in

როგორი იქნება წლევანდელი Future Agro Challenge Georgia?

საქართველოში მსოფლიო მასშტაბის აგროტექნოლოგიური პროექტის Future Agro Challenge-ს ადგილობრივი ღონისძიება Future Agro Challenge Georgia გაიმართება. ესაა საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც სტარტაპერებს, ინოვატორებს, აგროტექნოლოგებს, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს აერთიანებს. ესაა გლობალური ღონისძიება, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის, საქართველოს. Future Agro Challenge საქართველოში უკვე მესამედ წელია ტარდება და ადგილობრივი შეჯიბრის გამარჯვებულებს Future Agro Challenge-ის გლობალურ ჩემპიონატზე წარადგენს. გასულ წლებში, გამარჯვება Qvevry-სა და Raven-ის პროექტებმა მოიპოვეს.

Future Agro Challenge Georgia ორი ნაწილისგან შედგება – ბუთქემფისა და კონფერენციისგან. ბუთქემფის ფარგლებში, 48 საათის განმავლობაში, მონაწილე გუნდები აგროტექნოლოგიურ იდეებზე იმუშავებენ. გამარჯვებულ გუნდს, Future Agro Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრის გარდა, მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის საშუალება ექნება.

წლევანდელი ღონისძიების ორგანიზება, Startup Buro-მ და Agro Solutions-მა ერთობლივად აიღეს საკუთარ თავზე. წელს, გაიზარდა ჩართულობა ისეთი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომლებიც მსოფლიო აგროინდუსტრიაში სხვადასხვა ფორმით მუშაობენ. ღონისძიების ფარგლებში, ისინი გააზიარებენ გამოცდილებას, სიახლეებსა და გამოწვევებთან გამკლავების მათეულ პრაქტიკას.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, DataFest Tbilisi, Sarajishvili, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (MASHAV) და UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია.

„Future Agro Challenge შექმნილია ლამაზად მოწყობილი ტვინებისთვის, რომლებსაც პრობლემის გადაწყვეტის უნარი აქვთ. ჩვენი მიზანია, ასეთი უნარების მქონე ადამიანების გონება აგროსფეროს უზარმაზარი პოტენციალისკენ მივმართოთ.

ირაკლი ჩიქავა

ვიწვევთ ყველას, ვისაც აქვს საინტერესო აგრობიზნესი ან მუშა პროტოტიპი, ვინც თვლის, რომ მისი ინოვაცია შეიძლება რეგიონის დონეზე მაინც მასშტაბირდეს. იმ საინტერესო გამოგონების ან აგროსტარტაპების წარმომადგენლები არიან ჩვენი სამიზნე აუდიტორია. ასეთები იმაზე მეტი გვყავს საქართველოში, ვიდრე წარმოგვედგინა. 

დაახლოებით, ათი მნიშვნელოვანი საკითხი შევარჩიეთ. მონაწილეებს შეეძლებათ მოისმინონ ინფორმაცია ევროპულ საგრანტო პერსპექტივაზე საქართველოში. ვისაუბრებთ ფერმისა და აგრობიზნესის მართვის საკითხებზე – ეფექტიანობასა და რეალურ პრობლემებზე.

Future Agro Challenge Georgia-ს ფარგლებში, შევძელით და მივიქციეთ როგორც კერძო, ასევე, არაკომერციული, საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფო სექტორის ყურადღება. 

რატომ არის საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა მნიშვნელოვანი? ეს კომპანიები საუბრობენ თავიანთ რეალურ გამოცდილებაზე, რასაც სხვადასხვა კომპანიაში აწყდებიან. მათ შორის, არიან კომპანიები, რომლებიც ათეულობით ქვეყანაში არიან წარმოდგენილები. მათ შეუძლიათ სრული სურათი წარმოადგინონ. ამ პრობლემების წამოწევით, გვინდა ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების გამოყენებისკენ ვუბიძგოთ, რითაც საქართველო ინოვაციური აგროტექნოლოგიების მწარმოებლად გვინდა იქცეს,“ – ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

