in

ფონდ ნატახტარის წარმატებული ბენეფიციარების აქტივობები სტერეოტიპების წინააღმდეგ

დღესდღეობით, საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, დაახლოებით 4500 ბავშვი და მოზარდი იმყოფება. თუმცა, სამწუხაროდ, სრულწლოვანებას მიღწეულ ახალგაზრდებს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებლის დატოვება უწევთ, ამასთან, ფინანსური დახმარებაც უჩერდებათ, შედეგად, დამოუკიდებელ ცხოვრებას სრულიად მოუმზადებლები ხვდებიან. “ფონდი ნატახტარი”, 2011 წლიდან მოყოლებული, ზრუნავს მოზარდებზე და მათ 15 წლის ასაკიდან ეხმარება საკუთარი ძლიერი მხარეების პოვნაში, ხოლო შემდეგ პროფესიის მიღებასა და დასაქმებაში.

 

6 წლის მანძილზე, ფონდი 307 ბენეფიციარს, რომელთაგან ნაწილი უკვე დასაქმებულია, აქვს სამსახურის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, ჰყავს მეგობრები, შეუძლია პრობლემების დამოუკიდებლად დაძლევა და ა.შ. ამასთან, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სხვა პრობლემების გარდა, სირთულეებს აწყდებიან სკოლაშიც, სადაც დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, სოციალური ბარიერების წინაშე დგებიან, უჭირთ თავის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზეზით, ფსიქოლოგ მანანა ომარაშვილის ინიციატივითა და ასოციაციის “ჩვენი სახლი – საქართველო” მხარდაჭერით, ფონდის გამოცდილი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ატარებენ შეხვედრებს, რაც “მზრუნველობამოკლებულ” მოზარდებთან დაკავშირებული სტიგმების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პირველ რიგში, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით იმ ბენეფიციართა ნაწილს, რომლებმაც ფონდ ნატახტარის დახმარებით, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება შეძლეს:


კესო აბშილავა, 21 წლის

ურთიერთობებში უფრო გახსნილი გავხდი, სხვისი აზრის მოსმენის უნარი განმივითარდა, საკუთარი თავის რწმენა ამიმაღლდა და გავხდი უფრო კომუნიკაბელური. გარდა ამისა, ფონდი ნატახტარის დახმარებით დავამთავრე საზოგადოებრივი კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“, შევისწავლე ფარმაცია. კოლეჯი იყო ფასიანი და თანხას მიხდიდა ფონდი. რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნა და მაშინაც ფონდი დამიდგა გვერდით, ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს ფსიქოლოგი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, საავადმყოფოში დიდხანს გვერდიდან არ მომშორებია.

რამდენიმე სამსახური შევიცვალე, ამჟამად ჩართული ვარ პროექტში და ვატარებ დისკუსიებს უფროსკლასელებთან.

ბავშვებს ვეტყვი, რომ ფონდი რეალურად არსებობს და არა ვიღაცის დასანახად. ზოგს ჰგონია, რომ არსებითი დახმარება არ მოდის ფონდიდან, მაგრამ სინამდვილეში, ამ ხალხმა, ფსიქოლოგებმა იციან, როგორ გამოიცნონ შენ რა გჭირდება და ზუსტად ის მოგაწოდონ, რაც გჭირდება.

ბავშვებს ვურჩევ, გამოიყენონ ფონდის დახმარება მაქსიმალურად განათლებისა და დასაქმებისთვის, და გამოიყენონ ფსიქოლოგიური სამსახური, რადგან პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


მადონა ბიჭაშვილი, 20 წლის

ფონდმა მომცა მომავლის იმედი, საკუთარი თავის რწმენა,  ვისწავლე სწორი კომუნიკაცია. ფონდმა მომცა ის, რომ დამოუკიდებლად ვცხოვრობ, რაც ყველაზე ღირებულია ჩემთვის. ვსწავლობ უნივერსიტეტში, იურისპუდენციას, მესამე კურსზე ვარ. ამჟამად ვაპირებ შეთავსებით დასაქმებას.

ბავშვებს ვურჩევ, ენდონ და დაეყრდნონ ფონდის პროფესიონალების გუნდს, იმედი ჰქონდეთ, ყველა რესურსი გამოიყენონ. რესურსში არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურს, უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც მომავლის დაგეგმვაში გეხმარება და ეს არის ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტი.

დეტალებისთვის კი ფსიქოლოგ მანანა ომარაშვილს ვესაუბრეთ.


M: გვიამბეთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც ფონდ ნატახტარის მხარდაჭერით, დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყეს. ვინ არიან, რას საქმიანობენ ამჟამად?

„ფონდი ნატახტარი“ უკვე 6 წელია იმ ახალგაზრდების დამოუკიდებელ ცხოვრებას უწყობს ხელს, ვინც ცხოვრობდნენ დიდ ბავშვთა სახლებსა (ამჟამად, დახურულია ეს სახლები) და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო“, კერძოდ, 15 წლის ასაკიდან მოზარდთან მუშაობას იწყებს ფსიქოლოგი ინდივიდუალურად და ზრუნავს, რომ მან საკუთარი შესაძლებლობებისა და მოტივაციის შესაბამისად აირჩიოს ხელობა, პროფესია. როცა ბენეფიციარები ხდებიან სრულწლოვნები, უმეტესობას აქვს უკვე დაგეგმილი კარიერა. ამჟამად, დამოუკიდებლად ცხოვრობს, დაახლოებით, 200 ახალგაზრდა, დასაქმებულები არიან ან აქვთ დასაქმების კარგი გამოცდილება და შეუძლიათ დამოუკიდებლად სამსახურის მოძიება, აქვთ პროფესია, ჰყავთ მეგობრები, იციან პრობლემის შემთხვევაში ვის მიმართონ, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის ადაპტურ გზებს ირჩევენ… ცხოვრობენ ჩვეულებრივ, ისევე როგორც ჩვენ.

