
G.ber ახალი კონცეფციის და ხედვის სტარტაპია, რომელიც ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვრის, გიორგი ბერიაშვილის ნახატების ხელმისაწვდომობასა და ყოველდღიურ, პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. გიორგის ნახატები იბეჭდება ქსოვილებზე, რომლებითაც იქმნება მაისურები, ჟილეტები, კაბები და ა.შ. ორი პერსონალური გამოფენის შემდეგ, გიორგი მესამე გამოფენისთვის ემზადება და დამთვალიერებლისთვის, საკუთარი ნახატების სუბლიმაციური ბეჭდვის შედეგად მიღებული ტანისამოსის წარდგენასაც გეგმავს. G.ber ორი თვის წინ, და-ძმა გიორგი და თაკო ბერიაშვილებმა და აჩი ოძელაშვილმა შექმნეს. სტარტაპის იდეაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი ბრენდის მენეჯერსა და დიზაინერს – თაკო ბერიაშვილს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ G.ber-ის შექმნის იდეა?
გიორგი 13 წლიდან ხატავს. ვინაიდან, ნახატები ძვირი ღირს და ძალიან მოსწონს ხალხს, გვინდოდა მომხმარებლისთვის ნახატების გამოყენების მარტივი და ხელმისაწვდომი გზა შეგვეთავაზებინა. გვინდოდა, ხელოვნების მოყვარულებს სიამოვნება მიეღოთ მათი ყოველდღიური მოხმარებისგან. 
M: როგორია ნახატის ქსოვილზე გადატანის, ტანისამოსის შექმნის პროცესი და ტექნიკა, ვინ წევს დიზაინერულ საქმიანობას?
MT-გრუპში მიგვაქვს ნახატები, ელექტრონული ფორმით, იქ არის ქსოვილი, რომელზეც სპეციალური დანადგარით იბეჭდება ნახატი. ეს ხდება სუბლიმაციური ბეჭდვის მეთოდით, რომელსაც კონკრეტული ნახატი ზუსტად გადააქვს ქსოვილზე. შემდეგ, ხდება შეკერვა, ჩვენი გემოვნებით, სტილის შექმნა. დიზაინერულ საქმიანობას მე ვწევ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე მკერავთან, რომლებიც საბოლოო სახეს აძლევენ ჩვენს პროდუქტს.
M: თქვენი ინფორმაციით, სხვა მხატვრები თუ იყენებენ საკუთარი შემოქმედების ამგვარ გავრცელების გზას? რა უპირატესობა გაქვთ სხვა ქართულ სტარტაპებთან მიმართებაში, რომლებიც მაისურებსა თუ სხვა ტანისამოსზე ბეჭდვით არიან დაკავებული?
საკმაოდ გავერკვიე ამ სფეროში და არ შემხვედრია მხატვრების, მსგავსი, ბიზნეს მიდგომა. საქართველოში, ბეჭდავენ სხვის ნახატებს, რომელიც ძალიან პოპულარული და ხელმისაწვდომია. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ თვითონ ნახატი, რომელსაც გიორგი ხატავს, იმდენად ძვირფასია, რომ ის პროდუქცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, პირდაპირ არის ხელოვნების ნიმუში.
M: რამდენი კოლექცია გქონდათ ამ ორი თვის მანძილზე და ექსკლუზიურია თუ არა მოდელები?
ჯერჯერობით ორჯერ დაიბეჭდა და გამზადდა ქსოვილები, ერთხელ დაბეჭდილ ნახატს აღარ ვიმეორებთ. იდენტური მოდელი, შეიძლება, მაქსიმუმ 3 ან 4 ეგზემპლარი იყოს. კონკრეტულად, თუ ვინმეს მოეწონება და ძალიან მოუნდება უკვე არსებული მოდელის შეძენა, შევუსრულებთ თხოვნას.
M: პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ და რა არის თქვენი პროდუქტის ფასი?
პროდუქციის რეალიზებისთვის სოციალური ქსელ facebook-ს ვიყენებთ. ასევე, ჩვენი ტანისამოსი წარმოდგენილია მაღაზია „კომოდში”. გვაქვს შემოთავაზება სხვა მაღაზიებისგანაც, მათ შორის ონლაინ მაღაზიებისგან. გარდა ამისა, ჩვენი კოლექცია ყაზახეთის მოდის კვირეულზე იყო წაღებული და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ფასს რაც შეეხება: ჟილეტები ღირს 140-დან 160 ლარამდე, გააჩნია ზომას. მაისურები, დაახლოებით, 100 ლარი, შარფები არის სხვადასხვა ზომის, გვაქვს 35-დან 120 ლარამდე.
M: რა სტრატეგია გაქვთ შემუშავებული G.ber-ის განვითარებისთვის?
ჯერჯერობით, ვაპირებთ გიორგის გამოფენაზე გავიტანოთ პროდუქცია. შემდეგ, გვინდა, რომ პატარა მაღაზია გავხსნათ. გვინდა, თბილისის მოდის კვირეულისთვის გაკეთდეს ხაზი, ეს რა თქმა უნდა სამომავლოა, თუმცა იდეაში გვაქვს.











