13
ივლ
2018

80 წლიანი ისტორიის მქონე რესტორანს ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს

13 ივლ 2018

„ცვლილება დადებითი მოვლენაა, მაგრამ იმისთვის, რომ ცვლილება იყოს კონსტრუქციული, ჩვენ გვჯერა, რომ იგი დამყარებული უნდა იყოს მემკვიდრეობითობაზე და ინარჩუნებდეს საუკეთესოს, უკვე არსებულიდან. რებრენდინგის პროცესში მაქსიმალურად ვეცადეთ იმ ფასეულობების წინ წამოწევა, რომელიც გახსნის დღიდან ღირებულია ამ რესტორნისთვის“, – მარიამ ბებიაშვილი, რესტორან „ფუნიკულიორის“ მარკეტინგის დირექტორი. 

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

80 წლიანი ისტორიის მქონე უძველეს რესტორან „ფუნიკულიორს“ მთაწმინდაზე, რებრენდინგის შედეგად, ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს. ბრენდის განახლებული კონცეფცია ლივინგსტონთან“ ერთად შემუშავდა, რაც შეეხება ვიზუალურ ბრენდინგსა და საფირმო იდენტობას, მისი ავტორები დამოუკიდებელი დიზაინერები: სოფო გურასპაშვილი და გვანცა ჩიჯავაძე არიან.

გარდა ამისა, შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც ბრენდის გრძელვადიანი სტრატეგიული ნაბიჯია და 2018 წლის სექტემბრიდან, მომხმარებელთან შეხების სხვადასხვა წერტილში გაიშლება. ბუნებრივია, ეს პროცესი კომპლექსურია და მხოლოდ დიზაინს არ მოიცავს, ამიტომ ვიზუალურ ტრანსფორმაციასთან ერთად, იცვლება: მენიუ, მომსახურების სტილი, ინტერიერი და რესტორნის კომუნიკაცია.

თბილისური ურთიერთობები, კულტურა და ემოციები ბრენდის ბირთვად ვაქციეთ, ხოლო ბრენდი მთლიანად თბილისურ თავგადასავალზე ორიენტირებული გავხადეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სასიამოვნოდ გატარებული საღამოს გარდა, სტუმარს შევთავაზოთ კულინარიული თავგადასავალი, სადაც შეძლებენ, ეზიარონ საუკეთესო ღირებულებების მქონე თბილისს, დაიმუხტონ გულწრფელი ურთიერთობებით და მიიღონ მეტი, ვიდრე საკვებია, – მარიამ ბებიაშვილი

როგორც ვიზუალური ბრენდინგისა და საფირმო იდენტობის ავტორებმა, სოფო გურასპაშვილმა და გვანცა ჩიჯავაძემ, მარკეტერთან საუბრისას აღნიშნეს, იმ ნოსტალგიის, ემოციისა და სიყვარულის გამო, რაც „ფუნიკულიორმა“ მისი სტუმრებისგან დაიმსახურა ამდენი წლის განმავლობაში, დიდ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული მის ვიზუალურ ცვლილებებზე მუშაობა:

 

ეს ის პროექტია, რომელსაც დიდი სიხარულით დავთანხმდით. რესტორან ფუნიკულიორზე არაერთი ისტორია მოგვისმენია ჩვენი მშობლებისგან, ბავშვობაში რომ დავყავდით ამ ადგილას, ახლა კი, ჩვენ დაგვყავს შვილები. უამრავი მასალა მოვიძიეთ მუშაობის პროცესში, მთელი გულით შევიგრძენით ფუნიკულიორის მნიშვნელობა და კიდევ უფრო შევიყვარეთ ის. საბოლოოდ, ვეცადეთ, რომ ისეთი საფირმო სტილი შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა ძველისა და ახლის სინთეზი.

ლოგოს მთავარ ელემენტად ფუნიკულიორის უძველესი შენობა იქცა, რაც შეეხება ბრენდის საფირმო სტილს, დიზაინერებმა მის შესაქმნელად  ვერანდის გადახურვის ელემენტები გამოიყენეს. ილუსტრაციების მთავარი ინსპირაცია კოკა იგნატოვის ცნობილი პანო – „ფიროსმანის მონატრება“ გახდა, რომლის ფერთა გამა ინტერიერში არსებული ფერების მიხედვით შეირჩა.

თემატური ღონისძიებები, მომსახურების განსხვავებული სტილი, თბილისური მენიუ, გაცოცხლებული ისტორიები და მრავალი სხვა დეტალი, ვფიქრობთ, რომ ბრენდის სავიზიტო ბარათი გახდება და დაგვეხმარება, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენი ქალაქის ღირებულებებსა და გულწრფელ ურთიერთობებს, – მარიამ ბებიაშვილი

სრულად სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.behance.net/gallery/67660787/Funicular

განხილვა