in

თუ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება გსურს, გაეცანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, მარიამ ჟორჟოლიანის რჩევებს

მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება გსურთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიატი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიიღოთ 100%-იანი დაფინანსება და ისწავლოთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში. ამისთვის საჭიროა წარმატებით გქონდეთ დასრულებული უნივერსიტეტი ან იყოთ ბაკალავრის მეოთხე საფეხურზე.

აქვე უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს, პარტნიორობის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის 12 სტიპენდიატი უკვე გამოვლინდა, რომლებმაც განათლება აშშ-ში, სასურველი მიმართულებით მიიღეს.

2025-2026 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. თუ დაინტერესებული ხართ პროგრამით, გინდათ  სცადოთ ბედი და მოიპოვოთ სტიპენდია, ამისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე.

იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ აპლიკაციის შევსების პროცესში, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, მარიამ ჟორჟოლიანი გაგვესაუბრა.

მარიამ ჟორჟოლიანის თქმით, აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად, შრომატევადი ნაწილი Personal Statement და Study Plan-ია, რადგან სწორედ ამ ორ ესსეში აპლიკანტი გადმოსცემს იმას, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.

Personal Statement-ის დაწერა დიდი გამოწვევაა, რადგან ის დიდწილად ემოციური უნდა იყოს და შენს პირად ისტორიას გადმოსცემდეს. მგონია, რომ გულწრფელობა კარგი ესსეს ამოსავალია, საკუთარი თავის მოსმენა კი – ძალიან მნიშვნელოვანი. წერის პროცესი გაიძულებს, რომ მთელს შენს განვლილ ცხოვრებას გადახედო და ჩაუღრმავდე. ამ დროს ხვდები, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში ცნობიერად თუ არაცნობიერად მიიღე, სინამდვილეში, ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია. როგორც კი ამ კავშირს პოულობ, მერე უკვე იმის გააზრებაც ადვილია, რა გინდა სინამდვილეში, იმის მიგნებაც, თუ რა უნდა ისწავლო ამისთვის და იმის დასაბუთებაც, როგორ მოახმარ მიღებულ ცოდნას შენს ქვეყანას.

Study Plan კი უფრო ფორმალური ხასიათის ესსეა, რომელშიც ძირითადად შენს აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე წერ. ხაზს უსვამ იმ გაკვეთილებს, რომლებიც ამ კუთხით მიიღე და საუბრობ იმ აკადემიურ გეპებზეც, რომლის შევსებაც სწავლის გაგრძელებით გინდა. ასევე, უფრო დეტალურად აღწერ იმ პროგრამას, რომელიც ფულბრაიტის დახმარებით გინდა რომ გაიარო და ხსნი, როგორ დაგეხმარება იქ მიღებული ცოდნა და უნარები შენი კარიერული გეგმების განხორციელებაში.

რეკომენდაციების ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში, ფულბრაიტი 3 რეკომენდატორს გვთხოვს. გირჩევდით, ერთი რეკომენდატორი მაინც აკადემიიდან გყავდეთ, თქვენი ლექტორი ან ადმინისტრაციის ისეთი წევრი, რომელიც შეძლებს თქვენი, როგორც სტუდენტის, უნარებსა და შესაძლებლობებზე საუბარს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გამოცდილებაც გაქვთ, ძალიან კარგი იქნება, რეკომენდატორად შეარჩიოთ ისეთი ადამიანიც, რომელიც თქვენი, როგორც თანამშრომლის, ძლიერ მხარეებზეც ისაუბრებს”, — ამბობს მარიამ ჟორჟოლიანი.

რას უნდა მიაქციო ყურადღება აშშ-ის უნივერსიტეტის შერჩევისას

„უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი  პროგრამის სწორად შერჩევაა. პროგრამა თავისი კურიკულუმით, კურსებით, ლექტორებით და სასწავლო მასალებით რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს შენს სამომავლო მიზნებთან და გეგმებთან. ამ დეტალების მოძიება ნებისმიერი უნივერსიტეტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. გულწრფელად რომ გითხრათ, Fulbright-ის პროგრამა აშშ-ში ძალიან მაღალი სტატუსით და პრესტიჟით სარგებლობს. 70 წელზე მეტია, Fulbright-ი არსებობს და ტოპ 100-ის ალბათ ყველა უნივერსიტეტთან უკვე აქვთ პარტნიორობა. შესაბამისად, უნივერსიტეტებიც ძალიან ღიად და სიხარულით ხვდებიან ფულბრაიტის სტუდენტებს, რაც სტუდენტების მიღების პროცესს აადვილებს”, ­- აღნიშნავს მარიამი.

შესაძლებლობები, რომლებსაც Fulbright ქმნის

„პირველი, მთავარი შესაძლებლობა ის არის, რომ Fulbright-ის დამსახურებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შემიძლია სრული დაფინანსებით ვისწავლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის განათლების ხარისხის დონეზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. შემდეგ, ალბათ ის, რომ ფულბრაიტის ნეთვორქის წევრი გავხდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ჭკვიან, თავის საქმეზე შეყვარებულ და სარგებლის შექმნაზე ორიენტირებულ ადამიანს აერთიანებს. რაც უფრო მეტ „ფულბრაიტელს“ ვიცნობ სხვადასხვა ქვეყნიდან, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული სხვაობისა, ძირითადი ფასეულობების სისტემა ყველას მსგავსი გვაქვს, რაც ჩვენ შორის მეგობრობას ძალიან აადვილებს.

ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არასდროს დამავიწყდება ჩემი ამერიკელი ჯგუფელის სახე, როცა პირველად გაიგო, რომ „ფულბრაიტელი“ ვარ. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტია, ლექტორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ უბრალოდ გამვლელი, სრულიად ეცვლება გამომეტყველება და დამოკიდებულება როცა იგებენ რომ – “I am a Fulbright student“. ამ სიტყვებს თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც კი ამბობ, ადამიანებთან ურთიერთობაში რამდენიმე კარს მაშინვე გიხსნის. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც ეგ არის”, – ამბობს მარიამი.

[პარტნიორის კონტენტი]

4 გზა „შინაგანი ლიმიტების“ დასაძლევად

TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024 დასრულდა