in

„რასაცა გასცემ შენია..” ანუ ამბავი ქართულ გაჩუქების პლატფორმაზე – Fulwish.com

Startauperi
Startauperi

Fulwish არის პლატფორმა, სადაც მსურველებს შეუძლიათ განათავსონ ისეთი ნივთები, რომლებსაც არ იყენებენ და გაჩუქება სურთ. ასეთი ნივთები ყველას გვაქვს სახლში, ზოგი მათგანის გადაყრა გვენანება, რადგან შეიძლება ვინმეს გამოადგეს, თუმცა, არ ვიცით სად ვიპოვნოთ მსურველი; ზოგის გაჩუქება არ გვინდა, რადგან შეიძლება ემოციური დამოკიდებულება გვქონდეს ნივთის მიმართ, თუმცა, ვერ ვიყენებთ და ასე იკავებენ არასაჭირო ნივთები ჩვენს სივრცეს, არა მხოლოდ ჩვენს სახლში, არამედ, ჩვენს გონებაშიც. Fulwish გვაძლევს საშუალებას გავთავისუფლდეთ ზედმეტი ნივთებისგან, ამავდროულად, გავახაროთ სხვა ადამიანი. პლატფორმის კონცეფციას აქვს მეორე მხარეც – არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ესა თუ ის ნივთი, თუმცა, ზოგჯერ მათი შეძენის საშუალება არ აქვთ, ან  არ იციან სად იპოვნონ. Fulwish მათთვისაც სასარგებლო ადგილია, რადგან, მსურველებს შეუძლიათ მიწერონ გამჩუქებელს, ის თუ რატომ სჭირდებათ ესა თუ ის ნივთი და მიიღონ ის, რა თქმა უნდა, უფასოდ. გაჩუქების პლატფორმის აზრი გიორგი გოგუაძეს ეკუთვნის, იდეის განხორციელებაში კი მას გიგა მეხრიშვილი და ელისო კირვალიძე დაეხმარნენ, შედეგად, ვებგვერდი Fulwish.com ორი თვეა რაც ხელმისაწვდომია; ამ დროის განმავლობაში, უკვე 2100 მომხმარებელი ჰყავს და ვებგვერდის მეშვეობით 140 ნივთია გაჩუქებული. პლატფორმის საერთაშორისო პოტენციალზე, განვითარების გეგმასა და მომხმარებელთა მიერ მისი გამოყენების პროცესის სპეციფიკაზე მარკეტერს Fulwish-ის თანადამფუძნებელი – გიორგი გოგუაძე ესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ Fulwish-ის შექმნის იდეა და რა საჭიროებაზე დაყრდნობით შექმენით ის?
არ მიყვარდა, როცა სახლში ისეთი ნივთები მქონდა, რასაც არ ვიყენებდი, ტყუილად ადგილს იკავებდა, მინდოდა ხოლმე, რომ გადამეგდო ან გამეჩუქებინა, მაგრამ არ ვიცოდი ვის შეიძლება გამოდგომოდა, თან მენანებოდა გადაგდება, საბოლოო ჯამში, ისევ იქ რჩებოდა, სადაც იდო. 1 წლის წინ, როცა გარდერობს თვალი გადავავლე და დავინახე ტანსაცმელი, რომელსაც არ ვიცვამ, სერიოზულად დავფიქრდი ამ იდეაზე, გაგვეკეთებინა ისეთი ვებგვერდი, სადაც მარტივად შეძლებდი გეპოვნა ხალხი, ვისაც გამოადგებოდა ნივთები, რასაც შენ არ იყენებ. ეს აზრი მეგობარს – გიგა მეხრიშვილს გავუზიარე, მოეწონა იდეა. აღმოჩნდა, რომ თვითონაც ჰქონდა ეს პრობლემა და გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა Fulwish.com. ვებგვერდის დიზაინზე ელისო კირვალიძემ იმუშავა, რომელიც ახლაც ჩვენი გუნდის წევრია და ძალიან გვეხმარება იდეების მომხმარებლამდე სწორი ფორმით მიტანაში. ცოტა გაგვიგრძელდა ვებგვერდზე მუშაობა, რადგან მე საქართველოში არ ვიყავი.

M: რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული პროექტის განხორციელება?
პროექტის განხორციელება, ძირითადაად, ფინანსურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. რამდენიმე დაფინანსების პროექტშიც ვცადეთ მონაწილეობით მიღება, თუმცა, ვერ გავიმარჯვეთ. მიუხედავად ამისა, მაინც გვჯეროდა ამ პროექტის წარმატების და მოტივაციას გვაძლევდა ისიც, რომ ხალხისთვის და გარემოსთვის ბევრი კარგის მომტანი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩავდეთ ჩვენი დრო, ენერგია და ფული, რომ Fulwish-ი იდეა განგვეხორციელებინა.

