in

როგორ უნდა გამოიმუშაოთ ფული კონტენტის შექმნით

უცხო აღარავისთვისაა, რომ კრეატიული კონტენტის შექმნით ფულის გამომუშავება შეიძლება, თუმცა როგორ – ეს კითხვა ბევრისთვის დღემდე უცხოდ რჩება. ის, რაც ოდესღაც ჰობიდ ითვლებოდა მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, დღეს ერთგვარი ბიზნესია. ბევრ ადამიანს აქვს კარგი იდეა, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს მონეტიზაცია, ამიტომ ვეცდებით, რამდენიმე გავრცელებული რეკომენდაცია გავაზიაროთ.

როგორ გამოიმუშაოთ ფული

პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, არის ის, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ ფული. არსებობს რამდენიმე ეფექტური და ნაცადი მიდგომა, რომლებიც შეგვიძლია, გაგიზიაროთ.

თავიდან საუკეთესო ვარიანტია ბრენდებთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი დაფინანსებული პოსტი, ისე ბრენდთან გრძელვადიანი ურთიერთობა და ბრენდის სახედ ქცევაც კი. 

რომელ მიმართულებასაც აირჩევთ, თანამშრომლობის ვარიანტებიც ამის მიხედვით გექნებათ. მაგალითად, ცხოვრების სტილისა და ტექნოლოგიების ჟანრის კრეატორები ხშირად იზიდავენ მსხვილ ბრენდებს დიდი ბიუჯეტით, ხოლო ნიშის სპეციფიკური შემქმნელები, როგორც წესი, მუშაობენ მცირე კომპანიებთან, რომლებსაც ჰყავთ კონკრეტული სამიზნე აუდიტორია. ციფრული მხატვრები, თავის მხრივ, შეიძლება პარტნიორობდნენ დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებთან, გალერეებთან და სხვა.

ვისთანაც არ უნდა თანამშრომლობდეთ, გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული პარტნიორობის გასაღები გულწრფელობაშია. ბრენდთან ერთად უნდა შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც ორგანულად ჩაჯდება თქვენს პერსონალურ შინაარსთან, შეესაბამება აუდიტორიის ინტერესებს, გამოიწვევს უკეთეს ჩართულობას და შეინარჩუნებს გამომწერების ნდობას.

შემქმნელებისთვის დაფინანსების მეორე წყარო არის კომუნაზე ორიენტირებული შემოსავალი: აუდიტორიის პირდაპირი მხარდაჭერა შემოწირულებებითა და გამოწერებით. ეს მიდგომა ერთნაირად მუშაობს ყველა კრეატიულ ნიშაში, ხელოვანებიდან და მუსიკოსებიდან დაწყებული, საგანმანათლებლო შინაარსის შემქმნელებით დამთავრებული. 

შემოსავლის მესამე წყაროა საკუთარი პროდუქციის გაყიდვა. ციფრული აქტივები, როგორიცაა ელექტრონული წიგნები, კურსები და სხვა, გთავაზობთ როგორც შემოსავლის ზრდას, ისე მასშტაბურობას. ფიზიკური საქონელი, პრინტების, ტანსაცმლისა და აქსესუარების ჩათვლით, ასევე, შესანიშნავი გზაა თქვენი პირადი ბრენდის იდენტობის გასაძლიერებლად.

მოერიდეთ ამ ორ შეცდომას

მონეტიზაციის პირველ ეტაპზე კრეატორები ხშირად უშვებენ რამდენიმე შეცდომას, რამაც შეიძლება შეზღუდოს მათი ფინანსური ზრდა და სტაბილურობა. ერთი გავრცელებული შეცდომა არის შემოსავლის რამდენიმე ნაკადის ერთდროულად გაშვების მცდელობა. ეს მიდგომა, როგორც წესი, იწვევს შემქმნელების გადაწვას, ბრენდის იდენტურობის დაქვეითებასა და აუდიტორიის გაუცხოებას. მონეტიზაცია ბუნებრივი უნდა იყოს და არა იძულებითი. 

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა არის ფინანსური დისციპლინის ნაკლებობა. ბევრი კრეატორი მხოლოდ იმიტომ ვერ შოულობს ფულს, რომ ვერ აკონტროლებს შემოსავლის ნაკადებს, ამიტომ ამას თავიდანვე უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შემქმნელებმა, რომლებიც ეყრდნობიან აუდიტორიის პირდაპირ მხარდაჭერას, უნდა აკონტროლონ გამომწერების შენარჩუნება თავიანთ პლატფორმაზე, რაც ბევრად ეფექტურია, ვიდრე ახლების ძიება.

როგორ დავაბალანსოთ ავთენტურობა და მონეტიზაცია

შემქმნელების ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური გამოწვევაა აუდიტორიასთან ავთენტური კავშირების შენარჩუნება მონეტიზაციის სტრატეგიების დანერგვისას, რათა ჩვენი კონტენტი ძალიან კომერციულს არ ჰგავდეს. არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, რადგან აუდიტორიის ტოლერანტობა კომერციული შინაარსის მიმართ ძალიან განსხვავდება. ზოგიერთი შემქმნელი წარმატებით აერთიანებს უამრავ რეკლამას, ზოგს კი ათასი ხერხის მოფიქრება უწევს, რათა არავინ გააღიზიანოს.

ფინანსური სტაბილურობა აუცილებელია იმისთვის, რომ შემქმნელებმა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და აიყვანონ იგი ახალ დონეზე. ალბათ ესაა მიზეზი, რის გამოც რეგულარულად ჩნდება მონეტიზაციის ახალი შესაძლებლობები და უკვე გაჩნდა ტერმინი – შემქმნელთა ეკონომიკა. სწორი სტრატეგიის შემუშავებით, კონტენტკრეატორებს შეუძლიათ, აიწყონ კარიერა იმ საქმით, რომლის კეთებაც უყვართ.

Ally Brokers – ალიანს ჯგუფის ციფრული ინოვაცია ბროკერებისთვის

5 გზა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებისთვის