in

საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებას აფინანსებს

საქველმოქმედო ფონდი „შენთვის“, უშვილო წყვილებს, რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს. მისი დამფუძნებლის, ნინო მუსერიძის თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერება, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება და ხშირად, მსურველებს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალება, უბრალოდ, არ აქვთ.

BOG
BOG

„20 წელია, რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ვარ და შეკითხვით, „ჩვენ გვეყოლება შვილი?“, ყოველდღიურად, ათობით უშვილო წყვილი მოგვმართავს. ინ ვიტრო განაყოფიერებით, პირველი ემბრიონი რომ გამომივიდა, სიხარულისგან ვტიროდი. ეს იყო საოცარი განცდა. სასწაულია, როდესაც ახალ სიცოცხლეს ეხები და მის შექმნაში მონაწილეობ, სხვებს კი მთავარი ოცნების ასრულებაში ეხმარები. ასეთ ადამიანებზე, მსოფლიოში, სხვადასხვა პროგრამებით ზრუნავს სახელმწიფო, სადაზღვევო პროგრამები, აფინანსებენ საქველმოქმედო ფონდები. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არანაირი დახმარება არ არსებობს. სოციალური სიდუხჭირის გამო, ხშირად რეპროდუქტოლოგამდეც ვერ მიდიან. ამიტომ, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და შევქმენით ფონდი „შენთვის“. მალე სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიებიც შემოგვიერთდებიან“, – ამბობს ექიმი – ემბრიოლოგი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქველმოქმედო ფონდ „შენთვის“ დამფუძნებელი ნინო მუსერიძე.

ფონდის დირექტორი ეკა ნონიაშვილი და ფონდის დამფუძნებელი ნინო მუსერიძე

როგორც ფონდის დირექტორი, ეკა ნონიაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანი საქართველოს დემოგრაფიული პროგრამის მხარდაჭერაა, რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში, მოსახლეობის კლების კუთხით, საგანგაშო მდგომარეობაა.

„მოსახლეობის ბუნებრივი მატებით, საქართველო ჩამორჩება მსოფლიოს შესაბამის საშუალო მაჩვენებელს 6-ჯერ, განვითარებადი რეგიონებისას – 7-ჯერ, ეკონომიკურად ძალიან სუსტად განვითარებული რეგიონებისას-12-ჯერ. არაზუსტი სტატისტიკით, ყოველი მე-6 წყვილი უშვილოა. მილიონზე მეტი მოქალაქე გასულია ქვეყნიდან და ისინი, ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები არიან. მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას თავი რომ დავაღწიოთ, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ერები დაბერებას განიცდიან, ხელოვნური განაყოფიერება ან დაზღვევაში შედის, ან უფასოა. საქართველოში კი ეს მომსახურება იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ მხოლოდ სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახები ახერხებენ ამ გზით შვილის ყოლას.

M: ვის და როგორ აფინანსებს ფონდი?

ეკა ნონიაშვილი: ჩვენ შევეცადეთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული წარმატებული პროგრამებიდან შეგვექმნა საუკეთესო მოდელი. ყველაფერი ძალიან მკაფიოდ გავწერეთ და თითოეული დეტალი გავთვალეთ. დავეხმარებით ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჩვენი დახმარება და აქვს შანსი, გახდეს მშობელი, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ ეტაპზე, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს და მცირებიუჯეტიან ოჯახებს ვაფინანსებთ. საკმარისია მოგვმართონ, ფონდის ელ.ფოსტაზე ან Facebook-ზე, ფონდი ოპერატიულად უზრუნველყოფს მათთვის უფასო კონსულტაციას პროვაიდერ კლინიკაში და ჩვენი რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, იქნება მიღებული დაფინანსების გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების, სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს და კოლეგების დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, არაერთ ოჯახს ავუსრულოთ ოცნება.

M: ფონდი როგორ ფინანსდება? სურვილის შემთხვევაში, ვის შეუძლია ამ კუთხით თქვენი დახმარება?

