10
Jul
2019

“მომავლის პრეს-რელიზი” ჯეფ ბეზოსისგან

10 Jul 2019

ჯეფ ბეზოსი

“ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მისი გუნდის ლიდერებისთვის ისეთ მიდგომას იყენებს, რომელსაც, როგორც ამბობენ, “ამაზონის” ინოვაციურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. კომპანიის დაფუძნების პირველივე დღეებიდან, რაიმე ახალი პროექტის ან პროდუქტის შექმნამდე, ბეზოსი გუნდისგან “მომავლის პრეს-რელიზს” ითხოვდა. ეს ერთგვარი ტექნიკაა, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს ინოვაციურ გარღვევებსა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.

statiebi-bog
statiebi-bog

2002 წელს, როდესაც “ამაზონის” დირექტორი ჯონ როსმანი კომპანიის გუნდს შეუერთდა, მას მოეთხოვა დაეწერა პრეს-რელიზი Amazon Marketplace-ზე, ბიზნესზე, რომელზეც, დღეის მდგომარეობით, “ამაზონის” გაყიდვების 50% მოდის. როსმანმა პრეს-რელიზი ახალი ბიზნესის გაშვებამდე ექვსი თვით ადრე დაწერა. დოკუმენტი საჯარო არ იყო. პრეს-რელიზის დანიშნულება იყო შიდა გუნდის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და მოტივირება.

“იდეებისა და შეთავაზებების სრულად ჩამოყალიბებას შედეგად უკეთესი იდეები, არსებული ჩანაფიქრების დახვეწა და განვითარება მოყვება,” – განაცხადა როსმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როსმანს აქვს ოთხი წესი “მომავლის პრეს-რელიზის” წერისას. ვფიქრობთ, ეს წესები თქვენ და თქვენს გუნდს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ, იმის მიუხედავად, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თქვენი კომპანია, პროდუქტი, სერვისი, ინიციატივა თუ სხვა.

პრეს-რელიზი უნდა დაიწეროს აწმყო დროში

“მომავლის პრეს-რელიზი” ისე უნდა დაიწეროს, თითქოს ჩაფიქრებული პროექტი უკვე გაუშვით და რაც მთავარია, უკვე მიაღწია წარმატებას ბაზარზე. პრეს-რელიზის დაწერამდე, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რამდენად გრძელ ვადაზეა გათვლილი და როგორი უნდა იყოს შედეგი, როდესაც დრო მოვა?

დაიწყეთ მომხმარებლით…

პრეს-რელიზში განმარტებული უნდა იყოს, როგორ აუმჯობესებს პროდუქტი მომხმარებლის მომსახურებას, რას აკეთებს უკეთ, თავისი კატეგორიის სხვა პროდუქტებთან შედარებით და რით აბედნიერებს მყიდველს.

მომავლის პრეს-რელიზზე როსმანი ასე წერდა: “გამყიდველს უნდა შეეძლოს შუა ღამისასაც კი დარეგისტრირდეს, გააკეთოს გასაყიდი საქონლის სია, მიიღოს შეკვეთა და გააბედნიეროს მომხმარებელი”.

“ამაზონი” შეპყრობილია საკუთარი მომხმარებლებით – ასევე უნდა იყოთ თქვენც – თქვენი კლიენტებით. იყო მომხმარებლით შეპყრობილი, მოითხოვს, რომ აზროვნება დაიწყოთ მომხმარებლის გამოცდილებით და ყველაფერი აქედან გამომდინარე შექმნათ. მომავლის პრეს-რელიზი თქვენ და თქვენს გუნდს სპეციფიკურ განმარტებას გაძლევთ, როგორი უნდა იყოს იდეა ან პროდუქტი, როდესაც ის მომხმარებლის ხელში მოხვდება.

ჩამოაყალიბეთ თამამი და მკაფიო მიზნები

როსმანს თუ დავუჯერებთ, მომავლის რელიზი უნდა მოიცავდეს მკაფიო, გაზომვად შედეგებს, რასაც მიაღწიეთ. მათ შორის, ფინანსურს, ოპერაციულს და საბაზროს.

სულ მალე, მთვარეზე პირველი დაშვებიდან 50 წელი შესრულდება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მომავლის პრეს-რელიზი, რომელიც მან 1961 წლის მაისში, კონგრესის წინაშე წარადგინა? მან დასვა მკაფიო და გაბედული მიზნები და ისე ისაუბრა, თითქოს მისია უკვე შესრულებული იყო. კენედიმ განაცხადა: “ამ ერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ამ ათწლეულის ბოლომდე მიაღწიოს ამ მიზანს – დასვას ადამიანი მთვარეზე, შემდეგ კი, მშვიდობიანად დააბრუნოს ის დედამიწაზე”.

რაისის უნივერსიტეტში გამოსვლისას, კენედი კიდევ უფრო კონკრეტული იყო: “ჩვენ, საფეხბურთო მოედნის სიგრძის, ახალი მეტალის ფირფიტებისგან შექმნილ 300 ფუტის სიმაღლის გიგანტურ ხომალდს გავუშვებთ მთვარეზე, 240 000 მილის მოშორებით ჰიუსტონის სადგურიდან…”

და როგორია თქვენი “დაშვება მთვარეზე”? შექმენით თქვენი “მომავლის პრეს-რელიზი”, სპეციფიკური და თამამი.

აღწერეთ დაბრკოლებები, რომლებიც გადალახეთ

როსმანის თქმით, თქვენ უნდა “განიხილოთ საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად”. სწორედ ესაა, რა კუთხითაც, თქვენი მომავლის პრეს-რელიზი მოგცემთ მკაფიო სურათს და თქვენს გუნდს პრობლემების გადაჭრის გზაზე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

აღწერეთ გამოწვევები, რომლებიც თქვენმა გუნდმა უნდა გადაჭრას, მაგრამ არ იღელვოთ, რომ ეს პრობლემები ჯერ არაა მოგვარებული. როსმანის თქმით, თქვენ გაქვთ დრო. მთავარი აზრი ისაა, რომ გუნდს მისცეთ მიღწეული მიზნის შეგრძნება და მკაფიო განსაზღვრება, როგორი იქნება მათი სამყარო ამ ყველაფრის შემდეგ.

ბეზოდი ყველა გუნდს ამგვარ პრეს-რელიზს სთხოვს, როდესაც ისინი ახალ პროდუქტსა თუ პროექტზე მუშაობენ, ან ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავენ. რატომ? იმიტომ, რომ ინოვაცია მძიმე შრომაა. ეს არაა მხოლოდ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც რაღაცას გააუმჯობესებს. ჭეშმარიტი ინოვაცია ისაა, რომელიც არსებულს სრულიად ახლებურად და განსხვავებულად შეგახედებთ.

მომავლის პრეს-რელიზი ბიძგის მომცემია. ის გაიძულებთ, როგორც ლიდერმა და ანტრეპრენუარმა, გაწმინდოთ და გაამკვეთროთ თქვენი ხედვა. იქონიეთ მკაფიო ხედვა და ნახავთ, როგორ გადაწყვეტს თქვენი გუნდი დასახულ ამოცანას.

 

წყარო: inc



განხილვა