ფურგონი არის სასარგებლო და პრაქტიკული მანქანა, რომელსაც მრავალი დანიშნულებით ვიყენებთ. ამ კატეგორიის ავტომობილს ხალხისა და სხვადასხვა პროდუქტის ეფექტურად ტრანსპორტირების უნარი აქვს, რის გამოც ისინი ბიზნესის მიერ ხშირად გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. ფურგონებს ხშირად მრავალშვილიანი ოჯახებიც იყენებენ, რადგან მას მეტი სივრცე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მანქანებს.
მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გამოიგონეს ამ ტიპის მანქანა? ჩვენც დაგვაინტერესა და ისტორიას გადავხედეთ.
ფურგონის წარმოშობა
სახელწოდება „ფურგონი“ მომდინარეობს სიტყვიდან ქარავანი, რომელიც გულისხმობდა გადახურულ მანქანას. პირველად გამოვიდა სედანები, რომლებსაც ფურგონის ტიპის უკანა ნაწილი ჰქონდათ. 1930-იანი წლების ბოლოს 1950-იან წლებში ისინი აქტიურად გამოიყენებოდა საქონლის გადასაზიდად და სხვადასხვა მომსახურების გასაწევად. მოგვიანებით, 1960-იან წლებში გამოჩნდა კომპაქტური ფურგონები და მისი პირველი, ცნობილი წარმომადგენელია Volkswagen Bus.
სწორედ Volkswagen Transporter-მა შექმნა მომავლის მრავალი ფურგონის შაბლონი. იგი შეიქმნა 1950 წელს გერმანიაში და მას შეეძლო ცხრა ადამიანის გადაყვანა. ის ასევე ცნობილი იყო როგორც „მიკროავტობუსი”. Volkswagen Transporter-ით შთაგონებული, ბევრი სხვა ავტომობილის მწარმოებელი ცდილობდა შეექმნა საკუთარი ვერსიები.
თუმცა მსოფლიოს პირველ ფურგონად ავტოისტორია Model TT-ის მიიჩნევს, რომელიც 1917 წლის ივლისში Ford Motor Company-მ გამოუშვა. ის დაფუძნებული იყო ბრენდის ცნობილ, მოდელ T-ზე, თუმცა ჰქონდა ფურგონებისთვის დამახასიათებელი ჩარჩო და უკანა ღერძი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაკლებად ცნობილია, ვიდრე Model T, მან დიდი გავლენა მოახდინა, როგორც თანამედროვე ფურგონისა და პიკაპის წინამორბედმა.
ფურგონების განვითარება
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-სა და ევროპის მცირე მეწარმეებმა და გამყიდველებმა ფურგონიანი მანქანების გამოყენება ვაჭრობისთვის დაიწყეს. მაგალითად, მოცემულ ფოტოზე თქვენ ხედავთ გამყიდველს, რომელსაც თავისი ფურგონი სავაჭრო დახლად აქვს გადაკეთებული და პოტენციურ მყიდველს ესაუბრება.
1970-იანი წლების დასაწყისში, Chrysler-ის ინჟინრების გუნდმა მუშაობა დაიწყო ფურგონიანი ავტომობილის გამოშვებაზე, თუმცა პროცესი იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ავტომწარმოებელს იმ დროისთვის არ ჰქონდა საკმარისი რესურსები, ამიტომ ბრენდის ასამბლეის ხაზიდან პირველი ფურგონის ტიპის მანქანა 1982 წელს გამოვიდა. ეს იყო მანქანა, რომელმაც რაღაც მხრივ გადაარჩინა Chrysler ფინანსური პრობლემებისგან.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში არ არსებობდა იდეალური საოჯახო მანქანა. ამ კატეგორიაში ძირითადი პრობლემა არაეკონომიურობა იყო, ასევე მათ ჰქონდათ დაბალი გამავლობა და საერთოდ არ გამოიყენებოდა ცუდ გზაზე სასიარულოდ. ბაზარს აკლდა საოჯახო მანქანა, რომელიც საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარდა და საკმარისი ადგილი ჰქონდა ოჯახისთვის. Chrysler-ის მინივენი იყო პირველი მანქანა, რომელმაც ეს პრობლემები გადაჭრა. ეს იყო Dodge Caravan.
ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია, რომელიც ხშირად ასოცირდება ფურგონიანი მანქანების ლეგენდებთან. იგი წარმოებულია DaimlerChrysler-ის მიერ და 1998 წლამდე მას Chrysler Corporation ყიდდა. Dodge Caravan დაფუძნებული იყო Chrysler S პლატფორმაზე. 1987 წელს გამოვიდა მისი უფრო ფართო ვარიანტი – Grand Caravan. აღსანიშნავია, რომ მოდელის 5 თაობა გამოვიდა 2020 წლამდე. Dodge Caravan ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფურგონი იყო წლების განმავლობაში.
როგორც Mercedes-Benz-ის ბლოგპოსტებშია აღწერილი, 1896 წელს Daimler-Motoren-Gesellschaft-მა გამოუშვა ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იყო ორცილინდრიანი Phoenix-ის ძრავით და შეეძლო 1500 კგ-მდე ტვირთის აწევა. არსებობს დებატები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს კლასიკური გაგების ფურგონი, თუმცა დღევანდელი სტანდარტებით ის მაინც გაჰყავთ ამ კატეგორიაში.
იმავე წელს კარლ ბენცმა შექმნა ფურგონის მსგავსი მანქანა, რომელიც აშენდა ბენცის მოტორიზებული ვაგონის შასიზე. იგი გამოიყენებოდა პარიზის უნივერმაღის საქონლის მიწოდებისთვის.
ფურგონები დღეს
წარმოშობის დღიდან დღემდე, ისევე როგორც სხვა მანქანები, ფურგონებიც განვითარდა. გახდა უფრო გლუვი, უფრო თანამედროვე და დიზაინიც უფრო ეფექტური აქვს. ავტომობილების წარმოება ძირითადად იაპონიასა და კორეაში გადავიდა და „ნისანი”, „ტოიოტა” და „ჰიუნდაი” ფურგონების მთავარი მწარმოებლები გახდნენ. ფურგონმა დიდი გზა გაიარა თავისი „ყუთიანი” და პრიმიტიული წარმოშობიდან, რათა ძლიერი და სასარგებლო მანქანა გამხდარიყო.
ფურგონიანი მანქანების თანამედროვე ევოლუციად მინივენებს მიიჩნევენ, რომლებიც დღეს ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ქალაქგარეთ სასიარულოდ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი ისევ Chrysler რჩება, რომელიც დღესაც აწარმოებს ფურგონებს. როდესაც მან Dodge Caravan-ის წარმოება შეაჩერა, გამოუშვა Chrysler Voyager, რომელიც ბევრი ავტომოყვარულისთვის Dodge-ის ღირსეული და თანამედროვე ჩანაცვლება იყო.
ასევე გამორჩეული მოდელები ჰყავს რამდენიმე ცნობილ ბრენდს, როგორებიც არიან: Honda, Kia, Toyota, Ford და სხვები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი