in

FX.GE – ფულის გადახურდავება ონლაინ სივრცეში

Startauperi
Startauperi

fx-ge-new 1არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თანხის ჯიბით ტარება და ქუჩის სავალუტო ჯიხურებში ვალუტის თვლა თუ აღრიცხვა არ უყვარს, სწორედ მათთვის შეიქმნა საიტი FX.GE.  თუ როგორ გაჩნდა ინოვაციური იდეა – ფულის გადახურდავება ონლაინ სივრცეში, Marketer-ს სანდრო რთველაძე ესაუბრა.

M: რას გულისხმობს საიტი FX.GE 

FX.GE -ს კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია საიტზე თანხა დააკონვერტიროს ორი მეთოდით – სხვა მომხმარებელთან ან პირდაპირ კომპანიასთან. გაცვლითი კურსი მაქსიმალურად მიახლოებულია სავალუტო ჯიხურების კურსებთან, შესაბამისად, მომხმარებელი კომფორტულ მომსახურებაში ნაკლებ საკომისიოს იხდის.

M: როგორ გაჩნდა ბიზნეს იდეა ? 

პირველ რიგში შევხედეთ ქართულ ბაზარს. რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა: ბევრ მომხმარებელს ქუჩაში უწევდა თანხის გადახურდავება, რადგან კურსი იყო  უკეთესი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არაკომფორტულია ეს მომხმარებლისთვის, რადგან უწევს თანხის ქუჩაში ტარება, მისი დათვლა, აღრიცხვა, უკან წამოღება და ა.შ. გადავწყვიტეთ, მათთვის შეგვეთავაზებინა ამ პრობლემების გადაჭრის საშუალება. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი კატალიზატორი იყო ზოგადად დოლარის გამყარება და მასთან დაკავშირებული საბაზრო ტენდენციები. შესაბამისად, ეს ორი პრობლემა ერთმანეთს რომ დავუკავშირეთ, მივხვდით, რომ ჩვენი იდეის განხორციელება ცდად ღირდა და შესაბამისად დაარსდა კომპანია FX.GE, რომელიც უკვე ერთი თვეა მუშაობს.

M: როგორ შეარჩიეთ საიტის სახელი?

FX ნიშნავს „Foreign Exchange” რაც უცხოური ვალუტის გაცვლას ნიშნავს და ფართოდ გავრცელებული ფინანსური ტერმინია. ლოგოც FX -ია იმიტომ, რომ მომხმარებელი მისი დანახვისას მიხვდეს კომპანიის ძირითად საქმიანობას.

fx.ge 1M: რა გზები უნდა გაიაროს მომხმარებელმა ამ სერვისის სარგებლობისთვის ?

მაგალითად, გსურთ ლარით დოლარის შეძენა. შეხვალთ FX.GE -ზე, დაარეგისტრირებთ განაცხადს, რის შემდეგაც მიიღებთ მესიჯს თუ რა ეტაპები უნდა გაიაროთ ონლაინ, რომ ანგარიშზე დოლარი ჩაგერიცხოთ. ასეთი სერვისი აქამდე არ ყოფილა საქართველოში და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი მომსახურების მიღება არც რეგიონის და არც დსთ-ს ქვეყნებშია შესაძლებელი.

 

M: რა რისკების მატარებელია თქვენი ბიზნესი ? 

ფინანსური ბაზარი სწრაფად ვითარდება და ალტერნატიული პროდუქტების ან არსებულ მომსახურებაზე ფასების შემცირება გასაკვირი არ იქნება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კონკურენციაც.

M: გყავთ თუ არა კონკურენტები?

ჩვენი საიტის გახსნიდან დაახლოებით სამ კვირაში გაჩნდა შედარებით მცირე კონკურენტი, მაგრამ გვგონია, რომ მეტი გაჩნდება, რადგან იდეა კარგია. თუმცა ეს დადებითია იმ მხრივ, რომ მოსახლეობა დაიწყებს საბანკო ანგარიშების გახსნას და აღარ მოუწევს ფულის ჯიბით ტარება. ჩვენი კომპანია პირველ რიგში ქუჩის სავალუტო ჯიხურების კონკურენტი გახდება. ზოგადად კონკურენცია სტანდარტებს კიდევ უფრო აწევს ბაზარზე, რაც კარგია.

fxgeM: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ? 

მეტი კომფორტი და დაბალი საკომისიო გამო.

M: რამდენად დაინტერესებულია მომხმარებელი ? 

უკვე დარეგისტრირებულია რამდენიმე ასეული მომხმარებელი და რამდენიმე ათეული ტრანზაქცია ხდება ყოველდღე.

M: რა განსაზღვრავს ამგვარი პროდუქტის სანდოობას მომხმარებელში და მარკეტინგული აქტივობებისთვის რას მიმართავთ?

სანდოობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ამგვარ სფეროში განისაზღვრება დამფუძნებლების გამოცდილებით. FX -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მე, საბანკო სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილებით. მეორე დამფუძნებელი არის კომპანია eMoney, რომელიც ქართულ ბაზარზე დიდი ხანია მოღვაწეობს. ამავე დროს, საიტი ძალიან მარტივი საკონტროლებელია, ყველა ტრანზაქცია ხდება გამჭვირვალედ, საბანკო ანგარიშების გავლით. თეორიულად რა რისკიც შეიძლება არსებობდეს, ეს არის ის, რომ კურსის სწრაფი ცვლილების გამო, თანხა ვერ დახურდავდეს და მომხმარებელს იმავე ვალუტაში დაუბრუნდეს იმ რაოდენობით, რისი გაცვლაც უნდოდა და როგორც ჩარიცხა.

მომხმარებელთან კომუნიკაციაში დაგვეხმარა რამდენიმე ონლაინ გამოცემა. ჯერჯერობით,  საიტის სოციალური ქსელით გარეკლამებას მივმართავთ. სატელევიზიო რეკლამას ალბათ წლის ბოლოსკენ დავგეგმავთ.

ავტორი: მანანა ნოდია

“გადაჯექი ნამდვილ Jeep-ზე” – სიახლე ჯიპისა და ფიატის ცენტრში !

SOB.GE-ინტერნეტ საკანცელარიო მაღაზია “ბიბლუსისგან”