულარული ვარჯიშით შეგიძლიათ. ასე თქვენი იმუნური სისტემა და ზოგადი კეთილდღეობაც გაუმჯობესდება. უფრო მეტს კი ამის შესახებ ლინკიდან გაიგებთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე გამოიდარებს! 

როგორ უნდა იმოქმედოს ბიზნესმა სტიქიის დროს?

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო