16
Apr
2019

Fuckup Nights Tbilisi 1 წლის ხდება – რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე?

16 Apr 2019

„ხანდახან გაიმარჯვებ, ხანდახან ისწავლი“ – მწერლისა და ორატორის, ჯონ მაქსველის წიგნის ეს  სათაური მსოფლიოში თითქმის ყველასთვის ცნობილია და ბევრი მომხრეც ჰყავს. მართლაც, მარცხის გარეშე წარმატების მიღწევა ხშირად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვება წარუმატებლობას არ ნიშნავს, სწრაფად განვითარებისთვის სხვის მარცხზე სწავლა უკეთესია, ვიდრე საკუთარზე. სწორედ ეს არის მსოფლიო მოძრაობა Fuckup Nights-ის მიზანი – ვისწავლოთ, ოღონდ სხვის შეცდომებზე.

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობას 18 აპრილს 1 წელი შეუსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ღონისძიებათა სერია საკმაოდ პოპულარული გახდა. მას აქტიურად ესწრებიან როგორც ანტერპრენუარები, ისე სტარტაპერები, მენეჯერები, აღმასრულებელი დირექტორები, ბიზნესმენები, შემოქმედებითი პროფესიონალები და სტუდენტები, რომელთაც სხვის შეცდომებზე სწავლა და დროის კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გატარება სურთ.

1 წლის განმავლობაში, საკუთარი მარცხის ისტორია აუდიტორიას 44-მა წარმატებულმა ადამიანმა გაუზიარა, Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიებაზე კი საკუთარი მარცხის შესახებ უკვე 48-ე სპიკერი მოყვება.

ორგანიზატორებმა პირველი სპიკერი უკვე დაასახელეს. ეს მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი კახა ბაკურაძე იქნება. დანარჩენი სამი სპიკერის შესახებ კი მალე გახდება ცნობილი.

სად და როდის გაიმართება Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიება?

18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიები გელით. ასევე, დროს სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანთან გაატარებთ. შეძლებთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები თუ პარტნიორები. ამ ყველაფერში კი Fuckup Nights დაგეხმარებათ.

თუმცა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ არის და Fuckup Nights-ის ტრადიციული ღონისძიების შემდეგ დიდი წვეულება იგეგმება. ღონისძიებათა სერიის დაბადების დღის აღსანიშნავად, წვეულება ხუთშაბათს, 23:00 საათზე „პოლიტიკა“-ში გაიმართება.

Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღონისძიების ვალიდური ბილეთის მქონე ყველა პირისთვის შესვლა უფასო იქნება. წვეულების Line-up კი ასეთია: JL a.k.a. President; Stimmhalt (Crosstown Rebels).

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startap Bureau და Impact Hub Tbilisi; Tbilisi Startup Bureau-ს თანადამფუძნებლები კი – გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი. ისინი აღნიშნავენ, რომ Tbilisi Startup Bureau-ს დაფუძნების მიზანი თბილისში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. ამისთვის მათ შესაბამისი პროექტების განხორციელება დაიწყეს, რომლის წარმატებული მაგალითი Fuckup Nights Tbilisi-ია.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

რა არის Fukcup Nights-ის ძირითადი თემა?

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მარცხი და იმედგაცრუება მოჰყვა, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

ღონისძიებათა სერია 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულებზე შეეძლებათ: Eventer.ge, Biletebi.geTKT.ge, Eventikz .

[R]

განხილვა