მეცნიერებმა ბირთვულ შერწყმაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს, რასაც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ოფიციალურადაც ადასტურებს — მკვლევრებმა ბირთვული შერწყმის რეაქცია პირველად შექმნეს, რომელიც იმაზე უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებდა, ვიდრე მასში იყო ჩადებული. ექსპერიმენტი 5 დეკემბერს, ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, ჩატარდა და 3.15 მეგაჯოული ენერგია გამოიმუშავა მაშინ, როცა მასში 2.05 მეგაჯოული იყო.
„მეცნიერულად, პირველი შემთხვევაა, როცა დაამტკიცეს, რომ ეს შესაძლებელია. თეორიულად კი, მათ იცოდნენ, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს არავის ჰქონდა ნანახი“, — ამბობს ჯანლუკა სარი, ფიზიკოსი.
საერთოდ, რა არის ბირთვული შერწყმა ან რატომ წარმოადგენს ასეთ დიდ დაბრკოლებას? იგი ორი ატომის, ყველაზე ხშირად კი წყალბადის შერწყმით მუშაობს, რათა უფრო მძიმე გახდეს, მაგალითად, ჰელიუმის მსგავსი. ფეთქებადი პროცესი კი ენერგიის დიდ რაოდენობას ათავისუფლებს. შერწყმა დაშლის საპირისპირო რეაქციაა, ეს იმ ბირთვულ რეაქტორებშიც გვხვდება, რომლებიც დღეს გამოიყენება.
კონკრეტული პროცესი ბუნებრივად მზისა და ვარსკვლავების გულში ხდება და ამ კოსმოსური ობიექტების საწვავსაც უზრუნველყოფს. 1950-იანი წლებიდან კი მეცნიერები დედამიწაზე მის გამეორებას ცდილობდნენ, რათა გამოიყენონ ის, როგორც სუფთა, იაფი და თითქმის ულიმიტო ელექტროენერგია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, შერწყმით თითო კილოგრამზე 4-ჯერ მეტი ენერგიის მიღებაა შესაძლებელი და იგი თითქმის 4-მილიონჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ნავთობი ან ნახშირი.
მეტიც, წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, შერწყმა არ ათავისუფლებს ნახშირორჟანგს — სათბურის გაზს, რომელიც კლიმატის ცვლილების მთავარი მამოძრავებელია. ბირთვული დაშლისგან განსხვავებით კი, შერწყმა არც ხანგრძლივ რადიოაქტიურ ნარჩენებს ქმნის. მიუხედავად ამისა, მას ჩვენი ენერგეტიკული პრობლემები დიდი მასშტაბით ჯერჯერობით არ გადაუჭრია.
და რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის? უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ბირთვული შერწყმის ენერგიისთვის, მაგრამ ტექნოლოგიის კომერციული მასშტაბის გამოყენებამდე ჯერ კიდევ წლებია საჭირო.
„შესაძლოა, ამან ჯერ კიდევ მოგვცეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ინფორმაცია. ლაზერით დღეში ერთხელ ამის გაკეთება სულაც არ ნიშნავს, რომ ამ მექანიზმის მასშტაბირება უკვე შეგვიძლია“, — აცხადებს ჩანდა პრესკოდ-ვაინშტაინი, თეორიული ფიზიკოსი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ინვესტორები, მათ შორის Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც, მილიარდებს ხარჯავენ სუფთა ენერგიის სტარტაპებში, რათა შერწყმა კომერციულად მომგებიანი გახადონ, ეს განცხადება მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიც უნდა იყოს.