კრიპტოსამყარო უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, თუმცა საზოგადოდ მასთან დაკავშირებით მაინც ახალ-ახალი კითხვები ჩნდება. სანამ დანარჩენები კითხვებზე პასუხებს ვეძებთ, ლიტერატურაში ახალი მიმართულება, კრიპტოლიტერატურა გამოჩნდა. არსებობს წიგნები, რომლებიც გვასწავლის, როგორ უნდა გავიკვალოთ გზა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი წიგნია „ფულის ინტერნეტი” (Internet Of Money). ის უკვე რამდენიმე წელია, ამ ჟანრის ლიტერატურის ტოპებში ტრიალებს და მისი ავტორია ბევრისთვის ცნობილი ანდრეას ანტონოპულოსი, რომელიც თავის ვლოგსაც აწარმოებს YouTube-ზე და კრიპტოვალუტის გამოჩენიდან საკუთარ თავზე აიღო ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ეს წიგნიც მის ლექციებს აერთიანებს.
Coinmania-მ, ქართულმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა, გადაწყვიტა, ეს წიგნი ქართულ ენაზე ეთარგმნა და ის საკუთარი გუნდისთვის გაეზიარებინა. მისი მთარგმნელია ანი ნემსიწვერიძე, კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი. სწორედ ანი მოგვიყვება ამ წიგნის მნიშვნელობის შესახებ და გვეტყვის, რატომ გადაწყდა კომპანიის თანამშრომლებისთვის მისი გაცნობა.
M: რაზეა წიგნი „ფულის ინტერნეტი” და რა იყო მისი თარგმნის ინსპირაცია?
„ფულის ინტერნეტი“ უკვე წლებია, რაც კრიპტოლიტერატურის საუკეთესო წიგნების ათეულშია. მასში თავმოყრილია ანდრეას ანტონოპულოსის – მსოფლიოში ცნობილი კრიპტოენთუზიასტის, სპიკერისა და ავტორის – რჩეული საჯარო ლექციები. წიგნში მარტივი ენითა და მაგალითებით არის ახსნილი, რა არის ბიტკოინი, როგორ და რატომ არის ის უდიდესი პოტენციალის მქონე რევოლუციური ინოვაცია და როგორ შეუძლია მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს ფინანსური დამოუკიდებლობა მოუტანოს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხები ამ წიგნში დაგხვდებათ.
ბლოჩკეინტექნოლოგია ჯერჯერობით სიახლეა. სანამ ისევე გახდებოდეს ყოველდღიურობის ნაწილი, როგორც ელექტროენერგია და ინტერნეტი, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა გვჭირდება. განსაკუთრებით მწირია ინფორმაცია ქართულ ენაზე. სწორედ აქედან გაჩნდა მისი თარგმნის იდეაც. Coinmania-ში ჩვენი მისია კრიპტოს გავრცელების ხელშეწყობაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ცნობიერების ამაღლება ჩვენივე გუნდით დაგვეწყო.
M: რა ცოდნას გვაძლევს წიგნი და რის სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოვიყენოთ ის?
წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ისაა, რომ თანაბრად დააინტერესებს მას, ვისაც ბიტკოინის შესახებ გარკვეული ცოდნა უკვე აქვს და მასაც, ვინც ამ ტექნოლოგიით ახლა ინტერესდება.
წიგნი ბიტკოინს უფრო მასშტაბურად და ახლოს გაგაცნობთ და უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ ტექნოლოგიის არსზე, არქიტექტურასა და შესაძლებლობებზე. ანდრეას ანტონოპულოსს რომ დავესესხოთ, ეს არის გამოგონება, რომელიც მეტია, ვიდრე ფული და ანგარიშსწორების ერთეული მისი გამოყენების მხოლოდ პირველი პრაქტიკული სახეა. ისევე, როგორც ნათურა იყო ელექტროენერგიის მასობრივი გამოყენების პირველი ფორმა.
M: ავტორზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვით, სად შეიძლება მისი ნამუშევრების უკეთ გაცნობა?
ანდრეას ანტონოპულოსი ბიტკოინის ენთუზიასტი, ექსპერტი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი და არაერთი წიგნის ავტორია, რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს დიდ ბრიტანეთში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ბიტკოინის გამოჩენის ადრეულ ეტაპზე აიღო საკუთარ თავზე ამ ტექნოლოგიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მისი საჯარო ლექციები ხელმისაწვდომია YouTube-ზე. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ ანდრეასის პოდკასტს Speaking of Bitcoin.
M: რომელ მნიშვნელოვან თავებს გამოყოფდით წიგნიდან, რომელიც თქვენთვის, როგორც მთარგმნელისთვის, იყო საინტერესო?
წიგნის თარგმნა, გარკვეულწილად, ახალ ენაზე თანაავტორობასაც ნიშნავს. მნიშვნელოვანია, კარგად გქონდეს გააზრებული წიგნის შინაარსობრივი მხარე, მის ზოგად იდეასთან ერთად, რათა მკითხველამდე სრულად მიიტანო ის იდეა, რაც დედანს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ თემა ჩემთვის უცხო არ იყო, სულ სხვა კუთხით დავინახე და ბევრი ახალი რამ შევიტყვე. საინტერესო იყო როგორც წიგნის თარგმნის პროცესი, ისე Coinmania-ს გუნდთან კონსულტაციების გავლა და ტერმინებზე შეჯერება. ვფიქრობ, დიდი შრომა ჩაიდო და მიხარია, რომ მასში ჩემი წვლილიცაა.
ყველა თავი სხვადასხვა საინტერესო თემას ეხება და ახლავს შესაბამისი ლექციის ვიდეობმულიც. ჩემთვის გამორჩეულად საინტერესოა თავები, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურის რევერსიასა და იმ დაბრკოლებებზე, რასაც ყველა რევოლუციური ტექნოლოგია საწყის ეტაპზე გადის.
M: როგორ ეხმარება Coinmania-ს გუნდს ის ცოდნა, რაც ამ წიგნშია გადმოცემული?
Coinmania არის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც 2017 წლიდან ემსახურება კრიპტოს გავრცელებას ქართულ ბაზარზე. Coinmania-ს გუნდი ყოველდღიურად არის ჩართული ბლოკჩეინტექნოლოგიების დანერგვასა და გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს ისეთ კრიპტოაქტივებთან, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ა.შ., სიღრმისეულად ესმოდეთ, თუ რა ტექნოლოგია და იდეა დგას ამ სიტყვების მიღმა.
„ფულის ინტერნეტი“ კომპანიაში სამაგიდო წიგნად იქცა, რომელსაც ყველა მოქმედი თუ ახალი თანამშრომელი ეცნობა და იზიარებს მის ღირებულებებს.

M: როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს თქვენთან დაკავშირება წიგნის თაობაზე?
წიგნის ინგლისური გამოცემის შეძენა შესაძლებელია ისეთ ონლაინპლატფორმებზე, როგორიცაა Amazon, Audible და სხვა. რაც შეეხება ქართულ თარგმანს, როგორც აღვნიშნე, ის Coinmania-ს ინიციატივით ითარგმნა, როგორც საჩუქარი კომპანიის თანამშრომლების, კრიპტოენთუზიასტებისა და კრიპტოთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. წიგნის ქართული გამოცემა არ არის კომერციული და წიგნის გავრცელების წერტილებში ვერ შეიძენთ.
ვისაც სურს „ფულის ინტერნეტის“ ქართული თარგმანი საჩუქრად მიიღოს, შეუძლია, დაუკავშირდეს კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს ვებგვერდზე coinmania.ge, ლაივჩატში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













