ამასობაში ბევრი უცნაური ეგზოპლანეტის აღმოჩენის მომსწრენი გავხდით, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან 1232 სინათლის წლითაა დაშორებული, მათ შორის ყველაზე უცნაურია. WASP-193b იუპიტერზე 50%-ით დიდია, იმდენად მსუბუქი და ფუმფულაა, რომ მის სიმკვრივეს ბამბის ნაყინს ადარებენ. ამგვარი ეგზოპლანეტები საკმაოდ იშვიათია, მათი აღმოჩენა კი მეცნიერებს ეხმარება, უკეთ გაიგონ პლანეტების ევოლუციის შესახებ.
„Kepler-51d-ის შემდეგ, WASP-193b მეორე სუსტი სიმკვრივის მქონე პლანეტაა, რომელიც აქამდე აღმოგვიჩენია. ექსტრეამლურად დაბალი სიმკვრივე ანომალიურს ხდის მას იმ 5 000 ეგზოპლანეტაში, რომლებიც აქამდე აღმოგვიჩენია…“, — აცხადებს ხალიდ ბარკაოუი, ასტრონომი.
ე. წ. ბამბის ნაყინის პლანეტა მზის მსგავსი ვარსკვლავის WASP-193-ის ირგვლივ მოძრაობს — თავად ეს ვარსკვლავი დაახლოებით 1.1-ჯერ აღემატება მზის მასას და 1.2-ჯერ მზის რადიუსს, ამასთან, ტემპერატურითა და ასაკით ძალიან ახლოსაა მზესთან. სხვა ყველაფერთან ერთად კი, ახლადაღმოჩენილი ეგზოპლანეტის უცნაურობა იმაშია, რომ ვარსკვლავის გარშემო იმაზე ახლოს ბრუნავს, ვიდრე მზის სისტემის სხვა პლანეტები.
„პლანეტა იმდენად მსუბუქია, რომ რთულია მისი მსგავსი მყარი მდგომარეობის მქონე მასალა მოგაფიქრდეს, სწორედ ამიტომ ვადარებთ ბამბის ნაყინს, ორივეში ბევრი ჰაერია და პლანეტა ძალიან ფუმფულაა. WASP-193b კოსმოსური საიდუმლოებაა და მისი ამოხსნა კიდევ უფრო მეტ კვლევასა და თეორიულ ჩარჩოს მოითხოვს“, — აცხადებს ჯულიენ დე უიტი, მეცნიერი.
კარგი ამბავი ის არის, რომ ბამბის ნაყინის მსგავსი ეგზოპლანეტა შესანიშნავი კანდიდატია შემდგომი კვლევებისთვის, რომლებიც დაგვეხმარება, გავიგოთ, რისგან შედგება მისი ატმოსფერო. ეს კი ერთ-ერთია იმ ამოცანებიდან, რომლისთვისაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი შექმნეს. JWST-ის მხოლოდ ერთი დაკვირვებაა საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება არსებობდეს სამყაროში ასეთი ფუმფულა პლანეტა…