გური ქოიავა

„აგროსექტორი დიდი პოტენციალის მქონე და ძალიან საინტერესო სფეროა. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალი ტექნოლოგიური სტარტაპების გამოჩენას, ნებისმიერ სექტორში – ვფიქრობთ, ეს ამ ქვეყანაში შესაძლებელია. აგროსფეროში ტექნოლოგიები უკვე არის, თუმცა ვაწყდებით სირთულეებს ქართულ აგროსექტორში. Future Agro Challenge Georgia არის სწორედ ის პლატფორმა, რომელიც მის გარშემო კრებს დაინტერესებულ მხარეებს. პროექტის ფარგლებში, წინა წლებში ორი კომპანია აღმოვაჩინეთ – Qvevry და Raven – ორივე განვითარდა და გვაქვს ამბიცია, რომ წელსაც ღირებულ აგროტექნოლოგიურ წამოწყებას აღმოვაჩენთ. ამ პროექტის ფარგლებში, აგროსექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რაც პარტნიორის, მენტორის თუ ინვესტორის მოძიებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ბუთქემფის ადგილობრივი გამარჯვებული Future Agro Challenge-ის გლობალურ ღონისძიებაზე მიემგზავრება. მაგალითად, Qvevry-ის პროექტთან ერთად, 2019 წელს ვიყავით საბერძნეთში. 60 მონაწილეს შორის, მეათე ადგილას გავიდა, აუდიტორიის ფავორიტის ჯილდო მიიღო და დიდი ინტერესის ობიექტად იქცა. მეორე კომპანია – Raven, პანდემიის გამო, 2022 წელს შეუერთდება გლობალურ ღონისძიებას,“ –  გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

ღონისძიების მნიშვნელობაზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი გვესაუბრა:

M: რატომ არის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისთვის მნიშვნელოვანი Future Agro Challenge Georgia-ს მხარდაჭერა?

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხელს უწყობს იმ ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას, რომლებსაც აქვთ სოფლად სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლების ზრდის პოტენციალი. USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამები საქართველოში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ახალისებს და შესაბამისად, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას“ აქვს ინკლუზიური სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების პროგრამირების (IAVCD) კომპონენტი. „Future Agro Challenge Georgia-ს“ ინიციატივის მხარდაჭერაც ამ კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება და მოწოდებულია დაინტერესებულ ქალებსა და ახალგაზრდებს გააცნოს თანამედროვე აგროინდუსტრიის განვითარების ტენდენციები.

M: რა როლი აქვს ასეთ ღონისძიებებს სფეროს განვითარებაში?

მკაცრი კონკურენციის პირობებში მსოფლიო ბაზარზე საქართველოს აგროსექტორის მიერ ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, აუცილებელია მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის წარმოების განვითარება, ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოხდენს და მოქნილი იქნება გამოწვევებისა და ტენდენციებისადმი. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეტი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციის ჩართვას აგროტექ ინიციატივებში და გაზრდის ამ სფეროს მიმართ ინტერესს.

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება: კვების ტექნოლოგია, აგრო ტექნოლოგიები (ზუსტი სოფლის მეურნეობა, რობოტიკა, დრონები), აგრომეტყევეობა, საკვები სასმელი (პროდუქცია/რითეილი), კვების უსაფრთხოება, მდგრადობა, საკვები ნარჩენები, კვება და ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, შეფუთვა და ლოჯისტიკა, განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგროტურიზმი, სოფლის მეურნეობის გამოშვება & დამუშავება.

კონფერენციის განმავლობაში, უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით:

– ფერმის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში
– სენსორები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში
– წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
– ურბანული მეურნეობა
– საკვების წარმოების მომავალი?
– საკვები ნარჩენები და მოსავლის აღების ტექნოლოგიები

 

 

[R]

ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

გლობალური სარეკლამო ბაზარი 2021 წელს რეკორდულ ზრდას განიცდის — 23.8%-ით $771 მილიარდამდე