24
Mar
2014

დიდი მოცულობის ფაილების გაგზავნა უფრო ადვილია, ვიდრე თასმის შეკვრა!

24 Mar 2014

Startauperi
Startauperi


„იცით თუ არა, რომ fus.ge-ს გამოყენებით დიდი ფაილების გაგზავნა უფრო მარტივია, ვიდრე თასმის შეკვრა?“- სწორედ ესაა საქართველოში შექმნილი ახალი პროგრამის მთავარი სარეკლამო მესიჯი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია. მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა.

http://www.youtube.com/watch?v=QnlJ-FYCVOE

– საკმაოდ საინტერესო პროდუქტი შექმენით, როგორ შეუძლია მისი გამოყენება მომხმარებელს? ფასიანი ვერსიები საკუთარ სერვერს მოითხოვენ უფასოზე კი მხოლოდ 1 თვიანი ვადაა გამოყოფილი.

– პირველ რიგში გმადლობთ დაინტერესებისათვის. Coresoft FUS გახლავთ პროდუქტი, რომელიც თავიდან მხოლოდ კორპორაციულ სეგმენტზე იყო გათვლილი, ვებ-გვერდზე კი საცდელი ვერსია მასთან გასაცნობად გვაქვს გაშვებული. საკუთარი სერვერი ახსენეთ, სწორედ ესაა FUS-ის უპირატესობა, პროგრამა დგება კომპანიის  „კომპიუტერზე“ და მას სრულად შეუძლია ინფორმაციის კონტროლი, რაც დაცულობის გარანტიაა. ასევე, კომპანიის გზავნილებს ადრესატი ამ კომპანიის „საიტიდან“ მიიღებს, რაც მათ პრესტიჟსა და იმიჯზე დადებითად აისახება. საერთოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომელიც იდეალურად ერგება კომპანიას.

– ამჟამად თუ არის დანერგილი თქვენი პროგრამა სადმე?

– დიახ, ამჟამად ერთ-ერთი დიდი კვლევითი კომპანია სარგებლობს ჩვენი პროგრამით, ასევე ერთი უნივერსიტეტი და კონსალტინგის კომპანიაც. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ტელევიზიებთან, იმის თაობაზე, რომ მიიღონ სარეკლამო კომპანიებისაგან ამ რესურსით მიწოდებული მასალები. სარეკლამო კომპანიები ძალიან დიდ სურვილს გამოთქვამენ ამ გზით მუშაობაზე, რადგან ასე ბევრად უფრო დაცულად და სწრაფად იგზავნება მასალები, იზოგება დრო, ტრანსპორტირების თანხა და ასევე გამორიცხულია „დისკით“ თუ „ფლეშკით“ გაგზავნისას არსებული რისკები – დაზიანება, ინფორმაციის გაჟონვა…

– ტელევიზიების ნაწილი დღემდე „დისკებით“ მუშაობენ? ეს ხომ ფაილის სიდიდის შეზღუდვაა, ასევე მოუხერხებელი მგონია ასე მუშაობა.

– ალბათ საკუთარი პოლიტიკა აქვთ ინფორმაციის მიღებაზე, თუმცა ჩვენი პროგრამით ბევრად მარტივად ხერხდება ასეთი საკითხების მოგვარება, ვიდრე მოძველებული მეთოდებით. სხვათაშორის ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ ძალიან მოიწონა მუშაობის თანამედროვე ინსტრუმენტის დანერგვა სარეკლამო ბაზარზე.

– თუ აპირებთ საცალო ბაზრის ათვისებასაც?

– რა თქმა უნდა, საცალო სეგმენტიც საინტერესოა ჩვენთვის. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება იმისათვის, რომ საცალო ბაზარზეც გავიდეთ. იმედია უახლოეს მომავალში ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ჩვენი პროდუქტის სრულად „დატვირთული“ ვერსიით სარგებლობა.

განხილვა