ნინო მუსერიძე: ფონდის შექმნის იდეა წლებია მწიფდებოდა. ამ იდეას მუდამ ვუზიარებდი ჩემს მეგობრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, კოლეგებს. არაერთი მხარდამჭერი გამოჩნდა და სწორედ მათი თანადგომით დაიწყო ფონდმა საქმიანობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო დონორებთან და იმედი გვაქვს, მალე კარგი შედეგით დასრულდება. მანამდე კი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით, საწევრო გადასახადით, პირადად ჩემი და ჩემი ახლობლების ფინანსური შემოწირულობით არსებობს ფონდი. ვატარებთ საქველმოქმედო საღამოებსა და აუქციონებს. გაქვს ანგარიშის სპეციალური ანგარიშის ნომერიც, სადაც დონაცია შეიძლება. შემოსული თანხებით ვახერხებთ, თანადაფინანსების სახით, დავეხმაროთ ბენეფიციარებს. განსაკუთრებული მადლობა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, რომელმაც ამ მომსახურებაზე მაქსიმალური ფასდაკლება მოგვცა და ფინანსურადაც გვეხმარება. ამ ეტაპზე, ის ფონდის ერთადერთი პროვაიდერი კლინიკა გახლავთ.

M: ანალოგიური ფონდი ან ორგანიზაცია არსებობს საქართველოში?

ნ. მ. : გულწრფელად ვისურვებდი, რომ „შენთვის“ არ იყოს ერთადერთი, რომელიც უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული პროცედურების დაფინანსებაზე ზრუნავს. 5 თვეა, რაც დავიწყეთ და 800-ზე მეტი განცხადებაა შემოსული. იმედი მაქვს, სულ მალე სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ მთავარ ნაწილს, ჩვენ კი მხოლოდ თანადაფინანსებისთვის მოგვმართავენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სხვა მოცემულობაა – ფონდი „შენთვის“ ერთადერთია საქართველოში, დაფინანსების მაძიებელი კი ძალიან ბევრი.

M: ანუ მოთხოვნა ძალიან დიდია . . .

ე. ნ. : ციფრებით გიპასუხებთ: 5 თვის განმავლობაში, რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის უფასო კონსულტაცია მიიღო 345-მა წყვილმა. აქედან, 37 პაციენტი მრავალწლიანი უშვილობის ფონზე, უსახსრობის გამო, პირველად იყო რეპროდუქტოლოგთან. ჩვენ შევძელით და 26 დაფინანსების მაძიებელი უკვე დავაკმაყოფილეთ. აქედან, ამ დროისთვის, 7 დადასტურებული ორსულობა გვაქვს. 14 პაციენტი დაფინანსების მოლოდინშია. როგორც აღვნიშნეთ, 5 თვეში 800 განაცხადი შემოვიდა და რეკლამის არარსებობის პირობებში, ეს ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, მათ შორის 47 წლის ზემოთ ქალები ჭარბობენ, ამ ასაკში კი შვილოსნობის შანსები მინიმუმამდეა დასული. თუმცა, ეს ხალხი, ფინანსური პრობლემების გამო წლები ვერ ახერხებდა რეპროდუქციული პროცედურის ჩატარებას. არაერთ ამბავს ვისმენთ, როგორ გაყიდეს ქონება, სახლი, ბანკებში აიღეს სესხები და ამოწურეს ყველა რესურსი, ოცნება კი ოცნებად დარჩა. ახლა, ჩვენი სახით, მათ გაუჩნდათ იმედი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უკვე გვიანია. ამ ფონდის არსებობა თუნდაც იმისთვისაა სასარგებლო, რომ ეს ადამიანები დროულად მივლენ რეპროდუქტოლოგთან, მიიღებენ უფასო კონსულტაციას და თანადაფინანსებას ხელოვნური განაყოფიერებისათვის. მათთვის ეს ფონდი იმედის სხივია. გვსურს, ჩვენ ვიყოთ სასწაულის შემძლე და ყველა უშვილო ოჯახს ვაჩუქოთ შვილი. მათი დახმარების გულწრფელი სურვილი გვაქვს. იმედი გვაქვს, ამ ინიციატივას ჩვენი კოლეგებიც გაიზიარებენ და ყველა ერთად, საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის დასაძლევად და მარადისობის შენარჩუნების სურვილით, შევძლებთ, არაერთი ოჯახი ახალი სიცოცხლის დაბადებით გავაბედნიეროთ.

 

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგური განთავსდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მედლები ძველი გაჯეტებისგან დამზადდება