M: არსებობს თუ არა ანალოგიური პლატფორმა ქართულ, ან, თუნდაც, მსოფლიო ციფრულ სივრცეებში? რა არის თქვენი უპირატესობა მსგავს პლატფორმებთან მიმართებაში?
ანალოგიური ქართული ვებგვერდი არ არსებობს. არსებობს ჯგუფები საქართველოში და მსოფლიოშიც, სოციალურ ქსელებში, სადაც მსგავსი ტრანზაქციები ხდება, თუმცა, არაორგანიზებულია და ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. მომხმარებელი ვერ ხვდება, რა გაჩუქდა, ან როგორ იპოვნოს საჭირო ნივთი. Fulwish-ის მეშვეობით, ძალიან მარტივია ნივთის განთავსება და სასურველი ნივთის მოძიება, კატეგორიების მიხედვით. Fulwish-ის მეშვეობით ხალხი ზრუნავს გარემოზე. იმის მაგივრად, რომ ნივთი ბოლოს სანაგვეზე აღმოჩნდეს, მოხდება მისი მაქსიმალურად გამოყენება და ამით მცირდება ნაგავი. ასევე, იმის მაგივრად, რომ ხალხმა ახალი ნივთი შეიძინოს, შეუძლია მეორადი ან ახალიც კი უფასოდ მიიღოს და ამით შეამციროს პროდუქცია, რაც ასევე, დადებითად აისახება გარემოზე. ჩვენ გვჯერა, რომ Fulwish სამომავლოდ კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს გარემოს, რადგან ადამიანები მიეჩვევიან არ შეიძინონ, რაც არ სჭირდებათ. მოგეხსენებათ, ჭარბი პროდუქციით გარემოს დიდ ზიანს ვაყენებთ.

M: როგორ შეუძლია მომხმარებელს თქვენი პლატფორმით სარგებლობა? როგორია სარგებლობის პროცესი?
მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელმა მოკლე აღწერითურთ, უნდა ატვირთოს ნივთის ფოტო, რომლის გაცემაც სურს და დაელოდოს მსურველების გამოხმაურებას. ვისაც მოეწონება ნივთი და უნდა მისი მიღება, “I Wish” ღილაკის მეშვეობით აფიქსირებს სურვილს. მფლობელი აირჩევს, ვის აჩუქოს. დასტურის შემთხვევაში, მსურველი უნდა მივიდეს პატრონისთვის კომფორტულ დროსა და ადგილას და გამოართვას ნივთი.

M: რა ფორმით ხდება გამჩუქებელსა და ნივთის მსურველ ადამიანს შორის კომუნიკაცია? რა ხდება, თუ ერთი ნივთი რამდენიმე ადამიანს სურს? როგორ ირჩევს ნივთის პატრონი მის ახალ პატრონს?
გამჩუქებელსა და ნივთის მსურველს შორის კომუნიკაცია ხდება ვებგვერდის მესიჯების საშუალებით. ერთი ნივთი თუ რამოდენიმე ადამიანს სურს, პატრონი გადაწყვეტს ვის მისცეს, იმის მიხედვით, ვის როგორ სჭირდება.

M: როგორც ვიცით, საიტს კომერციული ინტერესები არ აქვს.. იგეგმება თუ არა ცვლილება ამ მიმართულებით?
ვებგვერდი, ამ ეტაპზე, არ არის კომერციული, თუმცა Fulwish-ით სარგებლობა ყოველთვის უფასო იქნება.

M: როგორია „ფულვიშის” საკომუნიკაციო სტრატეგია? როგორ აპირებთ გააგებინოთ თქვენ შესახებ საქართველოსა და მსოფლიოს?
კომუნიკაცია, ძირითადად, ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ხდება და მომავალშიც სოციალური ქსელებში აქტივობა იქნება ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხი. ასევე, პერიოდულად წამახალისებელი აქციები გვაქვს, რომ ხალხმა არ დაიზაროს ნივთების გაჩუქება.

M: რა გამოწვევების წინაშე დგახართ და როგორია პროექტის საერთაშორისო პოტენციალი?
ამჟამად, 2100 მომხმარებელი გვყავს და დღითიდღე სწრაფი ტემპით იზრდება ეს რიცხვი. 140 ნივთი არის გაჩუქებული Fulwish-ის მეშვეობით, რაც ნიშნავს მეტ გახარებულ ადამიანს და ბუნებას. ძირითადად, ფინანსური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ Fulwish-ს დიდი პოტენციალი აქვს, საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეშიც დაიმკვიდრებს ადგილს და ბევრ კარგ რამეს მოუტანს მსოფლიოს. ამისთვის, მარკეტინგული აქტივობებისთვის გვჭირდება ფინანსები და ვეძებთ სპონსორებს. სპონსორები შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირებიც და პატარა კონტრიბუციითაც კი ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. სანაცვლოდ გვექნება ცალკე გვერდი Contributors, სადაც განთავსდებიან კომპანიები და ფიზიკური პირები, სახელით, გვარით, ფოტოთი და მოკლე აღწერით. 

უბრალო მეთევზიდან მსოფლიოში საუკეთესო სერფერობამდე – Guinness-ის ვიდეო

Copter Tech-ი დრონების მწარმოებელი კომპანია DJI-ს ოფიციალური დილერი გახდა