M: საიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ თქვენს წარმატებულ ბენეფიციარებს, სასკოლო აქტივობების ფორმატში, თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ?

ინიციატივა წამოვიდა ჩემგან. სულ ვფიქრობდი, რომ ის სკოლები, სადაც მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბავშვებს უხდებოდათ სიარული, თავის დროზე გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. უცებ გაიხსნა  მცირე საოჯახო ტიპის სახლი თემში და აღნიშნული თემისთვის სრულიად უცხო ბავშვებმა  დაიწყეს ადგილობრივ სკოლაში სიარული. ზოგიერთი მათგანი ნამყოფიც კი არ იყო იმ რეგიონში. როგორ მიიღეს სკოლებმა, რა პრობლემები დახვდათ იქ, როგორ მიმდინარეობდა ადაპტაცია… ეს ყველაფერი არ იყო ადვილი და არ იყო ერთგვაროვანი. ბევრ სკოლაში დიდი სითბოთი ხვდებოდნენ მათ, ზოგან გარკვეული სტიგმა ხვდებოდათ, ზოგან კი უჭირდათ ადგილის დამკვიდრება. კარგიც და ცუდიც გადალახეს და დღეს წარმატებული ახალგაზრდები არიან. ვიფიქრე, რა იქნება თუ მიუბრუნდებიან სკოლას და იქ მყოფ მოზარდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ გადალახეს ცხოვრებისეული სირთულეები, როგორ მიაღწიეს წარმატებას და რამხელა მნიშვნელობა აქვს თანატოლების მხარში დგომას ცხოვრების რთულ ეტაპზე… „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველო“ დღეს აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს პროექტის „ძლიერი ოჯახი – საზოგადოების განვითარების საფუძველი“ ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

M: რა ფორმით მიმდინარეობს ეს აქტივობები, ვის შეუძლია მონაწილეობა და რას ისახავს მიზნად?

ჩვენ შევარჩიეთ „ფონდი ნატახტარის“ 15 ბენეფიციარი, ახალგაზრდა, როგორც თანასწორგანმანათლებლები, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას, მუშაობს და/ან სწავლობს და ახერხებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები ფასილიტატორის უნარ-ჩვევების განსავითარებლად. შემდეგ შევარჩიეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლების სიახლოვეს მდებარე 14 სკოლა: ნორიოს, წილკანის, გალავანის, კურღელაურის, რუსთავის (#11 და #18), ქუთაისის (#13, #33 და #34), გორის (#2 და #5), ხაშურის (#6), თელავის (#5 და #8) საჯარო სკოლები. აღნიშნული სკოლების უფროსკლასელებთან ტარდება დისკუსიები და ფასილიტატორებს სუპერვიზიას უწევს ფსიქოლოგი.

მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს, ყველაზე მეტად კი ჩამოთვლილი სკოლების დირექტორებს, თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, გვქონდა ერთი საყურადღებო შემთხვევაც, როცა ერთმა ახალგაზრდამ ვერ მოითმინა, დამასწრო და თვითონ დაურეკა მისი ყოფილი სკოლის დირექტორს, ქვიშხეთში და სთხოვა დისკუსიას ჩავატარებთო, დირექტორმა უპასუხა, რომ ვერც გაკვეთილების პროცეში ჩაატარებთ და ვერც გაკვეთილების შემდეგ, რადგან საახალწლო ზეიმები გვაქვსო. შემდეგ მეც შევეცადე აღნიშნულ დირექტორთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ შევძელი. არადა, მგონია, რომ სკოლა მოგებული დარჩებოდა ამ გოგონას მიწვევით, რომელმაც მთელი ცხოვრება მიმღებ ოჯახებში გაატარა, ბევრი სირთულე გადაიტანა და დღეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და მიზანდასახულად მიდის წინ წარმატებებისკენ.

M: როგორია შეხვედრების დამსწრეთა ჩართულობა და მათი უკუკავშირი?

დღეს, მაგალითად, გორის სკოლებში გვქონდა ვიზიტი. ახალგაზრდები დისკუსიას მართავენ უფროსკლასელებთან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებთან, წარმატების მიღწევის გზებთან, ცხოვრებისეულ ბარიერებთან და „მზრუნველობამოკლებულის“ სტიგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განიხილავენ პოზიტიური დისკრიმინაციის ამბებსაც. საოცარი ინტერესით ებმებიან დისკუსიებში უფროსკლასელები, აქვთ უამრავი კითხვა, აქვთ სურვილი, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღონ ისეთ საკითხებზე როგორიცაა სტიგმა, ძალადობა, თანასწორგანმანათლებლობა, ლიდერობა და ა. შ.

დისკუსიებში ჩართულ უფროსკლასელებთან შეთანხმებით, გავაკეთებთ ფეიბუქ ჯგუფს, სადაც დაიდება ყველა უახლესი ინფორმაცია ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საჭიროებებზე, მასალები ფსიქოგანათლებისთვის, კვლევები, ონლაინ ტრენინგები, კონფერენციების მასალები… ჩვენ ვიქნებით დაახლოვებით 500 და შემოვიერთებთ ყველა მსურველს.

#მრავალახალხეს – დამწვარი ნაძვის ხეები ბორჯომის ტყის აღსადგენად!

Capo Shoes – კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირებული ბრენდი – გვანცა დარასელიას სპონტანური სტარტაპი